ამბობენ, რომ სწორედ ჰენრიხ ჰრინევსკისა და მარია პერინის პროტოტიპები იყვნენ, კახი კავსაძე და ალისა ფრეინდლიხი, „ვერის უბნის მელოდიებში“. ქმარი სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი გახლდათ, ცოლი კი – ქართული ბალეტის ფუძემდებელი. ამ ადამიანებს სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთიც და საქართველოც. ასეთ გრძნობებს კი კომუნისტები არავის პატიობდნენ.
როგორც სამხატვრო აკადემიის რექტორმა გია ბუღაძემ გვიამბო, სწორედ აკადემიის ეზოში იდგა საოცარი კოშკი, სადაც ჰრინევსკის ოჯახი ცხოვრობდა. მომავალი მხატვარი ქუთაისში პოლონელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. მამის გარდაცვალების შემდეგ დედასთან ერთად იტალიაში წავიდა, სადაც ფლორენციის ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა. შემდეგ სწავლა გერმანიაში კარლსრუეს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში განაგრძო, ბოლოს კი ისევ იტალიაში დაბრუნდა, სადაც სამხატვრო განათლება მიიღო. სავარაუდოდ, სწორედ მაშინ გაიცნო მარია პერინიც. ჰრინევსკი დავით ჩუბინაშვილთან, იაკობ ნიკოლაძესთან, ევგენი ლანსერესთან და ანატოლი კალგინთან ერთად თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო.
მარია
გია ბუღაძე: „აქ სანამ აკადემია შეიქმნებოდა, მანამდე არტისტული სკოლა და ბალეტის სტუდია იყო, რომელსაც ჰენრიხ ჰრინევსკის მეუღლე, ქალბატონი მარია პერინი ხელმძღვანელობდა. გიორგი შენგელაიას თავის ფილმში გაშარჟებული ჰყავს ეს წყვილი“. თავად რეჟისორი ამ ფაქტს უარყოფს, თუმცა პერინის ბიოგრაფიიდან ერთი საგულისხმო დეტალი შეიძლება გეცნოთ კიდეც. მარია პერინის მოწაფეები იყვნენ ნინო რამიშვილი და ვახტანგ ჭაბუკიანი.
ნინოს დედა – "როზალია თავიდანვე ამჩნევდა შვილს ნიჭიერებას და ცდილობდა, მისთვის ხელი შეეწყო. ამიტომ თბილისში იმ დროისთვის განთქმულ პერინის საბალეტო სკოლაში შეიყვანა. თუმცა მათ ოჯახს ძალიან გაუჭირდა სწავლის საფასურის გადახდა და ნინო, ცეკვიდან გამოიყვანეს. მაშინ მარია პერინი თავად ეახლა როზალიას და განუცხადა, რომ ნინო რამიშვილს უფასოდ შეეძლო მის სტუდიაში ესწავლა.
თავად მარიას დებიუტი სწორედ თბილისის ოპერაში შედგა 32 ფუეტეთი, ის ცნობილი იტალიელი მოცეკვავის, ენრიკო ჩეკეტის მოსწავლე იყო. ძალიან უყვარდა ცეკვა და თავის მოწაფეებში მთელ ენერგიას დებდა, ამიტომაც ძალიან ბედნიერი იყო, როცა 1936 წელს იტალიაში დაბრუნებამდე ვახტანგ ჭაბუკიანის პირველი ქართული ბალეტის პრემიერას დაესწრო.
„პერსპექტივა“
გია ბუღაძე ყვება, რომ მარისა და ჰენრიხს სწორედ ის ღვაწლი არ აპატიეს, რომელიც მათ საქართველოსთვის გაწიეს. ამ ნიჭიერი ადამიანების ბევრს შურდა კიდეც.
„კოშკი, სადაც ჰრინევსკი და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ, უკვე აღარ არსებობს. საერთოდ, მაშინ მიღებული ფორმა იყო, პროფესორები უმაღლეს სასწავლებლებში ცხოვრობდნენ. აქ სწავლობდნენ ვახტანგ ჭაბუკიანი, ნინო რამიშვილი და სოლიკო ვისრალაძეც, რომელიც საქართველოს ისტორიაში, ალბათ, ყველაზე დიდი სცენოგრაფია. პერინისთან ოჯახური სიტუაცია იყო, ჭაბუკიანი პერინის დედად მიიჩნევდა. საერთოდ, მაშინ საქართველოში ბევრი პოლონელი და იტალიელი ემიგრანტი იყო და ისინი ეროვნულგანმათავისუფლებელ მოძრაობასაც კი უწყობდნენ ხელს.
ფაქტობრივად, ამ ოჯახმა ქართული კულტურის განვითარების კერა შექმნა. ჰრინევსკიმ მოხატა საჯარო ბიბლიოთეკა, მისი შექმნილია ქაშუეთის საუკეთესო ხატები, ერთ-ერთია ღვთისმშობელი ყრმა იესოთი. ის წლების განმავლობაში მუშაობდა პერსპექტივის წიგნზე. ეს იყო ერთ-ერთი სერიოზული მისი ნამუშევარი და სხვათა შორის, არსებობს ვერსია, რომ სწორედ ამ წიგნის ხელში ჩასაგდებად დაასმინეს ის უშიშროებაში. ცნობილია, ვინ იყო მისი დამსმენიც, მან მიითვისა ჰრინევსკის წიგნი, თუმცა მისი შვილები და შვილიშვილები დღესაც ცოცხლები არიან და ამიტომაც თავს შევიკავებ ამ ადამიანის სახელისა და გვარის დასახელებისგან“.
ავტორი, ვის წიგნადაც ახლა „პერსპექტივას“ მიიჩნევენ, ფერმწერი იორამ მამალაძეა და სამწუხაროდ, იორამობაც იმ დროში ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა.
მუსოლინი
ჰრინევსკი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ერთ-ერთი ხელისშემწყობი იყო და თავისი არაქართული წარმომავლობის მიუხედავად, ბევრ ქართულ საქმეს აკეთებდა. მაგალითისთვის ის მონაწილეობდა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის მიერ მოწყობილ სამეცნიერო-სამხატვრო მივლინებებში (ქუთაისი, ბორჩალო, გორი, ახალციხე), რომლის მიზანი იყო უძველესი ფრესკების გადმოღება, ძველი ქართული არქიტექტურული ძეგლების აზომვა და ნატურიდან აკვარელით ჩანახატების შესრულება.
მის გარეშე არ ტარდებოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ ჩატარებული ღონისძიებები. 1912 წელს ის იყო კავკასიის კაზმული ხელოვნების წამახალისებელ საზოგადოებასთან არქიტექტურული სექციის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი. ამ სექციის მიზანს წარმოადგენდა ძველი არქიტექტურისა და ფერწერის შესწავლა საქართველოში. ძნელი მისა ხვედრი არ იყო, რომ მას ბოლშევიკები კარგი თვალით არ შეხედავდნენ.
1936 წელს მათ ჯერ მარია პერინი გაასახლეს იტალიაში, შემდეგ კი, 1937 წელს, 67 წლის ჰრინევსკი დახვრიტეს. ამბობენ, რომ ჰენრიხი ახლოს იცნობდა ბენიტო მუსოლინის და სწორედ ამ კავშირმა დაღუპა. თუმცა ეს რეალურად მხოლოდ საბაბი იყო. ჰენრიხ ჰრინევსკის საქმე უშიშროებაში აღარ არსებობს, ისე დაიწვა.
სამაგიეროდ, არსებობს სამეულების სხდომის ოქმი, რომლის თანახმადაც, ჰრინევსკი 1937 წელს, დახვრიტეს.
გია ბუღაძე: „მე მიყვებოდა იორამ ხახუტაშვილი, რომელსაც ახსოვდა ბატონი ჰრინევსკი, რომ, როდესაც დილით აკადემიაში დაბრუნდნენ სტუდენტები, ჰენრიხის ხელნაწერები და ჩანახატები აკადემიის ეზოში იყო მიმოფანტული, წარმოიდგინეთ, რა დამთრგუნველი სანახაობა იქნებოდა. ჩექმით იყო ყველაფერი გათელილი და სტუდენტები სათითაოდ აგროვებდნენ. იმ ღამით ჰრინევსკი წაიყვანეს“.
ავტორი: მარიტა დამენია.
წყარო: გაზეთი "პრაიმტაიმი "N45(87)-ის არქივიდან 2010 წ.