შსს: ,,საოკუპაციო ზონა არის მაღალი რისკის არეალი, სადაც მსგავსი ტიპის გადაადგილება საფრთხის შემცველია"

15:39 07-25-2017
174

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საზოგადოებრივი მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ ინიციატორებსა და ორგანიზატორებს შეხვდნენ, რომლებიც საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმანენტულ გადაადგილებას გეგმავენ.

”აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ზოლთან ინტენსიურად მუშაობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შსს-ს დანაყოფები, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და მონიტორინგის შესაბამისი ფუნქციებით არიან აღჭურვილნი. საყურადღებოა, რომ საოკუპაციო ზონა არის მაღალი რისკის არეალი, სადაც მსგავსი ტიპის გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საზოგადოებრივი მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ ინიციატივის განხორციელება. ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ამავდროულად, უფლებას ვიტოვებთ, ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად”, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.