,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ცივი გონებით და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სტაბილურობა და სიმშვიდე", - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პუტინის აფხაზეთში ჩასვლისა და სოფელ არცევში ხნულების გავლებისას საკითხს.
ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა თავიდან იყოს აცილებული ყველა მოსალოდნელი თუ არსებული პროვოკაცია.
,,ჩვენ გვაქვს შეთანხმებული პოლიტიკა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ეს პოლიტიკა, პირველ რიგში ჩვენი ერის სტრატეგიულ ინტერესებს უკავშირდება, რომელიც მდგომარეობს პირველ რიგში მშვიდობის შენარჩუნებასთან, სტაბილურ განვითარებასთან. ის მონაპოვარი, რაც წლების განმავლობაში დემოკრატიის განვითარების გზით გვაქვს, უნდა შევინარჩუნოთ და განვავითაროთ. ის ინტერესი, ის ინვესტიციები, ის მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ითვალისწინებს, პირველ რიგში, უსაფრთხოების გარემოს განმტკიცებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ განვვითარდებით, ჩვენ არ გვექნება ეკონომიკური კეთილდღეობა და დემოკრატიულ ინსტიტუტებსაც საფრთხე შეექმნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ცივი გონებით და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სტაბილურობა და სიმშვიდე. ჩვენი მოქალაქეების და ხელისუფლების ვალდებულებაა თავიდან ავიცილოთ არსებული თუ მოსალოდნელი პროვოკაციები. ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია ყოველდღიურად საფრთხესთანაა დაკავშირებული. პრაგმატული პოლიტიკის უმთავრესი ამოცანა გახლავთ მშვიდობის შენარჩუნება", - განაცხადა ლევან იზორიამ.
ლევან იზორიას თქმით, პრაგმატული პოლიტიკა გულისხმობს, არა ემოციით პასუხის გაცემას, არამედ ცივი გონებით და სტრატეგიული მოთმინების გამოჩენას.