ავტორი:მირიან ბოქოლიშვილი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა ლაშა თორდიამ თანამდებობა დატოვა. მას 5-წლიანი უფლებამოსილების ვადა გასულ კვირას ამოეწურა. თორდია აუდიტის სამსახურში 2012 წლის 25 ივლისს, საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაინიშნა. მანამდე 2008-2012 წლებში გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, მათ შორის ხელმძღვანელობდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა ქონებით დატოვა პოსტი გენერალურმა აუდიტორმა? როგორია იმ ადამიანის ფინანსური მდგომარეობა, რომელიც წლების განმავლობაში სხვების ფინანსური შემოსავლების კანონიერებას
სწავლობდა? ამ მიზნით, საჯარო რეესტრის მონაცემები ლაშა თორდიას ფინანსურ დეკლარაციას შევადარეთ. გაირკვა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში თორდიას ოჯახის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
აუდიტის სამსახურში ლაშა თორდიას მოღვაწეობა არაერთ პოლიტიკურ სკანდალს უკავშირდება.
2012 წელს ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნა წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. ეს ის დროა, როდესაც აუდიტის სამსახური სისტემატურად აჯარიმებდა იმ დროს ოპოზიციაში მყოფ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიებსა თუ ფიზიკურ პირებს.
ბოლო სკანდალი, რომელიც ლაშა თორდიას სახელს დაუკავშირდა, კლუბ „ელ ცენტროში“ მომხდარი ინციდენტია, როდესაც გენერალურ აუდიტორსა და ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, თუმცა მალევე თორდიას ირგვლივ კიდევ ერთი სკანდალი აგორდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გენერალური აუდიტორი ერთ-ერთ ბარში მყოფ პირს იარაღით ემუქრებოდა.
საერთო ჯამში, საზოგადოებაში ლაშა თორდიას მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულება არსებობს: ერთი ნაწილი ამბობს, რომ ის კვლავ ყოფილი თანაგუნდელების, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ არის, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ლაშა თორდია „პორტირებულთა“ იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ გავლენის სფეროში მოექცა. ასეა თუ ისე, აუდიტის სამსახურში ლშა თორდიას 5-წლიანი საქმიანობა დასრულდა და როგორც ჩანს, საკმაოდ სარფიანადაც.
2014 წლამდე შევსებული დეკლარაციებით, ლაშა თორდიას ოჯახს საკუთრებაში არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ უფიქსირდება. 2014 წლიდან კი თორდიას მფლობელობაში საკმაოდ მსხვილი შენაძენი ჩნდება.
ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „არქი თაუერში“ 165 კვ.მ ბინისა და 17 კვ.მ ავტოსადგომის შეძენა ლაშა თორდიას დაახლოებით 300 ათასი ლარი უჯდება.
დეკლარაციით ირკვევა, რომ თორდიას ძვირად ღირებული ბინის შესაძენად იპოთეკური სესხი აქვს აღებული. აქვე საგულისხმოა, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ლაშა თორდიას წლიური ანაზღაურება 72 108 ლარი გახლდათ, მისი მეუღლე მაია ირემაშვილი კი, რომელიც ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტია, ხელფასის სახით წელიწადში 21 600 ლარს იღებს.
2016 წელს ლაშა თორდიას ოჯახის საკუთრებაში კიდევ ერთი ძვირად ღირებული ქონება მოექცა. თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაახლოებით ნახევარ მილიონ ლარად შეფასებული სახლი (სხვენითა და სარდაფით) 2016 წლამდე ოფიციალურად ლაშა თორდიას სიდედრის, მარინა ასათიანის სახელზე იყო რეგისტრირებული. საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ ასათიანმა აღნიშნული ქონება 2007 წლის 31 აგვისტოს დაირეგისტრირა.
ეს ის პერიოდია, როდესაც ლაშა თორდია იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის იურისტი გახლდათ.
ამავე უწყებაში იყო დასაქმებული მისი მეუღლე მაია ირემაშვილი მინისტრის მოადგილის თანაშემწის თანამდებობაზე. 2016 წელს მარინა ასათიანმა რუსთაველის გამზირზე მდებარე უძრავი ქონება (149 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, 140 კვ.მ სხვენი და 5 კვ.მ სარდაფი) საკუთარ ქალიშვილს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა. ამრიგად, 2014-2016 წლებში ლაშა თორდიას ოჯახის ქონება, მინიმუმ, 800 000 ლარით გაიზარდა.
ვინ არის ლაშა თორდიას სიდედრი, რომლის სახელზეც საჯარო რეესტრში კიდევ არაერთი ძვირად ღირებული ქონება ფიქსირდება? როგორც ირკვევა, მარინა ასათიანი საქართველოს პარლამენტის საკადრო დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
რუსთაველის გამზირზე სიძისთვის ნაჩუქარი ბინის გარდა, მის სახელზე კიდევ არაერთი ძვირად ღირებული ქონებაა რეგისტრირებული. კერძოდ, მარინა ასათიანი ფლობს ორ ბინას თბილისში კრწანისის ქუჩაზე 97 კვ.მ-ისა და 111 კვ.მ-ის მოცულობით.
ამავე მისამართზე ასათიანის საკუთრებაშია 71 კვ.მ მოცულობის არასაცხოვრებელი ფართი. გარდა ამისა, მარინა ასათიანის სახელზეა რეგისტრირებული აგარაკი დაბა კოჯორში 200 კვ.მ საცხოვრებელი ფართითა და 2700 კვ.მ მიწის ნაკვეთით. მარინა ასათიანს ოჯახის წევრის გრაფაში დაფიქსირებული ჰყავს მხოლოდ მეუღლე მალხაზ ირემაშვილი.
მართალია, უშუალოდ ლაშა თორდია არანაირ სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევა, მაგრამ საკმაოდ წარმატებული ბიზნესი აქვს მის სიმამრს.
მალხაზ ირემაშვილი კვების მრეწველობაში ოპერირებს. ის გახლავთ შპს „კვებსერვისის“ 45-პროცენტიანი წილის მფლობელი. კომპანიაში მისი პარტნიორები არიან: ნოდარ მრევლიშვილი (25 პროცენტი), დავით გასიტაშვილი (20 პროცენტი) და გიორგი ჯინჭარაძე (10 პროცენტი).
იგივე პირები ინაწილებენ წილებს შპს „Cake Boss“-შიც, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მზა კერძების, კულინარიული ნაწარმისა და ნახევარფაბრიკატების წარმოება. ასევე, მაღაზიებისა და სადისტრიბუციო ქსელების მოწყობა.
უშუალოდ ლაშა თორდიას სახელი არცერთ ბიზნესში არ ფიქსირდება, თუმცა მისი მეუღლე მაია ირემაშვილი გახლავთ შპს „ქართულ-ევროპული სასწავლო ცენტრის“ პარტნიორი.
კომპანიის სახელწოდებიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ საუბარია რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, თუმცა საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ „ქართულ-ევროპული სასწავლო ცენტრის“ საქმიანობის სფეროს უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების დასაქმება წარმოადგენს.
გამოითქვა ვარაუდი, რომ აუდიტის სამსახურის აწ უკვე ყოფილი უფროსი კვლავ პოლიტიკას დაბრუნებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია თავად ლაშა თორდიამ გამორიცხა.
როგორც თორდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას უახლოეს ხანში პოლიტიკური გეგმები არ აქვს. მისი თქმით, როდესაც გენერალური აუდიტორი პოსტის დატოვების შემდეგ პოლიტიკაში მიდის, ცუდად აისახება აუდიტის სამსახურის საქმიანობაზე.
„აგვისტოში მთლიანად დავისვენებ. მაქვს შემოთავაზებები და აგვისტოში მივიღებ გადაწყვეტილებას, სად გავაგრძელებ საქმიანობას. პოლიტიკას გამოვრიცხავ, რადგან მინდა შეიქმნას პრეცედენტი, რომ გენერალური აუდიტორები პირდაპირ პოლიტიკაში არ მიდიოდნენ, რადგან ეს ძალიან ცუდად აისახება აუდიტის სამსახურის ფუნქციონირებაზე და ეს არაერთხელ აქვთ დაფიქსირებული საერთაშორისო ორგანიზაციებს სხვადასხვა დასკვნაში“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.
ლაშა თორდიას შემცვლელის დასახელება პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა. „საზოგადოებრივის“ ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, ირაკლი კობახიძემ ახალი გენერალური აუდიტორი მიმდინარე თვის ბოლომდე დაასახელოს და დეპუტატები კანდიდატურის პოსტზე დასამტკიცებლად რიგგარეშე სხდომების ფორმატში შეიკრიბონ.
მანამდე კი გენერალური აუდიტორის მოვალეობის შესრულება თორდიას პირველ მოადგილეს, ნინო ლომჯარიას მოუწევს.
ვის წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარე აუდიტის სამსახურის ახალ უფროსად, ეს, სავარაუდოდ, დახურული კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება. იმთავითვე გამოირიცხა მედიაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, გენერალური აუდიტორის პოსტზე დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ვიხილოთ.
ეს ინფორმაცია თავად ზარდიაშვილმა კატეგორიულად უარყო. ასევე, ოფიციალურად არ დასტურდება ინფორმაცია ამ პოსტზე დედაქალაქის მოქმედი მერის, დავით ნარმანიას წარდგენის შესახებ. თავად ლაშა თორდია მისი შემცვლელის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა მომავალ გენერალურ აუდიტორს ურჩევს, რომ დამოუკიდებლობა, ობიექტურობა შეინარჩუნოს და ყველას მისამართით სამართლიანი იყოს.
თორდია საკუთარ საქმიანობაზეც ამახვილებს ყურადღებას და თავის ხუთწლიან მუშაობას ნაყოფიერს უწოდებს.
„მიმაჩნია, რომ განვლილმა ხუთმა წელმა ძალიან პროდუქტიულად ჩაიარა და აუდიტის სამსახურის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქმიანობის ფარგლებში, ყველა მეთოდოლოგია დავხვეწეთ და საერთაშორისო სტანდარტებთან მივიყვანეთ. გერმანიისა და პოლონეთის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებთან დაძმობილების პროექტი განვახორციელეთ, ასევე, აღიარება მივიპოვეთ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს მძიმე გამოცდილება გვქონდა, პოლიტიკური დაფინანსებისა და მონიტორინგის სამსახურმა მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა“, – აღნიშნა თორდიამ.
გენერალური აუდიტორის შეფასებით, დღეს აუდიტის სამსახურის დასკვნები იმ სტანდარტის არის, როგორიც ევროპის წამყვან აუდიტორულ ორგანიზაციებშია.
„მიმაჩნია, რომ ხუთწლიანი მუშაობა ძალიან ნაყოფიერი იყო. ყველა თანამშრომელი მოწადინებული იყო, რომ თავისი საქმე დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და სამართლიანად განეხორციელებინა. ამ სამსახურის მთავარი გამოწვევა დამოუკიდებლობაა ყველა პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან.
ეს პრინციპები უზრუნველყოფილი უნდა იყოს, რომ ამ სამსახურის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა იყოს, მათ შორის პარლამენტის მხრიდან... მომავალ გენერალურ აუდიტორს ვურჩევდი, რომ დამოუკიდებლობა, ობიექტურობა შეინარჩუნოს და ყველას მისამართით სამართლიანი იყოს.
პირადად მე, დამოუკიდებლობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით პრობლემები არ მქონია და ვინმეს ზეგავლენის ქვეშ არ ვყოფილვარ, რის გამოც, ამ სამსახურის მისამართით ამხელა საზოგადოებრივი ინტერესია. კერძოდ, იმ დასკვნების მისამართით, რომელსაც ვაქვეყნებთ და ვმუშაობთ.
ყველა იმ შენიშვნასა და პრობლემურ საკითხებზე ობიექტურად ვწერთ, რასაც ცალკეულ უწყებებში ვაწყდებით. ზუსტად დამოუკიდებლობა განაპირობებს საზოგადოების ნდობასაც და ინტერესსაც“, – დასძენს თორდია.