"უაღრესად მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია"

14:54 07-25-2017
112

პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის მხრიდან ოკუპაცია ძლიერდება, უაღრესად მნიშვნელოვანია აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია.

"მოგეხსენებათ, დღეს ასევე კენჭი ეყრება კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს რუსეთისადმი, მათ შორის საქართველოში განხორციელებული უკანონო ქმედებების გამო. პრეზიდენტი მიესალმება ამ ინიციატივებს და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში", - განაცხადა მიშველაძემ. 

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი და სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მრავალეროვან წვრთნებს – "ღირსეული პარტნიორი 2017", რომელიც საქართველოში 30 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

"წელს წვრთნებში NATO-ს 5 წევრი და 3 პარტნიორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები იღებენ მონაწილეობას, რომელთა შორისაა საქართველო. ეს წვრთნები მიზნად ისახავს პარტნიორებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და რეგიონში უსაფრთხოების გაძლიერებას. ასეთი მასშტაბური წვრთნების საქართველოში ჩატარება და მასში ქართული შეიარაღებული ძალების მონაწილეობა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს განსაკუთრებულ პარტნიორობას NATO-სთან, ასევე ქმნის საფუძველს ჩვენი ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლისთვის", - განაცხადა მიშველაძემ. 

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე