ექსპერტ ნიკა ლალიაშვილის განცხადებით, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტმა საქართველოში წერტილი დაუსვა ,,ლიბერალი მოქალაქეების პოზიციას, რომლის მიხედვითაც ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ პროდასავლური კურსი შეცვალა".
ამის შესახებ ნიკა ლალიაშვილმა ექსკლუზიურად ,,პრაიმტაიმს" განუცხადა.
,,ჩვენ ყველას გვახსოვს, რომ ჩვენი ლიბერალი თანამოქალაქეები ბოლო ხუთი წლის საქართველოს ისტორიას განიხილავდნენ, როგორც დასავლური კურსისგან განდგომას, ჩვენი დასავლელი პარტნიორების ღალატს, გადახრას რუსეთისკენ და თქვენ გახსოვთ, რომ იყო სიტუაცია, როდესაც მთელი რიგი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები გადადგნენ კიდეც თანამდებობიდან იმ მოტივით, რომ საქართველომ პროდასავლური კურსი შეიცვალა. პენსის განცხადებამ, როდესაც ხაზი გაუსვა უკანასკნელი ხუთი წლის ყველაზე ნაყოფიერ თანამშრომლობას, ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა . პენსის განცხადებამ გაანოლა საქართველოში ლიბერალური ნარატივი, რომელიც გეგმაზომიერად თესავდა იმ იდეას, რომ საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, დასავლური კურსის დევალვაცია მოხდა, რომელსაც თითქოს სააკაშვილის ხელისუფლება ასე რუდუნებით აშენებდა. ეს ყველაფერი განოლდა", - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობამ მაიკ პენსის ვიზიტის დახმარებით გაიგო, რომ აშშ ღირებულებებით საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდით დგას.
,,ქართველებმა დაინახეს, რომ აშშ-ს წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, რომელიც ლგბტ ცისარტყელას ფერებით ღებავდა თეთრ სახლს, ამჟამინდელი ადმინისტრაცია აღმოჩნდა ძალა, რომელიც სიონის საკათედრო ტაძარში ლოცულობს. მაიკ პენსი თავის გამოსვლებში ახსენებს წმინდა წერილს, რაც ასევე ლიბერალური ნარატივისთვის ძალიან ცუდად ჟღერს. მაგრამ ისინი გასაგები მიზეზების გამო კრიტიკას ვერ ბედავენ. ქართველი კონსერვატორებისთვის ანუ ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის, ეს იყო მკაფიო გზავნილი, დაგვენახა, რომ ამერიკა ღირებულებრივადაც მართლა დგას ქართველი ხალხის გვერდზე, რომ არსებობს ორი ამერიკა და ერთი ამერიკა ეს არის პენსის და ტრამპის ამერიკა, რომელიც დღეს არის გამარჯვებული და ახლოსაა ქართულ შეხედულებებთან და სულისკვეთებასთან", - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.