ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოს კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს წერილით უპასუხა. აღნიშნულ წერილს პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.
„როგორც მე ადრე აღვნიშნე, ვენეციის კომისია დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის მეშვეობით უნდა გამოიძებნოს, რისი მიზანიც ყველაზე ფართო კონსენსუსის მიღწევა უნდა იყოს“, - ნათქვამია ჯანი ბუკიკიოს წერილში.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის როლი არ არის გადაწყვეტილების შეთავაზება.
„თუ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს სურთ შეხვედრა შესაძლო კომპრომისის განსახილველად, ვენეციის კომისია მზად არის ხელი შეუწყოს ამგვარ დისკუსიებს“, - ამბობს თავის წერილში ჯანი ბუკიკიო.
ის ასევე აცხადებს, რომ მას შეუძლია შესთავაზოს ერთდღიანი შეხვედრის ორგანიზება სტრასბურგში, ამა წლის 6 სექტემბერს, სადაც ერთმანეთს მმართველი კოალიციისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვდებიან.
„მოგიწოდებთ თქვენ და საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ, რათა კონსტრუქტიული კომპრომისი გამოძებნოთ“, - დასძინა ბუკიკიომ.
ჯანი ბუკიკიო ოპოზიციას და მმართველ პარტიას 6 სექტემბერს სტრასბურგში შეხვედრას სთავაზობს
