"საქართველოს სეპარატისტული რეგიონების რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ მიმართულ ღონისძიებებს კანონიერი ძალა არ გააჩნია".

14:57 08-08-2017
78

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, სეპარატისტული რეგიონების რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ მიმართულ ღონისძიებებს კანონიერი ძალა არ გააჩნია

"სეპარატისტულ რეგიონებში თავისუფლად გადაადგილების კიდევ უფრო შეზღუდვის მიზნით ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები - მაგალითად, ახალი აბრებისა და ფიზიკური დაბრკოლებების აღმართვა, თუ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე რამდენიმე გამშვები პუნქტის დახურვა - კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საპირისპირო შედეგს იძლევა. საქართველოს სეპარატისტული რეგიონების რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციისკენ მიმართულ ღონისძიებებს კანონიერი ძალა არ გააჩნია. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აგრძელებს საკუთარი მისიის შესრულებას და აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში.

ჩვენ აგრეთვე მოვუწოდებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღნუსხვის, დაცვისა და შენარჩუნებისკენ. ასეთივე ნაბიჯები უნდა გადაიდგას იძულებით გადაადგილებულ პირთა ქონების დასაცავადაც. საქართველოსთვის ფართო დიპლომატიური მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკის ზედმიწევნით დაცვის პირობებში, ასევე ვახორციელებთ ფართომასშტაბიან პროგრამებს სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩართულობის გასაზრდელად. ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელებაში მიღწეული წინსვლა, ისევე როგორც მობილობა და უვიზო მიმოსვლა ხელს უწყობს კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრისთვის პირობების გაუმჯობესებას", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე