ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განცხადებით, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი სიგნალი და სერიოზული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.მისი თქმით, პენსის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა. ამის შესახებ თამარ ხულორდავამ „პრაიმტაიმს“ განუცხდა.
„მაიკ პენსის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან დიდი მხარდაჭერა. პენსის განცხადებებში ცალსახად იყო ნათქვამი, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. განცხადებებში, ასევე აღნიშნული იყო იმ უთიერთობების გაღრმავება, რომელიც მოხდა განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში. ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობა ფაქტიურად ყველა სფეროს მოიცავს. საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ამერიკელი პარტნიორები კარგად არიან ინფორმირებულები, რადგან მათი საელჩოც ძალიან აქტიურია. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით და ერთობლივი ძალისხმევით ბევრ რეფორმას ვახორციელებთ. ასე რომ, სახეზე არის მნიშვნელოვანი პროგრესი და წინსვლა, რაც რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი და აღიარების გარეშე არ რჩება. ბუნებრივია, მაიკ პენსის ვიზიტი იყო ძალიან წარმატებული. თავისთავად ეს ფაქტი, როცა პირველი ევროპული ტურნეს ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტი სტუმრობს ესტონეთს, საქართველოს და მონტენეგროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი და სერიოზული მხარდაჭერის გამოხატულების აქტი საქართველოს მიმართ. პენსიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ აშშ-ს მაღალი მხარდაჭერა დააფიქსირა. ეს თემა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობების დღის წესრიგში ძალიან აქტუალურია და განსაკუთრებით, ბოლო დროს ჩვენ გვაქვს ბევრი კარგი სიახლე. ვგულისხმობ, კონგრესის მიერ მიღებულ კანონს და რეზოლუციას, რომელშიც სანქციებზე არის საუბარი საქართველოსთან მიმართებაში რუსეთისთვის. პენსის შეფასებები ჩვენთვის არის ძალიან საყურადღებო. თავისთავად, ვიზიტი ნამდვილად ძალიან წარმატებული და ახალი სტიმულის მომცემი იყო“, - განაცხადა ხულორდავამ.