შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას რუსეთის პროვოკაციაზე წამოგება. ასე გამოეხმაურა ქეთევან ციხელაშვილი სოფელ არცევში ხნულის გავლებასა და პუტინის აფხაზეტში ვიტის 8 აგვისტოს.
,,ეს ჯდება იმ პროვოკაციების რიგში, რომელსაც ადგილი აქვს თითქმის ყოველდღიურად - ეს არის დაკავებები, გადაადგილების შეზღუდვა, ბარიკადები და ა.შ. მაგრამ ჩვენი ხაზი გახლავთ იმგვარი, რომ ჩვენ არ უნდა დავუშვათ ამ პროვოკაციებზე წამოგება. ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესი და ამოცანა იმისთვის, რომ განვვითარდეთ და შევძლოთ მშვიდობიანი გზით, კონსტრუქციული პოლიტიკით კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოგვარება. მანამდე კი, ჩვენი ხაზი ასევე არის, ვიზრუნოთ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე და განვავითაროთ ჩვენი პოლიტიკა შერიგების მიმართულებით. ჩვენ ოკუპაციას ვუპირისპირდებით სწორედ მშვიდობით, ეკონომიკური და დემოკრატიის განვითარებით და სამშვიდობო პოლიტიკით, რომელიც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მოიტანს შედეგებს“, - განაცხადა ციხელაშვილმა.