,,ჩვენ სიკვდილის არ გვეშინია, ჩვენ სამშობლოს დასაცავად მივდივართ!'' _ ასე დაუძახებენ დედებს გიორგი აბიათარი და გოჩა ილურიძე ჯარში წასვლისას, უკვე სამარშრუტო ტაქსში ჩამსხდრები...
გიორგი აბიათარი დედისერთაა, სამხედრო სავალდებულო სამსახური არ ეხება. 18 წელი შეუსრულდება თუ არა, მაინც წავა... 2 თვეც არ იმსახურებს - ომი დაიწყება. მუხლზე პრობლემები ჰქონდა, ომში არ მიჰყავთ, კომისია უნდა გაიაროო. პირველი მანქანიდან ჩამოსვამენ. მეორე მაინქანაში ავა და ომში მაინც წავა...
გიორგი აბიათარი კოჯორში დაიბადა 1990 წლის 5 აპრილს, იზრდებოდა დედოფლის წყაროს რაიონში, სოფელ ჯაფარიძეში. დალხენილი ბავშვობა არ ჰქონია. დედისერთა იყო, მაგრამ ოჯახს უჭირდა და ვერ ანებივრებდნენ.
ლიზა აბიათარი, დედა:
`შრომა უყვარდა, დაუზარელი იყო, მუდამ გვერდში მედგა, დიდი ადამიანივით შრომობდა, რომ წამოიზარდა ცული აიღო ხელში, მეზობლებს შეშის ჩეხვაში ეხმარებოდა, ერთი-ორი კაპიკი რომ დარჩენოდა... ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბავშვი იყო, ძალიან უყვარდა მეგობრები... უყვარდა ფეხბურთი, ჭიდაობა...
ხშირად უყურებდა სათავგადასავლო ფილმებს, ამბობდა, მე სიკვდილის არ მეშინია და აუცილებლად უნდა წავიდე ჯარშიო...
~ გიორგი აბიათარმა 9 კლასის დამთავრების შემდეგ, კოლეჯში ჩააბარა მექანიზაციის ფაკულტეტზე. 2008 წლის 5 აპრილს გიორგის 18 წელი შეუსრულდა.
დედა:
,,ძალიან მინდოდა მისი დაბადების დღე რომ აღმენიშნა, აღვნიშნეთ, მაგრამ ბევრის დაპატიჟება ვერ შევძელი და მოვუბოდიშე, ყველა ვერ დაგიპატიჟე-მეთქი. მომეხვია, მერე რა მოხდა, 19 წლის თუ სამხედრო ნაწილში გავხდები, 20 წლის ხომ სახლში ვიქნები და მაშინ გადავიხადოთ დიდი დაბადების დღეო"...
დედამ გადაუხადა დაპირებული დიდი დაბადების დღე, ყველა იყო - თანაკლასელები, ნათესავები, ჯარის მეგობრები. აღარ იყო გიორგი...
გიორგი ვეღარც 19 წლის გახდა, ვეღარც ოცის... დედისერთას ჯარში წასვლა არ ეხებოდა, მაინც წავიდა.
დედა:
,,დედისერთა იყო ჯარში არ მიჰყავდათ, მისი კლასელები მიდიოდნენ და ამბობდა, მეც აუცილებლად უნდა წავიდეო და წავიდა თავისი ინიციატივით. გოჩა ილურიძესთან ერთად იყო სამარშრუტო ტაქსში, ფანჯარა გააღეს და დაგვიძახეს, ჩვენ სიკვდილის არ გვეშინია, ჩვენ სამშობლოს დასაცავად მივდივართო.
27 მაისს წავიდა ჯარში. სასჯელაღსრულების დეპარტამენტში იყვნენ, კარანტინს როდესაც მორჩნენ, მკითხა, სპეცდანიშნულების რაზმში გადავიდე თუ დაცვაში დავრჩეო. ნათესავებსაც ჰკითხა, სპეცდანიშნულების რაზმში ურჩიეს.
კრწანისში მსახურობდა. ყოველ შაბათ-კვირას ვაკითხავდი, არასოდეს დაუწუწუნია, მაშინაც კი, როცა მუხლზე პრობლემები შეექმნა. 27 ივლისს ღუდუშაურის კლინიკაში მყავდა, მისი მდგომარეობა რომ ნახეს, უთხრეს სამსახურიდან გაგიშვებთო. უარი თქვა, სამსახურს არ მივატოვებ, უბრალოდ, ცოტა ხანი დრო მომეცით, რომ ვიმკურნალოო. 9 აგვისტოს კომისია უნდა ყოფილიყო, უნდა გამოეშვათ... კარგი უფროსობა ჰყავდა, ყურადღებას აქცევდნენ... ბოლოს მაშინ ვნახე,
27 ივლისს, ღუდუშაურის კლინიკაში რომ მყავდა... მთელი დღე ხელი ჰქონდა გადახვეული და მიყვარხარო, მიმეორებდა... რომ გამომაცილა, ჩამეხუტა და ისე დამემშვიდობა.... მას მერე მისი ხმა აღარ გამიგია... 2 აგვისტოს ელიაობაა და მითხრა, შენ ნუღარ ჩამოხვალ, დედი, მე ჩამოვალო... ომში რომ მიდიოდნენ, გიორგი არ მიჰყავდათ, მანქანიდან ჩამოუსვამთ, შემოწმება გაქვს გასავლელიო, მაგრამ მანქანაში მაინც ასულა, შემდეგ უკვე გორში უნახავთ, ტყვიაწამალს რომ ურიგებდნენ.''
გიორგი აბიათარი 8 აგვისტოს, ერედვში დაიღუპა - მტრის ჩამოგდებულმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა.
ელიკო ზედელაშვილი, მასწავლებელი:
,,გიორგი ცელქი, დაუდეგარი, უსაზღვროდ კაცთმოყვარე, მეგობრებისთვის თავგანწირული ბიჭი იყო. ისტორიკოსობაზე ოცნებობდა და ძალიან ბევრს კითხულობდა. მიუხედავად იმისა, რომ დედისერთა იყო, სრულებითაც არ იყო ჩაკეტილი. ტრიალებდა ყველგან, სკოლაში, მეგობრებში, მეზობლებში. ბოლო შეხვედრისას დიდი სიყვარულით და სიამაყით მითხრა: მე ჯარში წავედიო. მე კი გავეხუმრე: მაშ მშვიდად ვიყო გიორგი-მეთქი? დიახ, გჯეროდეთ ჩემიო. დავიჯერე გიორგი, დავიჯერე...''
დედა:
,,მისი თანაკლასელი, ხვიჩა ქოქუაშვილი გიორგისთან ერთად იყო ომში, ის მიყვებოდა, ერედვში, ზოგი მაღლობზე ყოფილან, ზოგი ქვემოთ. ცოტა ხნით ჩრდილში ისვენებდნენ. მაღლობზე მყოფებს რომ დაუნახავთ, თვითმფრინავები მოდიანო, დაუძახიათ, დაწექითო. დაწოლილან, მაგრამ კასეტური ბომბი ჩამოვარდნისთანავე არ აფეთქებულა, ბიჭები წამომხტარან და აფეთქებულა კიდეც...
4 ბიჭი იყო ერთად და ოთხივე ამ ბომბმა იმსხვერპლა. ბიჭებს რომ დაუნახავთ, გამოქცეულან საშველად, ჩემი გიორგი უკვე გარდაცვლილი ყოფილა"...
დედის გულმა იგრძნო თავს დამტყდარი უბედურება:
- "რაღაცას ვგრძნობდი, ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი. სულ ტელევიზორს მივჩერებოდი, იქნებ რამე გამეგო, ხან ხვიჩას დედასთან ავდიოდი, იქნებ იმან გაიგო რამე-მეთქი, სადაც ხალხს დავინახავდი შეკრებილს, იქ მივდიოდი, ჩემს დანახვაზე იშლებოდნენ...
მიკვირდა რა ჭირთმეთქი, მეზობელთან მივედი, გიორგის ვერ ვუკავშირდები, გამომყევი, ბილაინის ბარათი მაყიდინე, დამეხმარე-მეთქი, ეს რომ ვთხოვე, მეზობელმა ზურგი შემაქცია, მეორე მეზობელს უთხრა: წაიყვანეო...
თურმე ყველამ იცოდა ჩემი უბედურება, სოფელში მოსულან და უთქვამთ, როგორ მივიდეთ დედამისთანო... როგორმე უნდა გავაგებინოთო. ჩემს დისშვილთან მისულან, ჩემ დასთან... მეზობლები შინ არ მიშვებდნენ, მარტო არ მტოვებდნენ... ჩემი მეუღლე მოვიდა მერე, დაიხარა, მაკოცა. გამიკვირდა, რა მოუვიდა-მეთქი. ჩემს მეუღლეს უკვე სცოდნია რომ შვილი აღარა გვყავს... მითხრა, წადი სახლში, მეც მალე მოვალო. მივედი სახლში, ჩემი და ჩამოიყვანეს, ჩემმა დამ სახლში შემიყვანა, ჩემმა დისშვილმა შემომაპარა, გიორგი დაჭრილიაო...
11 საათზე დარეკავენ და გვეტყვიან სიმართლესო. თურმე 11 საათსელ ოდებიან, რომ მოასვენონ გიორგი. მთელი სოფელი ჩემთან სახლში იყო, მთელი სოფელი ფეხზე იდგა, ერთად მოასვენეს ჩემი შვილი და ილურიძე...
14 აგვისტოს დავკრძალეთ ჯაფარიძეში. ბიჭები ხშირად ადიან გიორგის საფლავზე...
ძალიან რთულია და გაუსაძლისი გიორგის გარეშე ცხოვრება. ძალიან უნდოდა, რომ სამხედრო ბილეთი მალე აეღო და სასაზღვრო პოლიციაში დაეწყო მუშაობა, ძალიან უნდოდა, რომ ფორმა სცმოდა... ძალიან თბილი და კარგი დედაშვილობა გვქონდა. შვილი რომ მეყოლება აუცილებლად შენი სახელი უნდა დავარქვაო, მპირდებოდა...
გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით. რაიონის ცენტრში გაკეთდა მემორიალური დაფა და მოედანი, რომელსაც `სამშობლოსთვის თავდადებულის'' სახელი დაერქვა... ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ არა, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მენატრება ჩემი შვილი... ერთადერთი ისღა მაცოცხლებს, რომ მისი სულისთვის ვილოცო. მე გამწარებული, მაგრამ მაინც ამაყი დედა ვარ, რადგან გმირი გამიზრდია. ჩემი შვილი სამშობლოს ერთიანობას შეეწირა. გიორგის მსგავსად დაღუპული ბიჭების სახელები ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება, როგორც გმირების...
~ ნათელა იაკობიშვილი, გიორგის მეზობელი:
"ძალიან კარგი, სათნო, ზრდილი ბავშვი იყო. მამა არ ჰყავდა, ობლობაში იზრდებოდა, დედამ გაჭირვებაში გაზარდა მეზობლების დახმარებით. ყველას გვაქვს ჩვენი წვლილი შეტანილი მის გაზრდა-დავაჟკაცებაში. დაუზარელი ბიჭი იყო, რა უნდა გეთხოვა, რომ არ გაეკეთებინა... ალბათ, დედის გული გრძნობდა, რაღაცას, წინა დღეებში, სანამ გიორგი დაიღუპებოდა, ლიზა ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ხან ჩვენთან შემოდიოდა ხან მეორე მეზობელთან. თან თავს იმშვიდებდა, თან ნერვიულობდა, ვაიმე, ჩემს გიორგის კი არ წაიყვანენ ომში, მაგრამ რამდენი ბიჭი წავიდა და რამდენი იღუპებაო...
იმ დღეს, როცა გიორგი დაიღუპა, დედამისმა საერთოდ დაკარგა მოსვენება, მთელი დღე აღმართ-დაღმართ დადიოდა, ყველა მეზობელთან შედიოდა, ვერ ვისვენებო... ვანუგეშებდით დაწყნარდი ლიზა გიორგის ომში არ წაიყვანენო, მაგრამ ვერაფრით ვაწყნარებდით... ბევრი მსმენია ომზე, წამიკითხავს, მაგრამ გიორგის დაღუპვამ ომის საშინელება, სულ სხვანაირად განმაცდევინა...…
8 აგვისტოს გავიგეთ მისი დაღუპვის ამბავი, ვიცოდით მეზობლებმა, მაგრამ დედამისს ვერაფერს ვეუბნებოდით, მის მალულად ყველა ვტიროდით. როდესაც უკვე უნდა მოესვენებინათ, გამოუვალი სიტუაცია იყო, უნდა გვეთქვა... მე მომიწია დედამისისთვის მძიმე და საშინელი სიტყვების თქმა, ლიზა გამაგრდი, გიორგი აღარა გყავს-მეთქი. ლიზას გიორგი აღარ ჰყავს, მას გმირი გიორგი ჰყავს...''
მეგობრის წერილი
"მინდა ყველამ იცოდეს, როგორ იბადებიან და კვდებიან გმირები. მეგიოს მეგობარი ვარ. მე მას ბავშვობიდან ვიცნობდი. სკოლაშიც ერთ კლასში დავდიოდით, მერე მოხდა ისე, რომ ერთმანეთს ვეღარ ვხვდებოდით. მე ვვარჯიშობდი, გიო კი ფიზიკურად მუშაობდა და ამ მიზეზების გამო ვერ ვნახულობდით ერთმანეთს.
2008 წლის 27 მაისს გაგვიწვიეს ჯარში. გიო დედისერთა იყო და იმუნიტეტი იცავდა, მაგრამ მოხალისედ წამოვიდა. ძალიან უნდოდა ჯარში. ორკვირიანი სწავლების შემდეგ მოხდა ჩვენი სხვადასხვა ნაწილში გადანაწილება. ჩვენ კი ერთად ყოფნა გვინდოდა და ორივეს მონდომებით ისევ ერთ ნაწილში მოვხვდით. გიორგი შედარებით სუსტი იყო, დიდხანს ვარჯიში, განსაკუთრებით სირბილი უჭირდა, მაგრამ რაც შეეძლო ყველაფერს აკეთებდა. ორი თვე იყო გასული, მუხლები ისე ასტკივდა, რომ ვეღარ დადიოდა. ექიმებმა უთხრეს, შენი ჯარში დარჩენა არ შეიძლებაო. გადაწყდა, რომ სამ დღეში დროებით უნდა გაეკომისიებინათ, მაგრამ გიორგი დიდ უარზე იყო.
ომი დაიწყო. მეთაურმა გიოს უთხრა, შენ უნდა დარჩეო. გიომ მეთაურის ბრძანება არ მიიღო და უთხრა, სადაც ჩემი ძმები არიან, მეც იქ უნ და ვიყოო. აიღო აღჭურვილობა და რომელ მანქანაშიც მე ვიჯექი, იქ ამოვარდა და გვერდით მომიჯდა. შემომხედა და მითხრა, "აქამდე ერთად მოვედით და საომრადაც ერთად წავალთო. ბედნიერები ვიყავით, რადგან სამშობლოს დასაცავად უნდა გვებრძოლა. არავინ იცოდა, წინ რა გველოდა. გორს რომ გავცდით, რომელიღაც სოფელში გავჩერდით და ფეხით გავაგრძელეთ გზა, როგორც ჩვენ მივდიოდით, გიორგიც ისე მო გვყვებოდა. ერთი სიტყვაც არ უთქვამს, დავიღალეო ან ფეხები მტკივაო. ორი დღე ასე მოგვიწია სიარული. არაფერი წინააღმდეგობა არ შეგვხვედრია.
ბოლოს სოფელ ერედვში გავაკეთეთ შესვენება. ხუთი-ათი წუთი არ იყო გასული, რომ რუსეთის ავიაცია შემოვიდა და დაბომბვა დაიწყო. მე დავინახე, როგორ დაეცა მიწაზე გიო. გიოსთან ერთად ჩვენი სამი თანამებრძოლიც დაიღუპა. ეს საშინელება იყო. აზრზე ვერ მოვდიოდი. ასე დაასრულა გიომ თავისი ვაჟკაცური სულის მქონე სიცოცხლე. შემიძლია ბევრი რამ მოგიყვეთ გიოს შესახებ, მაგრამ საკმარისია ისიც, რაც გადმოგეცით, იმისთვის რომ ყველამ გაიგოს, თუ როგორი ვაჟკაცური და პატრიოტული სული ჰქონდა. მინდა ყველამ პატივი სცეს მის გმირ სახეს და იმ ბიჭების ხსოვნას, ვინც ჩვენს გულებში სიცოცხლის ბოლომდე დარჩება. ყველას ძალიან გვენატრები. მინდა შენმა სულმა სიმშვიდე ჰპოვოს".
ხვიჩა ქოქუაშვილი (გიორგი აბიათარის მეგობარი)
წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი" N49(91)-ის არქივიდან 2010 წ.