რჩეულიშვილის თქმით, დაინტერესებული ინვესტორი კვირიკაშვილს შეხვდა

12:46 07-27-2017
189

"ცენტრ პოინტ მაგნოლიას" საქმეზე ბრალდებულ გურამ რჩეულიშვილის განცხადებით, ინვესტორი, რომელიც "ცენტრ პოინტის" დაუსრულებელი მშენებლობების დასრულებით არის დაინტერესებული, 1 კვირის წინ პრემიერმინისტრ კვირიკაშვილს შეხვდა. ამის შესახებ სასამართლო პროცესის დაწყებამდე გურამ რჩეულიშვილმა განაცხადა, ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

გურამ რჩეულიშვილის თქმით, ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრსაც შეხვდნენ, შეხვედრას "ცენტრ პოინტის" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამასთან, რჩეულიშვილის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესში პროკურატურაც არის ჩართული. 

მისი განცხადებით, ამ პროცესის საბოლოო მიზანია, რომ ინვესტორებთან მოხდეს შეთანხმება და შედეგად პატიმრობაში მყოფი მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი გათავისუფლდნენ. 

პროკურორი დავით გუმბერიძე ინვესტორებთან მოლაპარაკებების პროცესში ბრალდების მხარე მონაწილეობას უარყოფს. მისი თქმით, პროკურატურა საქმეზე ბრალდებულ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის პატიმრობის შეცვლის პროცედურებს მას შემდეგ დაიწყებს, რაც დაზარალებული მენაშენეები დაკმაყოფილდებიან. 

რაც შეეხება სასამართლოში დღეს მიმდინარე პროცესს, მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდებულ გურამ რჩეულიშვილის და ადვოკატის მოთხოვნა პროცესები სექტემბრის თვეში გადაიდოს. რადგან მათი განცხადებით, ამ პერიოდში მოწმეების პროცესზე მიყვანა ხშირ შემთხვევაში ვერ ხერხდება. ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებას დაზარალებული მენაშენეების უკმაყოფილება მოყვა, ისინი ფიქრობენ, რომ პროცესები ჭიანურდება.

მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-4-წლიანი პატიმრობა 31 მარტს მიუსაჯა. პროკურატურა "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს თაღლითობას და თანხების მითვისებას ედავებოდა.

გურამ რჩეულიშვილი 30 000-ლარიანი გირაოთი 6 აპრილს გაათავისუფლეს.  

ავტორი: ლილუ მიროტაძე