ხსოვნის კვირეული თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებულად მძიმეა. ამ დღეებში ჩვენ გავიხსენებთ საქართველოს გმირებს, იმ ბიჭებს, ვინც საქართველოს ერთიანობისთვის თავი გაწირა. როგორც იცით, „პრაიმტაიმმა“ 2010 წელს გამოსცა წიგნი „გმირი“, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ცხოვრება და მათი გმირული ბრძოლაა ასახული. 2013 წელს გამოიცა უკვე უცხოურ მისიებში დაღუპული სამხედროების რეალური ისტორიები. „პრაიმტაიმმა“ თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით კვლავ გამოსცა წიგნი „გმირი“. ამჯერად წიგნში 2008 წლის ომსა და მისიებში დაღუპული ბიჭების ისტორიებია გაერთიანებული.
წიგნი „გმირი“
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, „პრაიმტაიმის“ დამფუძნებლისა და გამომცემლის თამარ ფხაკაძის ინიციატივით, გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ 2009 წლიდან დაიწყო ბრძოლაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების შესახებ სპეციალური ისტორიების მომზადება. წერილების ეს ციკლი რუბრიკა „გმირში“ იბეჭდებოდა. ამ პორტრეტული ხასიათის ჩანახატებში აღწერილი იყო თითოეული მათგანის თავგანწირვა, საბრძოლო შემართება, სამშობლოსადმი სიყვარული და მეგობრისადმი დამოკიდებულება. რუბრიკამ მოიცვა როგორც თავდაცვის, ისე შსს-სა და სასჯელაღსრულების სამინისტროებში მომსახურე პირების რეალური ცხოვრება, მათი თავგანწირვა.
2010 წელს თამარ ფხაკაძის იდეითა და ავტორობით გამოიცა წიგნი „გმირი“. ერთად აკინძულმა ისტორიებმა ომის საშინელი სურათი გააცოცხლა, თითქოს წიგნის ფურცლებიდან ისმის მათი შეძახილები, ტყვიების ზუზუნი... ეს ისტორიები ომსა და სიცოცხლეზე შთამბეჭდავად გვიყვება.
იმავე წელს წიგნი „გმირი“ ინგლისურ ენაზე ითარგმნა, მისი პრეზენტაცია ლონდონში გაიმართა. წიგნის როგორც ქართული, ისე ინგლისური ვერსია „ამაზონზე“ დაიდო.
2011 წელს კი პროექტის ფარგლებში გამოიცა მეორე წიგნი, სადაც ნატოს ეგიდით სხვადასხვა მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ბიოგრაფიები შევიდა.
2009 წელს, აგვისტოს დღეებში, თამარ ფხაკაძის ინიციატივით, ჩატარდა წითელი ყაყაჩოს აქცია. აქციის ფარგლებში ყაყაჩო, როგორც ხსოვნისა და იმედის სიმბოლო, დაურიგდათ სხვადასხვა უწყებებს, გმირი ბიჭების ოჯახებს, უბრალო მოქალაქეებს... გმირი ბიჭების უკვდავსაყოფად გამართული ყაყაჩოს აქცია აერთიანებს მთელ საქართველოს – ჩვენ გვახსოვს ჩვენი გმირები და იმედი გვაქვს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ამ გმირების შვილებთან ერთად, მალე ვიზეიმებთ.
წიგნი „გმირი“ დაჯილდოვდა ლიტერატურული პრემიით „გალა“. იმავე წელს გამოიცა ბრაილის შრიფტით და, ასევე, დაჯილდოვდა სპეციალური პრემიით.
სხვადასხვა წელს პროექტს, როგორც წლის გამოცემასა და ინოვაციურ იდეას, მიღებული აქვს სხვადასხვა დიპლომები და სიგელები, მათ შორის „ოქროს პერგამენტი“, „პროფილი“, „ოქროს ფრთა“, „ოქროს კალამი“, „იმედის გმირი“. ასევე, რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკის სახეებში ასახვისთვის წიგნმა საგამომცემლო სახლისგან მიიღო სპეციალური ჯილდო „სახე(ლ)ები“.
ეს რიგით მეოთხე გამოცემაა. ამჯერად წიგნი აერთიანებს როგორც 2008 წელს, ისე სხვადასხვა მისიებში დაღუპული გმირების ისტორიებს.
წიგნი საშუალებას მოგცემთ, გაეცნოთ ამ გმირი ბიჭების ცხოვრებას, გაიგოთ, რაზე ოცნებობდნენ ისინი, რა მიზნები ჰქონდათ, როგორ უყვარდათ... ეს გმირი ბიჭების რეალური პორტრეტებია.
ჩვენ დიდ მადლობას ვუხდით თავდაცვის სამინისტროს რიგით მეოთხე წიგნის გამოცემაში გაწეული დახმარებისთვის .
თამარ ფხაკაძე: „საქართველოს ისტორიას გმირები ქმნიან...“
საქართველოს გამორჩეული გმირები ჰყავს. ჩვენ მათ მაგალითზე გავიზარდეთ. ისტორიაში მათი გმირობის შესახებ ვკითხულობდით და ხშირად, ალბათ, ისევე როგორც თქვენ, მეც მიჩნდებოდა სურვილი, უფრო მეტი მცოდნოდა მათ შესახებ. მაგალითად, შორს რომ არ წავიდე, 300 არაგველზე, ცხრა ძმა ხერხეულიძეზე, თინა წავკისელზე, მაია წყნეთელზე...
ყოველთვის მაინტერესებდა თუნდაც იმ 300 არაგველი გლეხი ბიჭის რეალური ისტორია, ვინც ომის წინ ფიცი დადო: „თუ გაგვიწყრა ღმერთი და ვერ გავდევნეთ მტრის ძალი, იყოს შერცხვენილ, ვინც ჩვენგან შინა წავიდეს ცოცხალი!“
საქართველოს ისტორია სავსეა გმირობის საოცარი მაგალითებით, თუმცა ხშირად ისტორია მათ უსახელო გმირებად მოიხსენიებს. და მთელ ამ ისტორიაში მთავარი ის არის, რომ ისინი დგანან იქ, სადაც მათ სამშობლო ეძახით, კარგად იციან, რომ მტერთან ბრძოლაში შეიძლება დაიღუპონ, მაგრამ ომის წესებსაც იღებენ და სიკვდილის ალბათობასაც. და ეს მათი სრულიად შეგნებული არჩევანია. ჩვენ არ ვიცით, ეს რას ნიშნავს, ჩვენ ომს წიგნებიდან ვეცნობით, მათ კი ეს საშინელება თავად ნახეს, გამოსცადეს ან ბრძოლის ველზე დაეცნენ.
და ხშირად, როცა პარალელს ვავლებ ხოლმე იგივე კრწანისის 1795 წლის ომის გმირებსა და 2008 წლის, მაგალითად, შინდისის გმირებს შორის, ვხვდები, რომ ძალიან ცოტაა, ვიცოდეთ მხოლოდ მათი სახელები. ჩვენ მომავალ თაობებს მათი ცხოვრების რეალური ისტორიები უნდა დავუტოვოთ. და სწორედ მაშინ გადავწყვიტე, გამეკეთებინა პროექტი „გმირი“, სადაც 2008 წლის ომის გმირების შესახებ რეალურ ისტორიებს მოვუყრიდით თავს.
ვინ იყვნენ ეს ბიჭები, რაზე ოცნებობდნენ, რა მიზნები ჰქონდათ. მათი ისტორიები კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ გმირებად არ იბადებიან, გმირები ხდებიან. ისინი არ იყვნენ იდეალურები, ისინი ძალიან განსხვავებულები არიან თავისი ადამიანური სისუსტეებით და, ალბათ, ერთადერთი, რაც მათ აერთიანებთ, სულიერი სიმტკიცეა, სამშობლოს მომავლის რწმენაა. ამ ისტორიებში თქვენ თანამედროვე გმირის სახეს დაინახავთ, რომელიც მთელი თაობის განწყობასა და ხასიათს ასახავს.
ქართველთა ბრძოლები ყოველთვის იყო თავისუფლებისკენ სწრაფვა, ეს ნამდვილად არის ევროპულ სახლში ჩვენი დაბრუნების ოდისეა.
და ეს ოდისეა ჯერ კიდევ გრძელდება. უკვე წლებია, ნატოს ეგიდით ქართველი ჯარისკაცები სხვადასხვა უცხოურ მისიებში მსახურობენ და ცდილობენ, საკუთარი სიცოცხლის ფასად მიგვაახლოონ იმ მიზანს, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული ღირებულებების დანერგვა ჰქვია.