დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები საქმის პროკურორ ზვიად გუბელაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროვებაში ადანაშაულებენ. საუბარია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას განცხადებაზე, სადაც ის დეკანოზის საქმის მთავარ მოწმეს, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს აგენტს უწოდებს.
პროკურორმა გუბელაძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ფირცხალავას განცხადება ტყუილია და ოფიციალური ინფორმაციით ირაკლი მამალაძე არასოდეს ყოფილა სუს-ის ოფიციალური, ან არაოფიციალური თანამშრომელი.
დეკანოზის ადვოკატებმა განმარტეს, რომ სუს-იდან გამოთხოვილ ინფორმაციას გრიფით საიდუმლო ედო და ბრალდებულის ყველა ადვოკატს ხელწერილი დააწერინეს გაუთქმელობასთან დაკავშირებით. გიორგი ფანცულაიას თქმით, საიდუმლო დოკუმენტის გასაჯაროვება სისხლის სამართლის დანაშაულია. ის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.
დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ დღეს ახალი მტკიცებულების დართვა მოითხოვა. საუბარია შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას საჯარო განცხადების შემდეგ დაწყებულ გამოძიების დასკვნაზე. საქმის პროკურორის, ზვიად გუბელაძის თქმით, გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე არც ახლა და არც არასოდეს ყოფილა ფარული თანამშრომელი.
მოსამართლემ ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სუს-იდან გამოთხოვილი დოკუმენტი საქმეს დაურთო.