ავტორი: ქეთი ხატიაშვილი
ამერიკის უპრეცედენტო მხარდაჭერა, საქართველო, როგორც სტრატეგიული პარტნიორი და ვაშინგტონის მთავარი გზავნილები. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე „პრაიმტაიმს“ პოლიტოლოგი და ისტორიკოსი დავით გამცემლიძე ესაუბრა.
– ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველომდე ესტონეთში ჩავიდა, შემდეგ მონტენეგროში გაფრინდა... რა აერთიანებთ ამ ქვეყნებს? რატომ შეირჩა ტურნესთვის სწორედ ეს ქვეყნები, რა დატვირთვა აქვს მას?
– ამერიკის უმაღლეს ხელისუფალთა საზღვარგარეთული ტურნეების დროს, ქვეყნების შერჩევა უამრავ სხვადასხვა, ხშირად ურთიერთდაკავშირებულ, თუმცა არცთუ იშვიათად „სიტუაციურ“ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამდენად, „შორსმიმავალი დასკვნებისას“ სიფრთხილე გვმართებს. მაგალითად, პენსი ეწვია საქართველოს და ამჯერად არ ეწვია უკრაინას.
წმინდა თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, ესტონეთს, მონტენეგროსა და საქართველოს აერთიანებთ მნიშვნელოვანი მოცემულობა: სამივე ქვეყანა აქტიურად პროდასავლურია, თუმცა სამივე ახერხებს გარკვეული სტატუს კვოს შენარჩუნებას. ანუ არ მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო მოქმედებები. მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი გრძელდება. თავის მხრივ, ესეც სხვადასხვა „გზავნილსა“ თუ „შეტყობინებას“ შეიძლება შეიცავდეს ყველა აქტორის მიმართ.
საერთოდ, „დიპლომატიური ენა“ ძალიან რთულია და მისმა „თარგმნამ“ ან თარგმნის მცდელობამ შესაძლოა, შორს წაგვიყვანოს. შევთანხმდეთ იმაზე, რომ სამივე ქვეყანა თავთავიანთ რეგიონებში „პროდასავლურობის ვიტრინებად“ და ლიდერებად ითვლებიან: ესტონეთი პოსტსაბჭოური ბალტიის ყველაზე განვითარებული სახელმწიფოა; საქართველოც კავკასიაში ამერიკის ყველაზე ერთგულ და თანმიმდევრულ მოკავშირედ ითვლება; ხოლო ჩერნოგორია სერბეთის „სისხლისმიერი ძმაა“ და სწორედ ამიტომ არის მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ვაშინგტონისთვის, რათა შემდგომში თვით სერბეთის „ვესტერნიზება“ განახორციელოს. უტრირებულად თუ ვიტყვით, სერბებსა და ჩერნოგორიელებს შორის დაახლოებით ისეთი სხვაობაა, როგორც კახელებსა და ხევსურებს შორის. „ჩერნოგორია – ნატოში“ იმას ნიშნავს, რომ სერბეთიც, ადრე თუ გვიან, ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდება და ამით ბალკანეთის ისტორიული, გეოპოლიტიკური პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება. არადა, ეს პრობლემა ორი გრანდიოზული მსოფლიო ომის „თრიგერი“, ანუ „სასხლეტი“ გახდა გასულ საუკუნეში.
– დიდი ოცეულის შეკრების შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მოხდა გავლენის სფეროების ხელახალი გადანაწილება. ამ კონტექსტში საინტერესოდ იკითხება ის ფაქტი, რომ არაოკუპირებულ საქართველოში პენსი ჩამოდის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი პუტინის ვიზიტი დაანონსდა. ეს ცივი ომით გამოწვეულ დროებით, მაგრამ ახალ საზღვრებად შეიძლება ჩაითვალოს?
– „ხელახალი გადანაწილება“ არ მომხდარა. მიმდინარეობს ბრძოლა ხელახალი გადანაწილებისთვის და ამ ბრძოლის შედეგი ჯერ გარკვეული არ არის: დღეს სწორედ ბრძოლის ეპიცენტრში ვართ, თუმცა, შესაძლოა, ყველანი ყოველთვის ვერც ვაცნობიერებთ ისტორიული მომენტის მნიშვნელობას.
აბსოლუტურად ზუსტი შეფასებაა, რომ პენსის ვიზიტი თბილისში და პუტინის ჩასვლა აფხაზეთში „ურთიერთგზავნილია“ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის.
რაც შეეხება „ცივ ომს“, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ციტირებადი რუსი ავტორი ფიოდორ ლუკიანოვი ღიად ამბობს და ასაბუთებს კიდეც, რომ ნამდვილად ვცხოვრობთ ახალი „ცივი ომის“ პირობებში. წინარე „ცივი ომისგან“ იგი მნიშვნელოვნად განსხვავდება თუნდაც იმით, რომ რუსეთი ალტერნატიულ სოციო-ეკონომიკურ ფორმაციას აღარ და ვეღარ სთავაზობს კაცობრიობას, თუმცა თანამედროვე გეოპოლიტიკური „კლინჩი“ არანაკლებ მწვავე და სახიფათოა.
– როგორი შეიძლება იყოს ახალი „ცივი ომი“? ისე ჩანს, თითქოს ფართომასშტაბიან კონფლიქტამდე ერთი ნაბიჯიღაა დარჩენილი, რა რესურსები არსებობს ვითარების განსამუხტად?
– დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ასეთი დაძაბული ვითარება მსოფლიოში 1983 წლის შემდეგ აღარ ყოფილა, როდესაც შორეულ აღმოსავლეთში საბჭოთა ავიაციამ სამოქალაქო ლაინერი ჩამოაგდო, ასეულობით ამერიკელი დაიღუპა და პრეზიდენტმა რეიგანმა აშშ შეიარაღებულ ძალებში სრული საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა.
გარკვეული აზრით, სიტუაცია ამჟამად კიდევ უფრო საშიშიც კია: იმ შორეულ ეპოქაში ამერიკელი და რუსი ჯარისკაცები ბერლინში იდგნენ პირისპირ, მაგრამ სიტუაცია მთლიანად კონტროლირებადი და, რაც მთავარია, ბევრად პროგნოზირებადი იყო; დღეს ამერიკელი და რუსი მფრინავები სირიის ცაში გვერდს ძლივს უქცევენ ერთმანეთს, დაბომბვებისას პატარა შეცდომაც საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს.
ლაპარაკია ბირთვულ ზესახელმწიფოებზე, რომელთაც რამდენჯერმე შეუძლიათ მოსპონ ყოველი ცოცხალი დედამიწაზე. ანუ ერთხელ კი არა, რამდენიმეჯერ! ატლანტიკის ოკეანიდან ურალამდე 9 წყალბადის ბომბი რომ ააფეთქო, ამ ტერიტორიაზე ცოცხალი არაფერი დარჩება, ქვეწარმავლების გარდა! ამერიკისა და რუსეთის მთელი ბირთვული არსენალის ერთ წერტილში ერთდროული აფეთქება რომ წარმოვიდგინოთ, ეს დედამიწას მისი ორბიტიდან გამოიყვანს მზის გარშემო და კოსმოსში მოისვრის.
ამ კოსმიური საფრთხეების დროს, თავზეხელაღებული მოსკოვი ღიად ემუქრება ბალტიის პატარა სახელმწიფოებს, ხლეჩს უკრაინას, იპყრობს ყირიმს, იარაღით ამარაგებს ფანატიკოს თალიბებს ავღანეთში, აგრძელებს ირანის ბირთვული პროგრამის მხარდაჭერას, ვეტოს ადებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკურ-ბირთვული პროგრამის საწინააღმდეგოდ და, ბოლოს, აფართოებს კონტროლირებად არეალს სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მთელი შავი ზღვა-კასპიის ზღვის რეგიონის „გასაღებად“ ითვლება.
არავითარი გადაჭარბება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მართალია, „უკანმოუბრუნებლობის წერტილი“ ჯერ არ განვლილა, ანუ დიდი ომი ჯერ გარდაუვალი არ არის, მაგრამ თვით ამ წერტილამდე მართლა ერთი ნაბიჯიღა ან ერთი ინციდენტიღა დარჩა.
„განმუხტვის“ მეთოდი ერთადერთია: მოსკოვი უნდა გაჩერდეს ან უნდა გააჩერონ.
– არსებობს პენსის ოფიციალური შეხვედრები, ოფიციალური განცხადებები, ჰქონდა ამ ვიზიტს თავისი კულისები?
– თუ „კულისებში“ ის „გზავნილები“ იგულისხმება, რაც ღიად არ გაჟღერებულა, ამჯერად „ღია გზავნილები“ იმდენად მკაფიო და შორსმიმავალი იყო, „კულისებზე“ მსჯელობა აზრსაც კი კარგავს. ფაქტობრივად, „ღია ტექსტით“ ითქვა: „ამერიკა არ დაუშვებს 2008 წლის 12 აგვისტოსთვის შექმნილი სტატუს კვოს დარღვევას რუსეთის მიერ!
– საერთოდ, რას ნიშნავდა ეს ვიზიტი? რა მესიჯი მიიღო ხელისუფლებამ, რა მხარდაჭერა და ძალა შეიძინა? არის ეს ხელისუფლების აღიარება?
– იმას ნამდვილად არ ნიშნავს, თითქოს ამერიკა მზად არის, დაგვეხმაროს ტერიტორიული მთლიანობის სამხედრო ძალით აღდგენაში, სოხუმისა და ცხინვალის ძალით გათავისუფლებაში რუსული ჯარებისგან, მაგრამ ნამდვილად ნიშნავს, რომ, როგორც კი ე.წ. „რუსი მესაზღვრეები“ მეტისმეტად მიუახლოვდებიან თბილისი-ფოთის სტრატეგიულ ავტომაგისტრალს, ამერიკა აუცილებლად ჩაერევა სხვადასხვა მეთოდით და შეეცდება, რუსეთს „უკან დაახევინოს“. სამხედრო მეთოდებით არა, თუმცა სხვა „ოფციებიც“ არსებობს.
კრემლში ეს ძალიან კარგად იციან და თუ ისევ „კულისებს“ ვახსენებთ, გარწმუნებთ, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიურ ურთიერთქმედებაში ერთ-ერთი თემა „ადგილზე“ – On the ground – ანუ ხსენებულ ავტომაგისტრალთან მიმდინარე პროცესებიცაა.
სტრატეგიული მიმართულება მკაფიოა და პენსმაც ზუსტად ეს გვითხარა: ვცნობთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დიპლომატიურად; მხარს გიჭერთ 12 აგვისტოს სტატუს კვოს შენარჩუნებაში პოლიტიკურად, ხოლო თუ რუსები მეტისმეტად შორს „გამოჩოჩდებიან ცხინვალიდან“, მიიღებთ სამხედრო-სტრატეგიულ გარანტიებსაც, რომ ამ მაგისტრალს ისინი ვერ ჩაკეტავენ!
მაგალითად, საქართველოში კიდევ ერთი სამხედრო წვრთნები მოეწყობა, ამერიკული ქვედანაყოფები ჩამოვლენ და... ამჯერად აღარ წავლენ.
სწორედ ამას ნიშნავდა 350-კილომეტრიანი მარში ფოთიდან თბილისამდე, ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ. ეს იყო ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მთავარი Message-იც.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი დონის, თანაც ესოდენ მკაფიო, დემონსტრაციული მხარდაჭერა ამერიკის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან, რაც საქართველომ მიიღო, თითქმის უპრეცედენტოა თვით ნატოს წევრი ქვეყნების მიმართაც კი; ხოლო ალიანსის არაწევრი ქვეყნისთვის საერთოდ უმაგალითოა.
ზედმეტ პათეტიკაში ნამდვილად არ ჩამეთვლება, თუ ვიტყვი, რომ ეს, უპირველეს ყოვლისა, იმ სულმნათი, გმირი ბიჭების დამსახურებაა, რომლებიც ავღანეთში დაიღუპნენ. ახლახან ოცდამეთორმეტე ახალგაზრდა ვაჟკაცი დაიღუპა თავისი ქვეყნისთვის. თუ ვინმეს ჰგონია, მათი თავგანწირვა „ფუჭია“, მოისმინოს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები და ნახოს ამერიკული სამხედრო მარშის კადრები ფოთიდან, გორის გავლით, თბილისამდე!
– იქნებოდა თუ არა საუბარი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ახალ სანქციებზე და ჩვენს შესაძლო ჩართულობაზე ამ პროცესში?
– მიმდინარე პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი და საგულისხმო ისაა, რომ სანქციების ეტაპი ნელ-ნელა იწურება, რადგან სანქციების გაფართოება გვაახლოებს ხსენებულ „უკანმოუბრუნებლობის“ წერტილს და დღის წესრიგში აუცილებლად დგება სამხედრო-პოლიტიკური გარანტიების თემა.
ამიტომაც დაიწყო ვაშინგტონში საუბარი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე. ამითვეა განპირობებული უპრეცედენტო სამხედრო წვრთნები კავკასიაში – რუსეთის ისტორიულ „მზის წნულთან“. ეს რეგიონი მოსკოვისთვის, ერთდროულად რამდენიმე გეოპოლიტიკური მიზეზის გამო, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინა, რადგან ჩრდილოეთ კავკასიას უშუალოდ ესაზღვრება. ჩრდილოეთ კავკასია კი სწორედაც რუსეთის ეგზისტენციური „მზის წნულია“ – ის „ნემსია“, რომელიც „ბაბაიაგამ“ კვერცხში დამალა და რომლის გატეხა „უკვდავი კოშჩეის“ ჩამოშლას გამოიწვევდა. ამიტომაც, მოსკოვი ყველაფერზე წამსვლელია. ამაში არავის იოტისოდენი ეჭვიც არ შეეპაროს.
გააჩნია, სად რა გაუვა.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ ვიზიტს და მის განუყოფელ შემადგენელს (აშშ-ის არმიის მასშტაბურ სწავლებებს) მოჰყვება, სწორედ შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობაა: ამერიკა საქართველოს განიხილავს, როგორც რუსეთის „შეკავების“ მნიშვნელოვან ფაქტორს. ეს კი უკვე „ინტერესთა თანხვედრაა“, რასაც დიდ პოლიტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პუტინმა უკვე მართლა ძალიან შორს შეტოპა და ნამდვილი რუსი გენიოსის, ალექსანდრე პუშკინის გაფრთხილება დაავიწყდა ზღაპრიდან „ოქროს თევზი“.