რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენლისთვის, ზურაბ აბაშიძისთვის 8 აგვისტოს დე ფაქტო აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაგეგმილი ვიზიტი მოულოდნელი აღმოჩნდა.
როგორც აბაშიძემ "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა, პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი უხეშად არღვევს სართაშორისო სამართლის პრინციპებს.
"პრეზიდენტ პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი აფხაზეთში, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპებს. საქართველო არასდროს შეეგუება აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციას. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა, რაც დასტურდება არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეული საგარეო კურსის რეალური მიღწევებით. ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერის მორიგი ნათლეი მაგალითი გახლავთ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი და ამ ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებები", - განაცხადა აბაშიძემ.
მისი თქმით, რუსეთი სულ უფრო მეტ საფასურს იხდის, კერძოდ, საქართველოში თავისი აგრესიული პოლიტიკისათვის, რაც გამოხატულებას ჰპოვებს იმ მკაცრ სანქციებში, რაც უკვე დაუწესდა მოსკოვს და კიდევ დაუწესდება.
"პრინციპული, კონსტრუქციული და მტკიცე პოლიტიკით, ჩვენ შევძლებთ ამ სირთულეების გადალახვას და ქვეყნის მშვიდობიანი გზით გაერთიანებას", - განაცხადა აბაშიძემ.
კითხვაზე, რამდენად იზიარებს ექსპერტების შეფასებას, რომლებიც პუტინის ვიზიტს საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტს უკავშირებენ, აბაშიძემ აღნიშნა, რომ
"არ დავიწყებ ახლა ამის კომენტირებას. რაღაცა რაღაცას ყოველთვის ემთხვევა ხოლმე. შეიძლება ამას უკავშირდებოდეს, შეიძლება არა, ვერ გეტყვით", - განაცხადა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას РБК ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მათ ამის შესახებ რუსეთისა და აფხაზეთის მხარეების წარმომადგენლებმა აცნობეს. ხანმოკლე ვიზიტის ფარგლებში პუტინი დე ფაქტო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდება.