"ქართული ოცნების" კვლევაში მერობის კანდიდატების რეიტინგები NDI-ს კვლევებისგან განსხვავებულია"

15:58 07-27-2017
904

ექსპერი ზურაბ ბიგვავა აცხადებს, რომ NDI-ს კვლევებში თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგებზე ცოტა ეჭვი ეპარება.

ამის შესახებ ექსპერტმა "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა და განაცხადა, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ "ქართულმა ოცნებამ" დაკვეთით ჩაატარა შიდა კვლევები, სადაც რეიტინგები განსხვავებულად გამოიყურება.

"მერობის კანდიდატების მიმართ ნდობის რეიტინგი იყო დათვლილი "ქართული ოცნების" კვლევაში. უდუმაშვილი უსწრებდა ელისაშვილსაც და ხოშტარიასაც, რომლებსაც დაახლოებით ერთნაირი რეიტინგი ჰქონდათ. მათ რეიტინგთან შედარებით, კახას საკმაოდ დიდი რეიტინგი ჰქონდა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" არ ვიცი რა კრიტერიუმებით შეაფასა აღნიშნული კვლევა მისთვის დადებითად, მაგრამ ადამიანთა დიდი კატეგორია, რომელიც არ არის ჯერ ჩამოყალიბებული, ვის მისცემს არჩევნებში ხმას, დიდი ალბათობით, წამოვა "ქართული ოცნების" მხარეს და კალაძეს მისცემენ ხმას. ვარაუდი, რომ გაჭირვებული სიტუაცია ექნება "ქართულ ოცნებას", გადაჭარბებულად მიმაჩნია. ვფიქრობ, რომ კალაძეს დიდი შანსი აქვს, პირველ ტურში გაიმარჯვოს არჩევნებში", - აღნიშნა ექსპერტმა.

კითხვაზე, ხომ არ იგეგმება ამ კვლევის გასაჯაროება, ბიგვავამ განაცხადა, რომ ეს მონაცემები პარტიამ სათავისოდ გააკეთა და სავარაუდოდ, ის საზოგადოებისთვის საჯარო არ გახდება.

"ეს კვლევა რომ გამოქვეყნდეს, იტყვიან, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისთვის გაიკეთაო და დადებითი შედეგები მიიწერაო. დასაფარი არაფერი არ არის. უფრო მეტსაც გეტყვით, დიდი განსხვავება არაა ჩვენსა და NDI-ს კვლევებს შორის", -განაცხადა ბიგვავამ.

რაც შეეხება იმ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 21% "ნაციონალური მოძრაობას", ხოლო 14% "ქართულ ოცნებას" არასდროს მისცემდა ხმას, ექსპერტი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" ოპოზიცია სწორედ ის 14%-ია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეა.

"ალბათ არის ხალხი, ვინც არასდროს მისცემს ხმას "ნაციონალურ მოძრაობას", თუმცა მგონია, რომ მათი რაოდენობა გაცილებით მეტი უნდა იყოს", - აცხადებს ექსპერტი.
 

ავტორი: ლილუ მიროტაძე