საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან და ,,ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატთან კახი კალაძესთან ერთად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. მმართველი პარტიის წარმომადგენლება აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავი გვირგვინით შეამკეს.
,,9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომი დაიწყო. ჩვენი ვალია გავიხსენოთ დაღუპული გმირები და პატივი მივაგოთ და ჩვენი ვალია ასევე ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შესრულდეს ის, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი ჯარისკაცები, ეს არის ჩვენი სამშობლოს ერთიანობა და საქართველოს გამთლიანება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
შეგახსნებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი შესრულდა. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, ვინაიდან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ