საერთაშორისო ნორმის შელახვა, ძალისმიერი მეთოდებით ტერიტორიის დაკანონების მცდელობა - ჯანელიძე აფხაზეთში პუტინის ვიზიტს აფასებს

14:49 08-03-2017
92

,, ჩვენ ამას ვაფასებთ ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმის შელახვად და ასევე ძალისმიერი პოლიტიკის მეთოდებით ტერიტორიის დაკანონების მცდელობას", - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე პუტინის ჩასვლას ოკუპირებულ აფხაზეთში. 

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს მშვიდობაზე და კონსტრუქციულ დიალოგზე დაფუძნებული ნაბიჯების გადადგმას. 

,,ესეც არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც ახორციელებს რუსეთი ფედერაციას აგრესიულ პოლიტიკას საქართველოსთან მიმართებით. ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც ყველა საერთაშორისო სამართლის ნორმის შელახვად და ასევე ძალისმიერი მეთოდებით ტერიტორიების დაკანონების მცდელობა. შესაბამისად, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით გავაგრძელებთ კონსტრუქციულ და მშვიდობაზე ორიენტირებული ყველა ნაბიჯის გადადგმას, რათა მოხდეს ჩვენი ქვეყნების ოკუპაცია, შერიგება და ნდობის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

მინისტრი ასევე  გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პუტინსა და ხაჯიმბას შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები აფხაზეთის ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის მიყიდვის საკითხზე. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების უმთავრესი მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით, რითაც თავისუფალი ადამიანები სარგებლობენ.

,,მნიშვნელოვანია ის განვითარება, რომელიც არის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ის პოზიტიური მოვლენები და ჩვენი ინტეგრაციული პროცესები, რომელიც ემსახურება თითოეული საქართველოს მოქალაქის  კეთილდღეობას, მისი უფლებების უფრო დაცულობას და მათ განვითარებას. ეს იყოს ასევე და არის ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აუცილებლად ისინიც ერთ დღეს ისარგებლებენ ყველა ამ სიკეთით, რომელიც თან ახლავს საქართველოს განვითარებას.

ჩვენი მიზანია თითოეული ადამიანის უფლება იყოს დაცული, როგორც კონტროლირებად ტერიტორიაზე ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დარწმუნებული ვართ აუცილებლად  მოხდება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დეოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე იცხოვრებენ თავისუფალი ადამიანები და ისარგებლებენ ყველა იმ სიკეთით, რომლითაც სარგებლობენ თავისუფალ სამყაროში თავისუფალი ადამიანები", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთს ეწვევა. 

ავტორი: სალომე ჩადუნელი