,,ქართული ოცნების" ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს მოკავშირე სჭირდება და რუსეთი მოკავშირედ ნამდვილად არ გამოდგება. დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სწორი გზა აირჩია და ამ პოლიტიკას ძლიერი მოკავშირის გარეშე ვერ განახორციელებს.
,,ვინმესთან საკეკლუცოდ არ არის ჩამოყალიბებული ჩვენი საგარეო დიპლომატია ან ევროპული კურსი. ის, რომ რუსეთთან შემჭიდროვებულ ფორმატში წარმომადგენლების საშუალებით მიმდინარეობს მოლაპარაკება და ის, რომ ჟენევაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები უფრო ფართოდ, ეს ჩვენი პოლიტიკიდან არ უნდა ამოვარდეს. ჩვენ სწორად შევარჩიეთ ჩვენი სტრატეგიული მიმართულება, ჩვენ ვართ რთულ მდგომარეობაში, ჯერჯერობით ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა სწორად მიმდინარეობს, მაგრამ ძლიერი მოკავშირეების გარეშე ჩვენ ამას ვერ განვახორციელებთ. აშშ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა და ეს უნდა გამოიყენოს საქართველომ, აშშ-სთვისაც არ არის საქართველო უმნიშვნელო პარტნიორი", - განაცხადა გია ვოლსკიმ ვახო სანაიას დღის ამბებში.
მისი თქმით, მსოფლიო დონის დაპირისპირებაში საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი სეგმენტი მოდის.
,, რუსეთის დიდი გეგმის ნაწილი შეიძლება იყოს პროვოკაცია და ყველა ის ფაქტორი რაც მე დავასახელე. აქ არის მსოფლიო დონის დაპირისპირება და ამ დაპირისპირების სერიოზული სეგმენტი საქართველოს ტერიტორიაზე გადის.