"ეს არის უბრალოდ არა მკაფიო მხარდაჭერა, არამედ ბევრის მომცემი" - ამის შესახებ ექსპერტმა ზაზა შათირიშვილმა "პრაიმტაიმს" საქართველოში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, დღეს ნატოსთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს.
"ეს არის უბრალოდ არა მკაფიო მხარდაჭერა, არამედ ბევრის მომცემი. დღეს ჩვენ ნატოსთან ვართ ისე ახლოს, როგორც არასდროს. დააკვირდით თვითონ პენსის ვიზიტის მთლიან მიმდევრობას: ესტონეთი, საქართველო, ჩერნოგორია და მგონი ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. პენსიმ ბოლო 5 წელი შეაფასა, როგორც გამორჩეული ამ 25 წლიანი ურთიერთობიდან ანუ როგორც განსაკუთრებული პროგრესი. ეს ბოლო 5 წელიწადი ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის დღევანდელი ხელისუფლება ბოლომდე გამოხატავს ამერიკელი ხალხის ღირებულებებსა და ტრადიციებს. ამერიკა არის დიდი ქრისტიანული ქვეყანა. თვითონ მაიკ პენსი არის ტრადიციული ქრისტიანული მიმართულების წევრი და მისი სიონში მისვლა არათუ შემთხვევითი არ იყო, არამედ ის პატივს მიაგებს ტრადიციული ქართული ქრისტიანობის ფესვებს. ასე რომ, დღეს ჩვენს შორის არის სერიოზული სულიერი კავშირი, რაც აქამდე უნდა ყოფილიყო და გვინდოდა ქართველებს, ადამიანებს, რომლებიც ტრამპის გამარჯვებას ვწინასწარმეტყველებდით. ამ აზრით, რუსეთთან ომიც პრობლემა არ არის, რადგან ჩვენ უკვე ვიცით რისთვის ვიბრძვით, რაც წინა წინა ხელისუფლებამ არ იცოდა. ჩვენ უკვე ვიცით რისთვის ვიბრძვით, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ასეთი ქრისტიანული დიდი ქვეყანა არის ჩვენ მხარეს" - განაცხადა შათირიშვილმა.
მისი თქმით, ასეთი მაღალი შეფასებები საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე არასდროს არ ჰქონია.
"ასეთი მაღალი შეფასება საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს არ ჰქონია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დღევანდელი ამერიკული ხელისუფლება ასე უყურებს საქართველოს. ხელისუფლება, რომელიც ნამდვილად ამერიკელი ხალხის ინტერესებს გამოხატავს ძალიან მნიშვნელოვანია"- განაცხადა შათირიშვილმა.