გიორგი მარგველაშვილი:"პუტინის აფხაზეთში ვიზიტი ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციის მცდელობაა"

12:30 08-08-2017
139

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ვიზიტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაციის მცდელობაა. მისივე თქმით, არც ერთი ქართველო არ ცნობს ოკუპაციას. 

"დღეს, როდესაც საქართველოს მხარეში, აფხაზეთში იმყოფება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ეს არის სრულიად უშედეგო მცდელობა, რაიმენაირად მოხდეს ისტორიული უსამართლობის ლეგიტიმაცია, რაიმენაირად გამართლდეს 2008 წლის ჯერ ოკუპაცია და შემდეგ გადაწყვეტილება, ერთიანი სახელმწიფოს დაშლის. ამ მცდელობებს პასუხად მე მინდა ვუთხრა, რომ არასდროს, არც ერთი ქართველი არ ცნობს ოკუპაციას. არასდროს არანაირი ხელოვნური მავრთულხლართები, თხრილები და მოგონილი საზღვრები არ გაყოფს, მთლიანობას და ურყევობას ჩვენი ქვეყნისა. ჩვენ არაერთხელ გაგვივლია ეს და საქართველო ყოველთვის გამოსულა გამარჯვებული. ჩვენი სახელმწიფოებრიობა უძლიერეს იმპერიებს ვერ შეურყევია. არანაირი ახალი ამბავი, ან ახალი რეალობა, ან ახალი გამართლება ამ ჭეშმარიტებას არ შეცვლის. 2008 წელს კი არა 1921 წელს ქართველმა ბოლშევიკებმა მთელი საქართველო გადაუფორმეს საბჭოთა კავშირს და შულავერები და ორჯონიკიძეები ამა ქვეყნისა ზეიმობდნენ თბილისზე წითელი დროშის აღმართვას, მაგრამ მათ ვერ გატეხეს ქართველი ხალხი და ჩვენ მაინც ბოლოს მივაღწიეთ დამოუკიდებლობას. მე მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას და პირველ რიგში დევნილ მოსახლეობას, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნება, პირველ რიგში, არის ჩვენს სიმტკიცეში და ურყევობაში. არაფრის დიდებით არ შეიძლება აყოლა არავითარ იდეაზე თითქოს საქართველო რაიმენაირად იყოს გაყოფილი, ან რაიმე ფორმით შერყეული. საქართველო არის მთლიანი, საქართველო არის მტკიცე. ასე იქნება და ამითი ჩვენ მივაღწევთ, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, - განაცხადა  გიორგი მარგველაშვილმა.