ავტორი: სალომე ჩადუნელი
NDI-ს ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა (73%) მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ არის. საზოგადოების განწყობას კონკრეტული ფაქტებიც ემატება. ბოლო ერთ კვირაში მშენებლობაზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო ორი მუშა გარდაიცვალა და 5 დაშავდა. მათი მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. საზოგადოება უკვე შეთანხმდა, რომ დამსაქმებელი ვალდებულია, დაიცვას დამსაქმებლის შრომის უსაფრთხოება, პასუხი აგოს დარღვევებზე. ბიზნესიც თანხმდება, რომ შრომის ინსპექცია უნდა არსებობდეს, თუმცა სახელმწიფო, რომელმაც საზოგადოებას უნდა უპასუხოს, როგორც ყოველთვის, აგვიანებს.
არასამთავრობო სექტორი 2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი შეიქმნა, საუბრობს ხარვეზებზე, რაც ხელს უშლის ორგანოს ეფექტურ ფუნქციონირებას, მაშ შორისაა სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის ნებართვის გარეშე შესვლა, გაცემული რეკომენდაციების აღსრულების ვალდებულება და საჯაროობა. თუმცა ცვლილებები მანამ არ დაიწყო, სანამ ტრაგედია არ დატრიალდა. ვგულისხმობ, ტყიბულის შახტაში დაღუპულ მუშებს. ფაქტს პროტესტი და დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შედეგად კი, 5 ივნისს პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი დარეგისტრირდა. ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.
კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირების უფლებები და პასუხისმგებლობები, გაუმჯობესდება სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ორგანიზება, მოხდება უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების პრევენცია. კანონპროექტის მიხედვით, გაიწერება შრომის უსაფრთხოების ერთიანი სტანდარტი ყველა ბიზნესოპერატორისთვის, გაიმიჯნება და განისაზღვრება დასაქმებულისა და დამსაქმებლის ურთიერთობები და გაიზრდება შრომის ინსპექტორების უფლებამოსილებები.
ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის ელზა ჯგერენაიას განმარტებით, თუ აქამდე ინსპექტორებს საწარმოს შემოწმება ბიზნესოპერატორის ნებართვის გარეშე შეეძლოთ, ახლა ინსპექტორები, შერჩევითი კონტროლის საფუძველზე, დასაქმების ადგილზე ნებართვის გარეშე შევლენ.
ელზა ჯგერენაია, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი: „ეს კანონი შრომის ინსპექტორებს ანიჭებს მანდატს, ყოველგვარი გაფრთხილებისა და წინასწარი შეტყობინების გარეშე, შერჩევითი კონტროლის საფუძველზე შევიდნენ დასაქმების ადგილზე. ამ კანონით შემოდის ცნება შერჩევითი კონტროლი, რაც გულისხმობს, რომ წლიურად გაიწერება იმ კომპანიათა ნუსხა, რომელიც შემოწმებდა, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებს არ ექნებათ ინფორმაცია ამის შესახებ. რაც შეეხება საწარმოში განმეორებით შესვლას, მსჯელობის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, მიღებული გაფრთხილების საფუძველზე გონივრულ ვადაში გადამოწმდეს, რამდენად იყო გათვალისწინებული გაფრთხილების შედეგად მიღებული რეკომენდაციები და შემდეგ უკვე უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) იურისტის ლელა გვიშიანის თქმით, კანონპროექტს ბევრი ხარვეზი აქვს და მათ შორის ერთ-ერთია ინსპექტირების განხორციელებისთვის სასამართლოს ნებართვის აუცილებლობა .
ლელა გვიშიანი, EMC-ს იურისტი: „კანონი ამბობს, რომ ამ სფეროებში ინსპექტირების განხორციელებისთვის ორგანოს დასჭირდება სასამართლოს ნებართვა, რაც პრობლემურია. ჩვენს რეალობაში და სამართლებრივ სივრცეში საზედამხედველო ორგანოები წინასასამართლო კონტროლს არ ექვემდებარებიან და ეს დამატებითი ბერკეტი იქნება, რომელიც დააყოვნებს ეფექტურ რეაგირებას. ასეთი დაბრკოლება და, ასევე, შემოწმების ლიმიტირება, მაგალითად, წელიწადში ერთხელ შერჩევითი კონტროლი, ეწინააღმდეგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს და შეუსაბამობაში მოდის სამართლებრივ ლოგიკასთან, რაც ეროვნულ კანონმდებლობაში გვაქვს და ამასთანავე, ძალიან დიდი და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ეს გამოიწვევს სასამართლოების გადატვირთულობას“.
„პრაიმტაიმმა“ ინსპექტირებისთვის სასამართლოს ნებართვის ნაწილი ელზა ჯგერენაიასთან გადავამოწმეთ, რომელიც გვარწმუნებს, რომ შენიშვნები გათვალისწინებულია და ამ კანონპროექტის გარდამტეხი ცვლილება ის არის, რომ შემოწმების არც ერთ ეტაპზე სასამართლოს ნებართვა საჭირო არ იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ კანონი დასაქმებულების უფლებების დაცვის მიმართულებით ნამდვილად პოზიტიური ძვრაა, არასამთავრობოებს შენიშვნები მაინც აქვთ. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) კანონის გავრცელების მანდატს აკრიტიკებს
კანონპროექტის მოქმედება ვრცელდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
ლელა გვიშიანი, EMC-ის იურისტი: „კანონპროექტი ამ კანონის მოქმედების ვიწრო სფეროს გვთავაზობს და, პრინციპში, კონკრეტულ დასაქმებულებს შრომის უსაფრთხოების დაცვის სფეროდან გამორიცხავს. ამ კანონის მიხედვით, შრომის უსაფრთხოება კონკრეტულ სფეროში დასაქმებულების უფლებაა და არა ყველა დასაქმებულის. ჩვენ ვამბობდით, რომ უსაფრთხო სამუშაო გარემო ყველა დასაქმების ადგილზე უნდა ვრცელდებოდეს“.
ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციით, ცვლილების პირველ ეტაპზე მთავარი მიზანი იყო სიცოცხლისთვის რისკის შემცველ ადგილებზე უსაფრთხოების ნორმების ეფექტური კონტროლი.
ელზა ჯგერენაია, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი: „ვინაიდან დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლეა და არა რომელი ბიზნესპროექტიდან მიღებული სარგებელი, პირველ ეტაპზე ისეთ კომპანიებსა და ისეთ სამუშაოებზე უნდა განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, სადაც რისკი მაღალია. ჩვენ რამდენიმე სექტორი გამოვყავით, ეს არის სამშენებლო, მეტალურგიის, სამთო-ბიოლოგიური, ნავთობისა და გაზის მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა, ელექტროენერგეტიკა, ქიმიური მრეწველობა, ლითონწარმოება, რადიაციული და ა.შ.“
შრომის ინსპექტირების არსებული კანონით, ინსპექტორების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება ბიზნესოპერატორისთვის სავალდებულო არ არის. ახალ კანონპროექტში კი დარღვევებზე სხვადასხვა ტიპის რეაგირებაა გათვალისწინებული. პირველ ეტაპზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დეტალურად გაიწერება დარღვევების სია, რომლის გადაცდომის შემთხვევაშიც ინსპექტორს აქვს უფლება, პირველ ეტაპზე მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლოს, შემდეგ ჯარიმით და ბოლოს საწარმოო პროცესის შეჩერებით.
EMC-ს იურისტის, ლელა გვიშიანის თქმით, პოზიტიური ნაბიჯია კანონში რეაგირების მექანიზმების ჩადება, თუმცა ცალკე საკითხია, რამდენად ეფექტურია ეს მექანიზმები: „დასაქმების ადგილზე ინსპექტირების ორგანომ, როგორი დარღვევაც არ უნდა აღმოაჩინოს, პირველი რეაგირების მექანიზმი, რაც გააჩნია, არის ის, რომ მისცეს გაფრთხილება ან დააჯარიმოს 50 ლარის ოდენობით. ეფექტურობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაისვა და ჩვენ მივიღეთ დაპირება, რომ მოხდებოდა ადმინისტრაციული სახდელების დიფერენცირება, ასევე, გაიწერებოდა და შემუშავდებოდა მეთოდოლოგია, რომელიც დარღვევაზე ადეკვატურ სახდელს განსაზღვრავდა, რომელიც დამრღვევისთვის პროპორციული იქნებოდა“.
კანონპროექტის მიხედვით, ინსპექტორებს მხოლოდ ერთ შემთხვევაში ექნებათ საწარმოო პროცესის, გაფრთხილებისა და ჯარიმის გარეშე, პირდაპირ შეჩერების უფლება – როდესაც შემოწმების დროს კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდება.
ელზა ჯგერენაია, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი: „კრიტიკული შეუსაბამობის შემთხვევაში ინსპექციის მანდატის გაძლიერება გულისხმობს, რომ გარდა 50 000-ლარიანი ჯარიმისა, შეჩერდება კონკრეტული საქმიანობა კონკრეტული უბანზე, მანამ სანამ პრობლემა არ აღმოიფხვრება. მეორე მოსმენისთვის ამ მოსაზრებებით და წინადადებებით იქნება წარმოდგენილი კანონპროექტი“.
ცვლილებების პარალელურად ცალკე პრობლემაა ბიზნესსექტორი, რომელიც, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება დამატებით ბერკეტებს და ამასთანავე, არაინფორმირებულია იმ რეგულაციების შესახებ, რომელიც რეგულირების სფეროში მოქმედებს. ელზა ჯგერენაიას განმარტებით, ეს არ არის დაბრკოლება კანონპროექტისთვის და ბიზნესისთვის. მისი თქმით, სახელმწიფო ბიზნესსექტორს თავისი რესურსებით მიაწვდის ინფორმაციას არსებული კანონების ახალი რეგულაციების შესახებ.
შრომის უსაფრთხოების კანონი, სავარაუდოდ, 2017 წლის შემოდგომიდან ამოქმედდება. იქამდე კი, შრომის ინსპექციას არ გააჩნია ბერკეტი, პასუხი აგებინოს ბიზნესოპერატორს, რომელმაც უსაფრთხოების ნორმები არ დაიცვა და, მაგალითად, წერეთელზე მუშის სიცოცხლე იმსხვერპლა.
კითხვაზე: რა რეაგირება მოჰყვა ფაქტს, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტში გვპასუხობენ, რომ ჯერ რეაგირების ბერკეტი არ გააჩნიათ. „რეაგირებას ახალი კანონი უზრუნველყოფს“, – აცხადებენ სამინისტროში.
ჯარიმების საკითხი კი, სხვა თემებთან ერთად, EMC-ს მიერ მომზადებულ სამართლებრივ შეფასებაში ხვდება, როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ხარვეზი.
მანამ სანამ კანონი ძალაში არ შევა და არ დაიხვეწება, რთულია ითქვას, შრომის ინსპექცია ქმედითი გახდება თუ ისევ ფასადური დარჩება. ამჟამად მხოლოდ ის ვიცით, რომ კანონპროექტის მანდატი არ ვრცელდება ყველა სამუშაო ადგილზე და მხოლოდ მძიმე, მავნე და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ სამუშაოს მოიცავს, ბიზნესოპერატორებს გაფრთხილების გარეშე გეგმური შემოწმების დროს მხოლოდ წელიწადში ერთხელ ამოწმებს. დარღვევის შემთხვევაში გასცემს სანქციებს შემდეგი თანმიმდევრობით: გაფრთხილება, ჯარიმა, საწარმოო პროცესის შეჩერება, ამზადებს ყოველწლიურ ანგარიშებს... კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სანქციების მექანიზმის ეფექტურობა, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის დეფინიციაც ბუნდოვანია. თუმცა უსამართლობა იქნება, არ ითქვას, რომ არსებულის ფონზე ცვლილებები ნამდვილად პოზიტიურია.
P.S. იმ რამდენიმე საათში, როცა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და გადადგმულ ნაბიჯებზე მასალას ვამზადებდი, მშენებლობაზე გვირაბის ჩამონგრევის დროს კიდევ ორი მუშა დაშავდა.