გია ჯაფარიძე: ამერიკულ ორბიტაზე საქართველოს ადგილი მნიშვნელოვნად გამოჩნდა

16:04 08-03-2017
150

დიპლომატი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი გია ჯაფარიძე თვლის, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებში საქართველო ძალიან მაღალ საფეხურზე აღმოჩნდა, რასაც აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტი ცხადყოფს. როგორც გია ჯაფარიძემ "პრაიმტაიმს" განუცხადა, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირველი ნაბიჯები საქართველოსთვის იმედის მომცემია, რუსეთის ფედერაციაზე წნეხის გაზრდა საქართველოსთვის სასიკეთო შედეგის მომტანი იქნება.

"მაიკ პენსი შემთხვევით სიტყვებს არ ისვრის. იმ პოზიციების უკან, რაც საქართველოში გააჟღერა, დგას რეალური საქმეები და გეგმები. მან აქ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის დღე მოვა, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება და ნატო-ს წევრი გახდება. ნატო-ს წევრობა თვითმიზანი არ არის. ჩვენ ნატო-ს წევრობა იმისთვის გვინდა, რომ დაცულები ვიყოთ, ჩვენი უსაფრთხოება და თავდაცვა იყოს გარანტირებული. სწორედ ამისთვის გვჭირდება ყველაზე წარმატებულ სამხედრო პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანება. ასეთი ურყევი, ძალიან მტკიცე მხარდაჭერა არასდროს გვქონია. აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებში ძალიან მაღალ საფეხურზე აღმოვჩნდით, რასაც მაიკ პენსის ვიზიტი ცხადყოფს. ესტონეთი, საქართველო, მონტენეგრო შემთხვევით არ არის არჩეული. ამერიკულ ორბიტაზე საქართველო ძალიან მძლავრად დაბრუნდა და უფრო მაღალ საფეხურზე ვართ. აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია გამოიწვევს გარკვეულ პოლიტიკურ გადაადგილებებს, ცვლილებებს და ეს ცვლილებები იქნება ჩვენთვის სასიკეთო. ჩვენ შეიძლება გაგვეხსნას ე.წ შესაძლებლობის ფანჯარა. რუსეთის დასუსტება ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელია" - განაცხადა ჯაფარიძემ.