ავტორი:სალომე ჩადუნელი
პოლიტიკური მოძრაობიდან პროვოკაციულ მოძრაობამდე – „გირჩი“ უკვე იმ ცელქ ბავშვს ჰგავს, რომელსაც ვერც კუთხეში აყენებენ და ვერც არჯულებენ. არადა, თავისი პროვოკაციულობით თითქოს სახიფათოც ხდება და ეპატაჟურიც. ეს ქართულ პოლიტიკაში რაღაც ახალი მიმდინარეობაა. „გირჩი“ რეიტინგის ასაწევად არც პოპულიზმს მისდევს და არც ქარიზმატულ ფიგურებს ეძებს. ისე ჩანს, თითქოს ამჯერად მათი მისია კანონმდებლობაში შავი ხვრელების გამომზეურებაა.
პირველი ნაბიჯი მარიხუანის საჯაროდ დათესვა იყო, რომელსაც რელიგიური ორგანიზაციის დაარსება, მღვდელმსახურები და გასაბერი ეკლესიის თემა მოჰყვა. ამჯერად „გირჩმა“ წინასაარჩევნო პერიოდი გამოიყენა და საარჩევნო სისტემაში არსებული ხარვეზების გამოვლენა დაიწყო.
დარტყმა ცესკომ მიიღო. თუმცა, პროვოკაცია არ შეიმჩნია და კანონის შავი ხვრელი თვალებზე ისე აგვაფარა, არც გაწითლებულა.
ისტორია კი იუმორის სტილში დაიწყო და კურიოზის ჟანრში დასრულდა.
ჩვენ ვნახეთ ვიდეო, სადაც „გირჩების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ხელს აწერს ცესკოში გასაგზავნ დოკუმენტებს, შემდეგ როგორ მიიტანეს ეს ხელმოწერები ფაიტონით საარჩევნო კომისიაში და კომისიას ჩააბარეს.
რამდენიმე დღეში ცესკომ განაჩენი გამოაცხადა და თქვა, რომ „გირჩების“ მიერ ჩაბარებულ დოკუმენტებში ხარვეზები აღმოაჩინა. მან პარტიას სთხოვა, ხარვეზები დათქმულ ვადებში გაესწორებინა.
ხარვეზი კი არა, ეს გაყალბება იყო, – უპასუხეს „გირჩებმა“. ეს პროვოკაციული პასუხი საარჩევნო კომისიაში უკვე არ შეიმჩნიეს. როგორც ცესკოში განმარტავენ, კანონი მათ მხოლოდ ხარვეზების დაფიქსირების ლეგიტიმაციას აძლევს და გაყალბებულია თუ არა ხელმოწერა, ამის შემოწმების საშუალება არ აქვთ. ამ მოსაზრებას იურისტი ლევან ალაფიშვილი უკვე არ ეთანხმება.
მისი აზრით, „გირჩებმა“ საკმაოდ ჭკვიანური პროვოკაცია მოიფიქრეს და შეძლება ითქვას, ცესკო რთულ ვითარებაშიც კი ჩააყენეს. მას ევალებოდა, საქმე პროკურატურისთვის გადაეცა, რათა გაყალბების ფაქტები გამოძიებულიყო, მაგრამ ეს არ გააკეთა იმის შიშით, რომ პარტიას შემდეგ შუამდგომლობა არ დაეყენებინა და სხვა პარტიების ხელმოწერების შემოწმებაც არ მოეთხოვა.
„შეიძლება პროვოკაცია ან ეპატაჟი დაარქვათ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ამ ქმედების არსია, საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფოს სისტემაში არსებული ხარვეზები დავანახოთ. მათ შორის ის აბსურდული და სასაცილო ხარვეზები, რომელიც გვაქვს და რომელზეც, „გირჩის“ გარდა, ხმამაღლა არავინ საუბრობს.
ცესკოს შემთხვევაში კონკრეტულად ვაჩვენეთ, რამდენად აბსურდული და მარაზმულია ის სისტემა, რომელიც არსებობს და რომელიც პოლიტიკურ პარტიებს საშუალებას აძლევს, ხელმოწერები გააყალბონ, გადმოწერონ სხვადასხვა ბაზებიდან, ჩააბარონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ამის შედეგად არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბარში ზურა ჯაფარიძე.
ინფორმაციისთვის: საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტია პარლამენტის წევრი არ არის, მან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 25 000 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს და ცესკოს წარუდგინოს. მხარდამჭერების სიების შეგროვებისა და შემოწმების წესს სარჩევნო კოდექსის 37-ე და 38-ე მუხლები არეგულირებს, სადაც დეტალურად არის გაწერილი, რა რეკვიზიტები უნდა ახლდეს მხარდამჭერების სიას ცესკოში წარსადგენად.
ანა მიქელაძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი: „კანონმდებლობის თანახმად, მხარდამჭერთა სიაში, ერთ ბლანკზე განთავსებულია 30 მხარდამჭერის ხელმოწერა და რეკვიზიტები: ამომრჩევლის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი, რიცხვი, თვე, წელი – სრულად. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და პირადი ნომრები, მათი მისამართი, ხელმოწერის თარიღი და ხელმოწერა.
თითოეულ ბლანკს აქვს ადგილი, სადაც ხელმოწერის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის რეკვიზიტებია განთავსებულია. ეს არის შემგროვებლის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია და ეს დადასტურებული უნდა იყოს უშუალოდ ხელმოწერის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ“.
ხელმოწერების შეგროვების წესი კონკრეტულად არის გაწერილი, თუმცა, მისი კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. ასე რომ, ნებისმიერ პარტიას შეუძლია „სხვადასხვა ბაზებიდან“ ამომრჩევლის მონაცემები გადმოიწეროს და ცესკოს წარუდგინოს ყალბი ხელმოწერებით.
და მერე რა, რომ ხელმოწერების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. როგორც „გირჩის“ მაგალითზე ვნახეთ, აღიარების მიუხედავად, მათ ეს, შეიძლება ითქვას, მარიხუანის მსგავსად შერჩათ. პროცესი შორს არ წასულა. ცესკოს გამბედაობა არ ეყო, პროკურატურისთვის მიემართა. თუმცა, გამოძიების დაწყებას არც თავად „გირჩი“ ითხოვს. ლევან ალაფიშვილის განმარტებით, ეს სერიოზული ბომბია და ყველას ესმის, რომ მის აფეთქებას ამ ეტაპზე ჯობია, გაყალბება მხოლოდ ხარვეზად შეფასდეს.
არადა, პარტიამ დააანონსა კიდეც, რომ ცესკოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ყალბ ხელმოწერებს წარუდგენდა. ცესკომ შეამოწმა მხარდამჭერთა სია და 27 990 ყალბ ხელმოწერაში 13 რეალური ხელმოწერა აღმოაჩინა, დანარჩენი კი ბათილად ცნო.
ანა მიქელაძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი: „მხარდამჭერთა სიის ბლანკში, გარდა კანონით განსაზღვრული რეკვიზიტებისა, მითითებული უნდა იყოს ხელმოწერის შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირის კონკრეტული რეკვიზიტები, რაც, ასევე, საქართველოს კანონმდებლობითაა გაწერილი. „გირჩთან“ დაკავშირებით პრობლემას წარმოადგენდა და ბათილად იქნა ცნობილი ყველა ის ხელმოწერა, რომელიც არ იყო დადასტურებული ხელმოწერის შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ ან რომელშიც სრულად არ იყო მითითებული კანონით გათვალისწინებული მონაცემები“.
ცესკო „გირჩის“ მახეში გაება. პარტიამ წინასწარ იცოდა შედეგი, რომელიც დადგებოდა. ამიტომ 27 990 მხარდამჭერის ყალბ სიაში 13 მხარდამჭერის მონაცემები ბლანკში ისე შეავსეს, როგორც კანონი ითვალისწინებდა.
ზურა ჯაფარიძე, „გირჩის“ დამფუძნებელი და ლიდერი: „საკუთარი მაგალითით ვაჩვენეთ, რომ საჯაროდ, წინასწარგაცხადებულად 28 000 ხელმოწერა გავაყალბეთ. ნაცვლად იმისა, რომ ცესკოს ეთქვა, ხელმოწერები ყალბიაო, მათი არგუმენტები ყველამ ნახა, რომ დაბადების წელი თურმე ოთხნიშნა რიცხვით უნდა ჩაგვეწერა და ეს იყო მთავარი პრობლემა, თორემ არჩევნებზე გაგვიშვებდნენ. ეს არის ის სისტემა, რომლითაც წლების განმავლობაში ყველა პარტია ატყუებს ამომრჩეველს, რომ თითქოს რამეს აკეთებენ და სინამდვილეში, პოლიტიკურ მოღვაწეობას სიყალბით და ტყუილით იწყებენ.
ჩვენ ეს არ გვინდოდა და ყველას ვაჩვენეთ, როგორ მუშაობს სისტემა. ცესკო დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია და ეს სისტემა საბოლოოდ წყვეტს, ვის ექნება ძალაუფლება ქვეყანაში და ვინ მართავს ქვეყანას“.
ცესკოს განმარტებით, ისინი ხელმოწერის ნამდვილობას ვერ ადასტურებენ და მხოლოდ მიღებული მონაცემებისა და რეკვიზიტების კანონთან შესაბამისობის შემოწმება შეუძლიათ.
„იმ 13 ხელმოწერასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირის რეკვიზიტები შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობას. შემდეგ უშუალოდ ბლანკში მითითებული მხარდამჭერთა მონაცემები შემოწმდა და რა რეკვიზიტებიც სიაში უნდა იყოს, გადამოწმდა, თორემ კონკრეტულ მხარდამჭერს, ვინც სიაშია, ხელი დანამდვილებით ჰქონდათ თუ არა მოწერილი, ცესკო ამის ექსპერტიზას არ ახორციელებს. კანონმდებლობით არ ევალება და ვერც განახორციელებს. შეუძლებელია, უშუალოდ ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა ამისთვის სხვა ორგანო არსებობს. ამ კუთხით ცესკოს ძირითად საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებით რეკვიზიტების შესაბამისობის დადგენა წარმოადგენს“, – ამბობს ანა მიქელაძე.
ცესკომ თავად აღიარა ის, რისი გამოაშკარავებაც „გირჩის“ მიზანი იყო. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერების ხელმოწერის ნამდვილობა არ მოწმდება, რაც აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პოლიტიკური პარტიები გაყალბებული ხელმოწერებით მონაწილეობენ არჩევნებში.
საბოლოოდ, „გირჩს“ არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. პარტიას ამის ამბიცია არც ჰქონდა. გაცხადებული იყო, რომ თუ „გირჩი“ 25 000 ელექტრონულ ხელმოწერას ვერ შეაგროვებდა, არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა.
„ცესკო აღიარებდა თუ არ აღიარებდა ამ ხელმოწერებს, არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებდით, რადგან 25 000 ხელმოწერა არ შეგვიგროვებია, შევაგროვეთ 7000-ზე ცოტა მეტი, ონლაინაპლიკაციის გზით. რეალური ხელმოწერებიდან ცესკოში არც ერთი არ მიგვიტანია, რადგან პატივი ვეცით იმ ადამიანებს, ვინც მხარდაჭერა გამოგვიცხადა და, ცხადია, სიყალბეში მათ მონაწილეობას არ მივაღებინებდით“, – ამბობს ზურა ჯაფარიძე.
„გირჩმა“ პოლიტიკურ პროვოკაციებზე საქართველოში ექსკლუზივი ნამდვილად აიღო, მაგრამ რამდენად კარგად აისახება ეს ნაბიჯები პარტიის ლიდერისა და, ზოგადად, პარტიის იმიჯზე, რეიტინგზე? ზურა ჯაფარიძისთვის სასაცილოა ვარაუდი, რომ პროვოკაციული ნაბიჯები მათ რეიტინგზე შესაძლებელია, უარყოფითად აისახოს.
„ამ ქმედებებს კონკრეტული მიზანი აქვს. ეს შეიძლება იუმორისტულიც იყოს, ეპატაჟსაც შეიცავდეს, მაგრამ ეს არის გზა, მოქალაქეებს სისტემაში არსებული ხარვეზები დავანახოთ. სხვა გზა, რომ მიიქციო ყურადღება და ადამიანებს დაანახო ის მარაზმი, სადაც ცხოვრობს, ჩვენ არ ვიცით. ამის გამო, თუ ჩვენ ვინმე აგვითვალწუნებს და „გირჩს“ იმიჯი გაუფუჭდება, ჩვენთვის სასაცილოცაა. „გირჩის“ გარდა, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში 241 პარტიაა რეგისტრირებული. ჩვენ ვართ ისეთები, როგორიც ვართ. ჩვენ არ გვეშინია არც იუმორის, არც დაცინვის, არც ეპატაჟის და არც სერიოზული საუბრის. ნებისმიერი ქმედებისთვის მზად ვართ, რომ ჩვენი მიზნისთვის ვიბრძოლოთ, რაც მეტი თავისუფლებაა“, – ამბობს ზურა ჯაფარიძე.
„გირჩი“ გაჩერებას არ აპირებს და მორიგ პოლიტიკურ პროვოკაციებს აანონსებს. მომავალ ჯერზე მერობის კანდიდატების „გამოჭერას“ შეეცდება და მათ საჯარო დებატებში გამოიწვევს.
„მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ ფოკუსირებულები ვიქნებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ვაპირებთ, რომ მოქალაქეებს ყველა იმ დაპირების შინაარსიანი კრიტიკა ვაჩვენოთ, რომელსაც მერობის კანდიდატები იძლევიან, წინასაარჩევნო კამპანიის სიყალბე ვაჩვენოთ პარტიებისა და პარტიების კანდიდატების მხრიდან. განცხადებები ამ სიყალბით სავსეა. პირველი ხართ, ვისაც ვეტყვით – ჩვენ დებატებში პარტიებსა და მათ კანდიდატებს გამოვიწვევთ, რათა ვნახოთ, რამდენად შეძლებენ ჩვენთან კამათში დაასაბუთონ, რამდენად რეალისტურია დაპირებები და გადაჭრის თუ არა პრობლემებს“, – ამბობს ზურა ჯაფარიძე.