პუტინმა ღია გზავნილი გააკეთა, რომ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას - ქეთევან ციხელაშვილი

10:24 08-09-2017
83

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის შეხვედრა რუსეთის იმ ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც იგი ბოლო ცხრა წელია საქართველოში ახორციელებს. მინისტრის თმით, საქართველო არ ეგუება და არც მომავალში შეეგუება ოკუპაციას.

მისი თქმით, დეოკუპაციის პოლიტიკა იქნება აბსოლუტურად შეუხრელი და პრინციპული, ამაში საქართველოს აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა არის ძალიან მყარი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, დე ფაქტო მთავრობების მიერ ყოველდღიურად იდგმება ნაბიჯები რუსულ სივრცეში მეტი ინტეგრაციისთვის, რასაც ქართული მხარე უპირისპირებს შერიგებისა და ნდობია მშენებლობის პოლიტიკას, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობას, რომლისგანაც მტკიცე მხარდაჭერა აქვს საქართველოს.

„ეს ვიზიტი შედგა სწორედ 8 აგვისტოს, აგვისტოს ომის 9 წლისთავზე და ფაქტობრივად, ამით პუტინმა ღია გზავნილი გააკეთა, რომ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, აგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელსაც უმძიმესი შედეგები მოჰყვა 9 წლის განმავლობაში და ასევე, აგრძელებს კონტროლს ამ ტერიტორიებზე.

ჩვენ აუცილებლად გავააქტიურებთ ჩვენს შერიგების და ნდობის მშენებლობის პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ და რომელსაც რუსეთი და საოკუპაციო პოლიტიკა მიზანმიმართულად უშლის ხელს ამგვარი ვიზიტებით, მავთულხლართების მშენებლობით თუ სხვადასხვა პროვოკაციებით 9 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. 

მისი თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე მაღალ ფორმატში დგას საქართველოს საკითხი.

„მგონია, რომ ასეთ შემთხვევაში ჯობს ვიხელმძღვანელოთ შედეგებით, იმ გზავნილებით, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ საერთაშორისო თანამეგობრობისგან და ჩვენ ბოლო პერიოდში უპრეცედენტო მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ძალიან მყარი გახლავთ არაღიარების პოლიტიკა და წლების განმავლობაში სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახსოვთ, რომ ხუთიდან ორმა საერთოდ გაიწვია აღიარება და რუსეთს ჩაუვარდა აღიარების პოლიტიკა“, - განაცხადა ციხელაშვილმა.