ე.წ. ციანიდის საქმეზე ხვალ ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება

23:04 07-31-2017
133

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება, რომელსაც კორტეპის სპეცოპერაციის საქმეზე საქმეზე სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია გამორიცხავს იმის ალბათობას, რომ ფირცხალავას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე აგენტია, სიმართლეს არ შეესაბამებოდეს.

ადვოკატის განცხადებით, ფირცხალავა სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობდა და კარგად იცის, რომ არასწორი ინფორმაციის გაჟღერების შემთხვევაში მას სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. 

ირაკლი ფირცხალავამ ე.წ. მატროსოვის ციხიდან წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც დეკანოზის საქმის პროკურატურის მთავარ მოწმეს ირაკლი მამალაძეს უსაფრთხოების სამსახურის აგენტად მოიხსენიებს.

გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც ილია მეორეს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა.

21 ივნისს სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა კორტების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი რომლითაც მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით, ორაკლი ფირცხალავას 12, ხოლო მკვლელობის ბრალდებით, გიორგი ცააძეს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე