გმირი - თენგიზ ჭაღალიძე - " ქვეყანას ახლა აქ ვჭირდებით, ჯარისკაცები ვართ, ჩვენი დანიშნულება ჩვენი მიწის დაცვაა - ამ ნაკაწრის გამო გამოვიდე და ბიჭები დავტოვო?!"

13:21 08-08-2017
410

"როგორც კი ნაწილიდან უკან ბათუმში ბრუნდებოდა, საყიდლებზე მიდიოდა. ყველაფერი ჩვენთვის უნდოდა. ნეტა ასეთი შვილი ყველა დედას ჰყავდეს“.

ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, კაპრალმა, თენგიზ ჭაღალიძემ, თანამებრძოლებთან ერთად სამედიცინო მომზადების სპეციალური კურსები გაიარა. ბატალიონი ერაყში სამშვიდობო მისიისთვის ემზადებოდა, თუმცა მეოთხე ბრიგადის მედიკოსებს, მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების საშუალება, რუსეთის წინააღმდეგ ომში მოუწიათ.

მიუხედავად მოწინააღმდეგის ავიაციის გამუდმებული შეტევებისა, ქართველმა მედიკოსებმა ფრონტის წინა ხაზზე, არაერთი დაჭრილი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნეს და მოახერხეს მათი დროული ევაკუაცია.

        შოთა ჭაღალიძე, მამა :

„სახლიდან ბოლოს 28 ივლისს გავიდა, დილით მოწყენილი იყო, გაცილებისას თითქოს გვერდზე გადიოდა. ვკითხე, შვილო რა გჭირს-მეთქი, მიპასუხა, მამა ვნერვიულობ, არ მინდა რომ ბრიგადაში დამაგვიანდეს და ამისთვის საყვედური მივიღოო. არასდროს არ მიუღია საყვედური ჯარში. არასდროს აგვიანებდა სამსახურში, ერჩივნა სახლიდან ადრე წასულიყო და დროულად ყოფილიყო სამხედრო ნაწილში.

აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ერაყში წასასვლელად ემზადებოდნენ, ამისთვის მომზადების სპეციალური კურსი გაიარეს. სამედიცინო მომზადების კურსის დასკვნითი ეტაპი უნდა ჰქონოდათ, თუმცა შვიდში ომი დაიწყო.

მისი ბატალიონი ცხინვალის მიმართულებით წავიდა. ბიჭებმა თავგანწირვით იომეს და უკანაც განდევნეს მოწინააღმდეგე, მაგრამ შემდეგ რუსეთმა ავიაციით დაბომბა მათი პოზიციები, როკის გვირაბიდ- ან კი დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და ჯავშანტექნიკა შემოიყვანა. თენგიზი მედიკოსი იყო და, როგორც მისმა მეგობრებმა მითხრეს, ბევრი დაჭრილისთვის აღმოუჩენია პირველადი სამედიცინო დახმარება.

ცხინვალიდან რომ გამოდიოდნენ ოსური პოზიციებიდან ცეცხლი გახსნეს, ტყვია თურმე ხელში მოხვდა თენგიზს, საკმაოდ სერიოზული ჭრილობა მიუღია მკლავში, თუმცა პირველადი სამედიცინო დახმარება საკუთარ თავს თვითონ გაუწია. მისი მეგობრები, ექიმები მისულან და უთქვამთ, წამო გაგიყვანთ აქედან და გორის ჰოსპიტალში უკეთესად მოგხედავენო, მაგრამ თენგიზს უთქვამს ეს რა სალაპარაკოა, ბიჭებს ჩემზე გაცილებით სერიოზული ჭრილობები აქვთ და ისინი გაიყვანეთო.“

   ზინა ჭაღალიძე, დაღუპულის დედა:

„სახლიდან რომ გავიდა უხასიათოდ იყო, თუმცა ამის მიზეზი არ გვიკითხავს. შეიძლება იცოდა კიდეც ბიჭებისგან, რომ კონფლიქტის ზონაში ცეცხლი იყო გახსნილი ოსური მხრიდან და ამას განიცდიდა. საერთოდ ჩუმი და წყნარი ბავშვი იყო. თუ საჭიროდ არ ჩათვლიდა არაფერზე არ საუბრობდა. თენგიზს ცოლი არ ჰყავდა, არც ის გამიგია რომ შეყვარებული ჰყოლოდა. საერთოდ ასეთ თემებზე საუბარი არ უყვარდა.

როდესაც სახლიდან წავიდა, რამდენიმე საათში ჩემს ქალიშვილს ესაუბრა ტელეფონით. მოგვიანებით კი ჩემს დისშვილს დაურეკა. ანერვიულებული ყოფილა. ამის შემდეგ არ დაურეკავს. ჩვენ ვეცადეთ დავკავშირებოდით, მაგრამ ტელეფონები არ იჭერდა, ვერაფრით ვერ დავუკავშირდით.“

მეოთხე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები ცხინვალის შემოგარენში, ხეხილის ბაღში განლაგდნენ. დაჭრილ კაპრალს აქაც შესთავაზეს საცეცხლე ზონიდან გაყვანა, მაგრამ ოცი წლის ჯარისკაცმა, მასზე გაცილებით უფროს და გამოცდილ თანამებრძოლებს კვლავ უარით უპასუხა. საკმაოდ მძიმე ჭრილობით თენგიზ ჭაღალიძე დაჭრილი თანამებრძოლთა დახმარებასაც ახერხებდა და საკუთარ თავსაც პატრონობდა.

            ზინა ჭაღალიძე დაღუპულის დედა:

„სანამ დაიღუპებოდა მანმადე რამდენიმე ჯარისკაცისთვის ჭრილობა შეუხვევია. ჩემი ნათესავის შვილი მსახურობს შეიარაღებულ ძალებში. უკან დახევისას ერთად ყოფილან. თენგიზისთვის უთქვამს, იარაღი დაუტოვე ბიჭებს, ისინი წამოიღებენ, წამო გაგიყვან გორის ჰოსპიტალში, იქ უსაფრთხოდ იქნები, ჭრილობას კარგად დაგიმუშავებენ და ცოტა ხანში თავსაც უკეთ იგრძნობო. გაუბრაზდა თურმე, გაგიჟდი, ქვეყანას ახლა აქ ვჭირდებით, ჯარისკაცები ვართ, ჩვენი დანიშნულება ჩვენი მიწის დაცვაა, აქედან ამ ნაკაწრის გამო გამოვიდე და ბიჭები დავტოვოო?! არავის დაუჯერა და ბოლომდე მისი თანამებრძოლების გვერდით იდგა" .

რამდენიმე წუთში კი ქართველი ჯარისკაცების დისლოკაციის ადგილი მოწინააღმდეგის მოიერიშეებმა დაბომბეს.

9 აგვისტოს, დაღუპული თენგიზ ჭაღალიძის ცხედარი იმავე ტერიტორიაზე დაკრძალეს, სადაც დაიღუპა... რამდენიმე დღეში ტერიტორიას რუსეთის საოკუპაციო ჯარები აკონტროლებდნენ. ოკუპანტებმა ქართულ მოსახლეობას დაღუპული მეომრების ცხედრების გამოტანის უფლებაც კი არ მისცეს.

            შოთა ჭაღალიძე, მამა:

„მისი დაღუპვის შესახებ არაფერი ვიცოდით. არ ვეგუებოდი იმ აზრს, რომ ჩემი შვილი გარდაიცვალა. ვეძებდი ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდებოდა, თუმცა უშედეგოდ. 26 აგვისტოს საქართველოს პატრიარქის უშუალო ჩარევის შემდეგ დაღუპული ბიჭების ცხედრები კონფლიქტის ზონიდან გადმოასვენეს და ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.

ამ დროისათვის უკვე თბილისში ვიმყოფებოდი. ჩავაბარე დ.ნ.მ-ის ანალიზი და სახლში დავბრუნდი. პასუხი სამ თვეში მოგვივიდა, სადაც ეწერა, რომ ჩემი შვილი ერთ-ერთი იყო იმ ჯარისკაცებიდან, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა. რომ არა პატრიარქის უშუალო მონაწილეობა - მათი ცხედრების გადმოსვენებაში, იქნებ ახლა ჩემი შვილის საფლავიც არ მქონოდა.“

დაღუპული ჯარისკაცის მამა შვილის ოცნებებს იხსენებს და თავად იმ ადგილას ჩასვლაზე ოცნებობს, სადაც კაპრალმა ჭაღალიძემ სიცოცხლის ბოლო წუთები გაატარა.

„ბევრი გეგმები ჰქონდა. ბევრი ოცნებები. უნდოდა სახლი აეშენებინა და ყველას ერთად, ბედნიერად გვეცხოვრა. ძალიან მინდა იმ ადგილზე ჩავიდე სადაც ჩემი შვილი დაიღუპა, თუმცა ახლა იქ რუსული საოკუპაციო ჯარები დგას და ეს შეუძლებელია. მინდა საკუთარი თვალით ვნახო ის ადგილი, სადაც ჩვენი ბიჭები რუსულმა ჭურვებმა იმსხვერპლა და იქ დავუნთო სანთელი მათ ხსოვნას.

ისტორია იტყვის თავის სიტყვას. შემდეგი თაობები მაგალითს აიღებენ მათგან და მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა მალე გაერთიანდება. ძნელია შვილის დაღუპვა, ძნელია, როცა ის შენს გვერდით აღარ არის, თუმცა მე ამაყი ვარ იმით, რომ ჩემი შვილი საქართველოს გმირია.“

წყარო; "გაზეთი პრაიმტაიმი" N48(90)-ის არქივიდან 2010 წ.

ავტორი: რუსა ღვანიძე