ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის მეგობრობის, თანამშრომლობის და უკეთესი მომავლის ძლიერი სიგნალი - არჩილ თალაკვაძე

18:27 08-02-2017
128

აშშ ვიცე-პრეზიდენტმა პენსიმ საქართველოს ხელისუფლების საქმიანობა ბოლო 5 წლის განმავლობაში დადებითად შეაფასა და მკაფიოდ თქვა, რომ ამერიკის მთავრობა მომავალშიც პრემიერ კვირიკაშვილის მთავრობასთან მჭიდროდ ითანამშრომლებს - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში.

როგორც მან "პრაიმტაიმს" განუცხადა, ეს შეფასება ადასტურებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და დემოკრატიული რეფორმები, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს, საქართველოს კიდევ უფრო აახლოებს დასავლეთთან. 

"ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი - ვიცე-პრეზიდენტი პენსი საქართველოში მეუღლესთან ერთად, პრემიერ კვირიკაშვილის მოწვევით იმყოფებოდა და ეს არის მეგობრობის, თანამშრომლობის და უკეთესი მომავლის ძლიერი სიგნალი", - განაცხადა თალაკვაძემ. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა ადამიანის უფლებების, საკუთრების ხელშეუხებლობის და მედიის თავისუფლების დასაცავად.

"დღეს, მედიაში ხელისუფლებისადმი კრიტიკა თავისუფალია, არასამთავრობო სექტორი და საზოგადოება თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს ყველა საკითხზე. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ცდილობდნენ საქართველოზე და ხელისუფლებაზე არასწორი ინფორმაცია გაეტანათ საზღვარგარეთ - ისინი წერდნენ და ამბობდნენ, რომ საქართველო დასავლეთს და დასავლეთი საქართველოს დაშორდა. ურცხვად ამბობდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული გავლენის ქვეშ არის, რაც უსამართლო ბრალდება და პოლიტიკური ტყუილია. საქართველომ ბოლო 5 წელიწადში ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, მიიღო უვიზო რეჟიმი, ევროპასთან გააფორმა ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ამერიკის მთავრობამ, პრეზიდენტმა ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა პენსიმ ღიად დააფიქსირეს საქართველოსადმი მხარდაჭერა, კონგრესმა მიიღო არაერთი ჩვენი მხარდამჭერი რეზოლუცია, გააქტიურდა პარლამენტთაშორისი ფორმატები", - აღნიშნა თალაკვაძემ.  

ავტორი: