პრეზიდენტის არგუმენტი არის არა მხოლოდ უსუსტესი, არამედ არანაირი ღირებულება არა აქვს - კობახიძე

16:32 07-26-2017
104

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ დოკუმენტის შინაარსი, რომელიც პრეზიდენტმა წარმოადგინა, რეალობასთან შეუსაბამოა.

ამის შესახებ კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ 2014 წელს პირადად იყო ჩართული პროცესებში, რომელიც დაკავშირებული იყო თვითმმართველი ერთეულების გაყოფასთან.

"დღესაც, უშუალოდ ვიყავი ჩართული წინასაწარ განხილვებში, რომელიც დაკავშირებული იყო თვითმმართველი ერთეულების გაერთიანებასთან. გარდა ამისა, ვიდრე პოლიტიკურ საქმიანობას დავიწყებდი, რვა წლის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ექსპერტი ვიყავი. შესაბამისად, მაქვს გარკვეული ცოდნა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე. ევროპის მასშტაბით არის პრეცედენტები, როცა ერთ თვითმმართველ ქალაქში გაერთიანებულია, როგორც ურბანული, ასევე არაურბანული დასახლებები და ურბანული განვითარების დაგეგმვა ისეთივე წარმატებით ხორციელდება, როგორც იმ ერთეულებში, სადაც თვითმმართველი ქალაქი ცალკეა წარმოდგენილი. შესაბამისად, პრეზიდენტის არგუმენტი არის არამხოლოდ უსუსტესი, არამედ არანაირი ღირებულება არა აქვს. ურბანული განვითარების დაგეგმვა ურბანული და არაურბანული დასახლებების ერთად ყოფნის პირობებში ისევე შესაძლებელი, როგორც სხვა პირობებში”, - განაცხადა კობახიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ არსებობს უამრავი დასკვნა, რომელთა გათვალისწინებით, გამსხვილების პირობებში ხარჯეფექტიანობა იზრდება, რაც კომუნალური მომსახურების ხარისხზე დადებითად აისახება. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე