საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივი მიაგო. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს მოქალაქეები და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს არანაირ საზღვარს, არანაირ მავთულხლართს.
"მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი, მაგრამ ამავე დროს იბადება ვალდებულებით თავისი ქვეყნის წინაშე. ჩვენ ვდგევართ იმ გმირების საფლავებთან, რომელმაც ეს ვალი თავისის სისხლით გადაიხადა. 9 წლის წინ რუსეთის ფედერაციის ჯარებმა გადმოკვეთეს სუვერენული ფედერაციის საზღვარი და მოახდინეს ჩვენი რეგიონების ოკუპაცია. რეალურად ეს ოკუპაცია ჰიბრიდული ომის სახით 90-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო. იმ მომენტიდან, როდესაც ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ კაცობრიობის წინაშე განაცხადა, რომ აქვს თავისი დამოუკიდებელი არჩევანი და დამოუკიდებელი განვითარების გზა. მაშინვე 90- იანი წლების დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობა სუვერენიტეტი და ერთიანობა გაეროში 1992 წელს იქნა აღიარებული. საქართველოს საზღვრების ურყეობა და მთლიანობა მაშინვე მთელმა კაცობრიობამ ნახა და აღიარა. 2008 წლის უსამართლობის შედეგად რუსეთი ცდილობს საზღვრების შეცვლას. რუსეთი ცდილობს ის ისტორიული უსამართლობა, რომელიც იყო საქართველოს ოკუპაციის სახით გაამართლოს რაიმე სახის შეცდომით თუ გადაცდომით. ამ მცდელობაში რუსეთი არის სრულიად მარტო. ჩვენ საქართველოს მოქალაქეები და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს არანაირ საზღვარს, არანაირ მავთულხლართს, არანაირ თხრილს, არანაირ ავტომატიან- კალაშნიკოვიან პირს, საქართველოს მიწაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემას უქმნის. რეალურად, საქართველოს საზღვრები მთელი კაცობრიობისთვის არის უცვლელი და ამაში ჩვენ ვდგევართ არა მარტო ჩვენს პარტნიორებთან ერთად არამედ იმ სიმტკიცით რა სიმტკიცითაც ჩვენი ქვეყანა დღევანდელ დღემდე მოვიტანე" - განაცხადა მარგველაშვილმა.