პრეზიდენტისთვის სამწუხაროა, რომ ლაშა თორდიამ ასე დაასრულა საკუთარი სამუშაო ვადა

15:04 07-25-2017
1141

პრეზიდენტის პრეს-სპიკერი ეკა მიშველაძე დრევანდელ ბრიფინგზე სახელმწიფო აუდიტის დასკვნას გამოეხმაურა.

"ჩვენ ყოველთვის ღია ვართ სახელმწიფო თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ანგარიში ყოველწლიურად ქვეყნდება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე, გარდა ამისა ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს კვარტლურ ანგარიშს.

ზოგადად, ჩვენ მივესალმებით ასეთ ინტერესს ამ საკითხის მიმართ, განსაკუთრებით საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან და მოხარული ვართ, რომ პარლამენტი ააქტიურებს თავის საზედამხედველო ფუნქციას, რისკენაც პრეზიდენტი მუდმივად მოუწოდებდათ. იმედი გვაქვს, რომ დეპუტატები ასეთივე დიდ ყურადღებას დაუთმობენ და დაინტერესდებიან სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების, სახელისუფლებო უწყებების, ფონდების თანხების ხარჯვის მიზნობრიობით,  ტენდერების გამჭვირვალობით და ამომწურავად გაეცემა პასუხი ყველა იმ შეკითხვას, რომელიც ამ თემებთან დაკავშირებით არსებობს მედიასა და საზოგადოებაში.

ასევე, მოგეხსენებათ დღეს სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის პოსტზე ლაშა თორდიას ბოლო სამუშაო დღეა. პრეზიდენტი მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და ძალიან სამწუხაროდ მიიჩნევს, რომ გენერალურმა აუდიტმა ისე დაასრულა საკუთარი სამუშაო ვადა, რომ მასზე თავდასხმის ფაქტი ჯერ კიდევ გამოუძიებელია. პრეზიდენტი კვლავ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, როგორცმაკონტროლებელ  ორგანოს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ამ საგამოძიებო პროცესსაც", - განაცხადა მიშველაძემ. 

 

 

 

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე