ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გუბერნატორების მიერ თანამდებობის დატოვებას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამსახურის გარეშე არავინ დარჩენილა, ერთი კერძო სექტორში გადადის და მეორე - ფინანსთა სამინისტროში.
მისი თქმით, თანამდებობებზე ადამიანების ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია და ამაში განსაკუთრებული არაფერია.
"როგორც მოგეხსენებათ, თვითონ ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც ახალი გუნდი მუშაობს. ერთი წელიც არ არის გასული. პროცესია. რამდენიმე გუბერნატორის შეცვლა მოხდა. ისინი სხვადასხვა სამსახურებში გადავიდნენ. მუშაობას აგრძელებენ და აბსოლუტურად სამსახურის გარეშე არავინ დარჩენილა. ახლა იცვლება კიდევ ორი გუბერნატორი. ისინიც სამსახურებში გადადიან, ისეთში, რომლებიც მათთვის კომფორტულია და აგრძელებნ სამუშაოებს. ერთი კერძო სექტორში გადადის თუ არ ვცდები, მეორე გუბერნატორი ფინანსთა სამინისტროში აგრძელებს მუშაობას. დინამიური პროცესია და ცვლილებები ხდება. ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება ახალ გუბერნატორებს, შევარჩევთ ახალ, კარგ გუბერნატორებს, რომლებიც იმ გამოწვევებს, რა გამოწვევებიც გვაქვს, სივრცით მოწყობაზე რომ ვსაუბრობთ გულისხმობს ძირითადად რეგიონების განვითარებას და ამას უპასუხებენ. რეგიონებში ვაკეთებთ ყველა ამ პროექტებს, გუბერნატორები არიან მთავრობის წარმომადგენლები რეგიონებში და აქედან გამომდინარე, ისინი ძალიან აქტიურად იქნებიან ამ პროცესებში ჩართული. დინამიური პროცესია, ახალი და გასაკვირი არაფერი ხდება. ამ ეტაპზე სხვა არაფერი განსაკუთრებული არ იგეგმება, თავისი ნებით თუ ვინმე არ წავა, არაფერი იგეგმება. ეს ადამიანებიც საკუთარი განცხადებებით გადავიდნენ. ისინი ჩვენი გუნდის წევრები არიან. არჩევნებს არ უკავშირდება ეს ცვლილებები. გუბერნატორები არჩევნებს არ ატარებენ. სამეგრელოს, სამცხე ჯავახეთის და იმერეთის გუბერნატორი ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას", - განაცხადა ალავიძემ.