ექსპერტის აზრით, სანქციები საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთთან შეცვლის

17:48 08-03-2017
136

ექსპერტი საგარეო საკითხებში, გიორგი რუხაძე აცხადებს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ სანქციებს უწესებს რუსეთს და იქ ნახსენებია საქართველო. ამის შესახებ ექსპერტმა "პრაიმტაიმთან" საუბარში აღნიშნა.

მისი თქმით, ასევე პირველი შემთხვევაა ის, რომ სანქციები დაწესდა მათ შორის იმიტომ, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, რომ ცდილობს დესტაბილიზაციას რეგიონში და კერძოდ საქართველოში. 

"შესაბამისად, ეს ფაქტი უკვე საქართველოს ხდის სანქციების ნაწილად, რაც ბუნებრივია, უმოქმედებს საქართველოზე, საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკაზე რუსეთთან. ამის შემდეგ უკვე ძნელი იქენბა საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელოს იგივე პოლიტიკა რუსეთთან, ე.წ. დათბობის, არგაღიზიანების, რადგან საქართველოს ქმედებების მიუხედავად, რუსეთი უკვე გაღიზიანებულია იმის გამო, რომ საქართველოს გამო უწესებენ სანქციებს. ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც საქართველოში ეს სანქციები გამოიწვევს, ჩემი აზრით, სწორედ ეს იქნება. ფაქტობრივად წრე ძალიან დავიწროვდა და კარგია, რომ იმ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას 4-5 წლის განმავლობაში ჰქონდა, რომელიც არაპროდუქტიული იყო ოკუპაციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, რაღაც პერიოდში უფრო პრინციპული დამოკიდებულებით ჩაანაცვლოს. თანაც, ჩვენი მოკავშირეების პოზიციებიც მკაცრდება რუსეთთან მიმართებაში", - აღნიშნა ექსპერტმა. 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე