ავტორი:ქეთი ხატიაშვილი
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას განსხვავებული მოთხოვნები აქვთ. ძირითადი პოლიტიკური პარტიები მხოლოდ საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვენ – პროპორციულზე გადასვლას და პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების დატოვებას, არასაპარლამენტოები კი ბარიერის დაწევას და ბლოკების შესაძლებლობას.
შეძლებენ თუ არა ისინი საკუთარი მოთხოვნების გაერთიანებას და შედგება თუ არა ვენეციის კომისიაში პოლიტიკური პარტიების შეხვედრა. მმართველი პარტია და ოპოზიცია ამჯერად ერთმანეთს მხოლოდ შეკითხვებით მიმართავენ. „ქართულ ოცნებას“ აინტერესებს, კონკრეტულად რა სურს ოპოზიციას; ოპოზიციას კი აინტერესებს, ითქვას, რის დათმობაზეა თანახმა მმართველი ძალა.
სავარაუდოდ, ამ კვირაში ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსულტაციები უნდა განახლდეს. პარლამენტში აცხადებენ, რომ უმრავლესობის ლიდერები მზად არიან კონსულტაციებისთვის. თუმცა, რამდენად მზად არის ოპოზიცია?
არასაპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი მაინც საპარლამენტო ოპოზიციაა, რადგანაც სწორედ ის მონაწილეობს კენჭისყრებში.
თუმცა, როგორც „პრაიმტაიმს“ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა განუცხადა, ოპოზიციის უმრავლესობას უკვე აქვს საერთო პოზიცია შემუშავებული. მისი განმარტებით, მათთვის მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, საარჩევნო სისტემის შეცვლა – მაჟორიტარების გაუქმება და მხოლოდ პროპორციულზე გადასვლა.
მისივე განმარტებით, ამის შემდეგ ოპოზიცია უკვე სხვა საკითხებს დააყენებს. მათ შორის იქნება ბონუსები, ბარიერი და ბლოკები.
პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციას მოუწოდა, წერილობით გააფორმოს ის პირობები, რისი შეცვლის შემდეგაც ისინი კონსტიტუციის პროექტს მხარს დაუჭერენ.
შეხვედრის მორიგი რაუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიაში 6 სექტემბერს არის დაგეგმილი. მანამდე პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას მოუწოდებს, კომისიაზე უკვე შეჯერებული წინადადებებით წავიდნენ:
„ამ საკითხზე ჩვენ კონსულტაციები უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, სტრასბურგში წასვლა სწორი არ არის იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის ვითარება წინასწარ არ არის შემზადებული. წინასწარი კონსულტაციები გვექნება, მათ შორის ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან და დისკუსიის ფორმატი ამის საფუძველზე უნდა განისაზღვროს.
სტრასბურგის დაანონსებული შეხვედრაც, რა თქმა უნდა, ამ ფორმატის ერთ-ერთი ნაწილია. მე წავალ თუ არა, ვერ გეტყვით, ეს ფორმატზეა დამოკიდებული. ფორმატი ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. ამაზე გადაწყვეტილებას მივიღებთ.
ფორმატთან დაკავშირებით კონსულტაციები გვექნება. რაც შეეხება ცვლილებებს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში შეიძლება შევიდეს. ეს, პირველ რიგში, იმ მოთხოვნებზეა დამოკიდებული, რომელიც ოპოზიციამ უნდა დააყენოს. სწორედ მათ უნდა წამოაყენონ თავიანთი მოთხოვნები იმისთვის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე პროდუქტიული კონსულტაციები შედგეს“, – განაცხადა კობახიძემ.
თუმცა, სანამ ირაკლი კობახიძე ოპოზიციის წინადადებას ელოდება, ოპოზიციას მმართველი პარტიისგან სურს, გაიგოს, რა დათმობებზეა ის მზად წასასვლელად.
ფრაქცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარის გიგი წერეთლის განმარტებით, შეთავაზება უნდა იყოს ხელისუფლების მხრიდან.
„საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რაღაც უნდა გამოვაცხადოთ და ვთქვათ და შევთავაზოთ, მგონი, არასწორი მიდგომაა. პირიქით, ხელისუფლებამ უნდა თქვას, რა უნდა მას. მან იცის ეს ველი, რა არის სამოქმედო, იცის საკითხები და უნდა თქვას, რაში შეიძლება კომპრომისი და იმ მთავარ საკითხამდე მისვლა, რომ იყოს კონსენსუსი და იყოს შეთანხმება“, – აღნიშნა წერეთელმა.
მისივე განმარტებით, საპარლამენტო ოპოზიცია რამდენიმე საკითხს აყენებს პრინციპულად. ეს არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების დატოვება. სხვა საკითხებს, მათ შორის ბარიერის დაწევის საკითხს, ისინი არ აყენებენ. „ხელისუფლებას სურს, ახლა ისეთი სურათი დახატოს და ისე გამოიყვანოს ვენეციის კომისიასთან, თითქოს ჩვენ, ოპოზიცია, ვერ ვთანხმდებით, თუმცა ჩვენ შეთანხმებული ვართ, საარჩევნო სისტემის შეცვლას – პროპორციულზე გადასვლას და პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებს – საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს და ამ მოთხოვნებს ნაციონალებიც ეთანხმებიან და რამდენადაც ვიცი, პატრიოტებიც“, – განმარტავს წერეთელი.
გიგი წერეთლის განმარტებით, მოსაძებნია ის იურიდიული ფორმაც, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს უკვე ორი მოსმენით მიღებულ დოკუმენტში შესაძლებელს გახდის.
საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობის დროს მმართველი პარტია მზად იყო, პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად, თუმცა მაშინ ოპოზიციამ არც კონსტიტუციის ამ ვარიანტს დაუჭირა მხარი. გიორგი ახვლედიანის განმარტებით, ეს მოხდა გადაუნაწილებელი მანდატების გამო. „მაშინ ხელისუფლებამ ბონუსი მთლიანად თვითონ მიითვალა და სხვა პარტიებს არაფერი დაუტოვა, რაც უსამართლობაა“, – განმარტა „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
ახვლედიანის განმარტებითვე, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, 2020 წლისთვისაც უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, ამიტომაც მან წაიღო ყველაფერი – 73 მაჟორიტარი და ბონუსების სისტემა. მართალია, მან ძველი მოდელი შეცვალა და ზედა ზღვარი დააწესა, მაგრამ უმრავლესობის მოპოვების უპირატესობას მაჟორიტარული სისტემა მათ კვლავაც აძლევს, ამიტომაც ჩვენთვის სწორედ ეს იქნება ამოსავალი წერტილი“.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ოპოზიციას სურს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერმა 5-დან 3%-მდე დაიწიოს. ბონუსების გადანაწილება მოხდეს დონკის სისტემის მიხედვით – თითოეულ პარტიას გადაუნაწილებელი ხმებიდან სწორედ იმდენი ხმა ერგოს, რამდენი პროცენტითაც გადალახავს დაწესებულ ბარიერს. ასევე, გაუქმდეს ბლოკების აკრძალვის ჩანაწერი.