ტრამპის ადმინისტრაცია წამომსვლელია საქართველოსთან ახალ ნაბიჯებზე - გიორგი რუხაძე

17:58 08-03-2017
158

ექსპერტი საგარეო საკითხებში, გიორგი რუხაძე აცხადებს, რომ აშშ-ს მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები რუსეთზე მტკივნეულად აისახება.

როგორც ექსპერტმა "პრაიმტაიმს" განუცხადა, რა თქმა უნდა, ერთ, ან ორ დღეში ეს არაფერს შეცვლის, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში სანქციები დიდხანს გაგრძელდება.

"იქიდან გამომდინარე, რომ ამ კანონპროექტში ასევე ჩაწერილია, რომ პრეზიდენტს კონგრესის თანხმობის გარეშე არ აქვს უფლება გააუქმოს აღნიშნული სანქციები, რაც იმას ნიშნავს, რომ კონგრესში მკაცრი დამოკიდებულებაა რუსეთთან მიმართებაში. რადგან სანქციების ძირითადი ნაწილი ეხება ან ენერგეტიკას, ან ფინანსურ სექტორს, რუსეთისთვის ეს იქნება საკმაოდ სერიოზული დარტყმა იმ სანქციებზე დამატებით, რაც უკვე არსებობს. 

ეს ყველაფერი საქართველოსთვის ერთმნიშნელოვნად კარგია და პრინციპული ნაბიჯია აშშ-ს მხრიდან რუსეთის მიმართ. აქ კიდევ ერთი საინტერესო რამაა, რომ კონგრესმა ფაქტობრივად მოახერხა ის, რომ ხელში აიღო რუსეთთან ურთიერთობის სადავეები. იქიდან გამომდინარე, რომ სანქციებს პირადად ჩამოაშორა პრეზიდენტი ტრამპი, მას ბერკეტები აღარ გააჩნია რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში. უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში უფრო მეტ წნეხს. ამ კონტექსტში მნიშნელოვანია, რომ საქართველო იყოს აქტიური და აშშ-ც მზადაა რუსეთის მიმართ მკაცრი პოზიციები დააფიქსიროს, რისი დასტურიცაა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები თბილისში, საქართველომ უნდა იმუშაოს მაქსიმალრუად ამერიკასთან იმისთვის, რომ რუსეთთან მიმართებაში პრინციპული პოზიცია გამოიყენოს და გადათარგმნოს საქართველოსთვის ორ მნიშვნელოვანი საკითხის უკეთეს მდგომარეობაში ჩასაყენებლად, ეს არის უსაფრთხოების გარანტიები და ახალი სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. რადგან დღეს ისეთი სიტუაციაა, მგონია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია წამომსვლელია საქართველოსთან ახალ ნაბიჯებზე, რადგან ეს პირდაპირ დაამტკიცებს, რომ ადმინისტრაცია საქართველოსთვის ამ ტიპის დახმარების აღმოჩენით, პირდაპირ ადასტურებს, რომ რუსეთთან ალიანსში არ არის", - განაცხადა ექსპერტმა. 

ავტორი: ლილუ მიროტაძე