დადგება თუ არა დღის წესრიგში კანდიდატურის მოხსნის საკითხი

10:54 08-14-2017
152

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

 

ქართველ ექსპერტებს ჯერ კიდევ უჭირთ საარჩევნო მარათონის პროგნოზირება. შესაძლოა იმიტომაც, რომ ამ მარათონში ვერც ინტრიგას და, შესაბამისად, ვერც ადრენალინს ვერ ხედავენ. რინგზე ასული ფიგურებიდან თითქმის არავინ არის იმდენად გამოცდილი, რომ ორიგინალური სანახაობა, ბრძოლის განსხვავებული სტილი ან ემოციური „ტრიუკი“ გვიჩვენოს. კახა კალაძეს კი დაძაბვა და განსაკუთრებული პროგრამის შედგენა, უბრალოდ, არ სჭირდება – ექსპერტები მას ამ არჩევნების უპირობო ფავორიტად და შესაბამისად, გამარჯვებულად ასახელებენ. 


მართალია, მარათონზე გამოუცდელი ფიგურები დგანან, მაგრამ ნოვატორული სტილით ბრძოლაში მათ აშკარად უშლიან ხელს ის პარტიები, რომლებიც მას ზურგს უმაგრებენ. ალეკო ელისაშვილი კი, რომელიც თითქოს დამოუკიდებელი ფიგურაა, რეალურად საკუთარი სტერეოტიპების ან გარემოცვის ზეწოლის ქვეშ არის. შესაბამისად, ოპოზიცია ისევ ვერ ახერხებს გაერთიანებას. 


მაგალითად, ალეკო ელისაშვილისთვის მთავარია, რინგზე აპოლიტიკურად გამოიყურებოდეს, ამიტომაც მას კატეგორიულად არ სჭირდება პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა. გამოდის, რომ ის არჩევანს საერთო და საკუთარ ინტერესებს შორის ამ უკანასკნელზე აკეთებს. პარტიებს კი სურთ, დაამტკიცონ, რომ რინგზე მთავარი ფიგურები თავად არიან. ამიტომაც ნაციონალებისთვის მნიშვნელოვანია, ზაალ უდუმაშვილი საარჩევნო ტაბლოზე პირველი დაფიქსირდეს – ოპოზიციაში, რა თქმა უნდა. და ისინიც, რა თქმა უნდა, საერთო და საკუთარ ინტერესებს შორის აქცენტს სწორედ ამ უკანასკნელზე აკეთებენ. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, მათ პოლიტიკურ რუკაზე ადგილის მონიშვნა სურთ – ეს ხომ მათი პირველი დამოუკიდებელი საარჩევნო მარათონია სააკაშვილის გარეშე. შესაბამისად, უნდა დაუმტკიცონ, პირველ რიგში, მიშას, რომ მის გარეშეც აქვთ შანსი. ამიტომაც საერთო  ინტერესი მათაც არ ანაღვლებთ. 


NDI-ს კვლევების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მთავარი ოპოზიციონერის ტიტულისთვის უდუმაშვილი და ელისაშვილი იბრძოლებენ. ალეკო მხოლოდ ერთი პროცენტით უსწრებს ზაალს.  შესაბამისად, 19% და 18% აქვთ. ასეთი მცირე შუალედი ორივეს უტოვებს გამარჯვების შანს, ეს კი მათ კანდიდატურის მოხსნის სურვილს უკარგავს. 


ექსპერტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ ოპოზიციისთვის უფრო მომგებიანი იქნებოდა, თუკი ელისაშვილის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. თუმცა, ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ალეკოს შანსებს ის ფაქტი ამცირებს, რომ მას მხარს არ უმაგრებს პოლიტიკური პარტია. ეს კი მისი მხარდამჭერების მაქსიმალურად მობილიზებას გაართულებს. 


გაერთიანების ყველა შანსი თითქოს მარცხისთვის არის განწირული, თუმცა მაინც არსებობს თეორიული შანსი, რომ თუნდაც ზაალ უდუმაშვილმა, თუკი სოციალურმა კვლევებმა წაგების ტენდენცია აჩვენა მომავალში, კანდიდატურა მოხსნას?
ექსპერტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ გამორიცხული არაფერია და რომ სავსებით შესაძლებელია, თუკი წაგების განცდა იქნება, ზაალ უდუმაშვილმა კანდიდატურა მოხსნას, თუმცა ეს მხოლოდ თეორიული შანსია, იმდენად რამდენადაც არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.


არჩილ გამზარდია კი მიიჩნევს, რომ ნაციონალები კანდიდატურას არცერთ შემთხვევაში არ მოხსნიან. ის უფრო სავარაუდოა, რომ წაგების შემთხვევაში ისინი იტყვიან, რომ არჩევნები გაუყალბეს, ვიდრე კანდიდატურა მოხსნან, – განმარტავს ექსპერტი.    


საინტერესო ხდება, ასევე, რა იმიჯით გამოდიან ოპოზიციის წარმომადგენლები ელექტორატის წინაშე, რით აწონებენ თავს. 
ალეკო ელისაშვილით დავიწყოთ. ახლა მის ფიცხ და აგრესიულ ხასიათს, როგორც ჩანს, მისი უსამართლობასთან მებრძოლის როლი უნდა მოარგონ. ჯერ კიდევ მარათონის დასაწყისში ერთ-ერთმა უცხოურმა გამოცემამ დაწერა, თბილისში ელისაშვილს მაკრონს ადარებენო. ახლა, მაკრონთან ერთად, პარალელების სიაში ტრამპიც გაჩნდა. ითქვა, რომ ელისაშვილი, ისევე როგორც მაკრონი საფრანგეთში და ტრამპი ამერიკაში, ქვეყანაში გამეფებულ პოლიტიკურ კლასს უპირისპირდება.

 
არჩილ გამზარდიას მოსაზრებით, ელისაშვილი ტრამპისა და მაკრონის კი არა, შალვა ნათელაშვილის სტილის ფიგურაა, რომელიც პოპულისტია და არა პარადოქსული, როგორიც ტრამპია:
„ელისაშვილი ნათელაშვილის მსგავსი მახასიათებლებით გამოირჩევა: ღარიბია, დონკიხოტური ტიპის, უტოპიისთვის იბრძვის, მაგრამ მაინც ბოლომდე იბრძოლებს. რაღაც ამდაგვარი იმიჯი უფრო აქვს მას, ვიდრე ტრამპის. ის სხვა ტიპაჟი იყო, უფრო პარადოქსული, ელისაშვილი უფრო პოპულისტია“.


გია ნოდია „ნეტგაზეთთან“ საუბარში ასეთ პარალელებს არ ეთანხმება. 
„უფრო ტრამპზე შეიძლება ითქვას, რომ ანტიისტებლიშმენტის კარტს თამაშობდა, ვიდრე მაკრონი. მაკრონს მხოლოდ იმ თვალსაზრისით შეიძლება შეადარო, რომ თავიდან ისიც არაპარტიული კანდიდატი იყო, მაგრამ, როგორც კი პრეზიდენტობაზე კენჭისყრა გადაწყვიტა, მაშინვე დაიწყო პარტიის შექმნაზე ზრუნვა. მაკრონს გააზრებული ჰქონდა, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში, მას უნდა ჰყოლოდა თავისი პარტია. პრეზიდენტი პარტიის გარეშე – ეს თავისთავად აბსურდია. მას არასდროს მოუწონებია თავი იმით, რომ პარტიაზე მაღლა დგას და პარტიასთან კავშირი არ აქვს. უბრალოდ, ის არსებულ პარტიებთან არ იყო დაკავშირებული“.


რამდენადაც ელისაშვილს სურვილი აქვს, მაკრონისა და ტრამპის პროტოტიპით მოიზიდოს ელექტორატი და ოპოზიციაში პირველი ტიტული მოიპოვოს, იმდენად ზაალ უდუმაშვილის პიარგუნდი ცდილობს მის დისტანცირებას მიხეილ სააკაშვილისგან. 


არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ „იდეა განახლებული „ნაციონალური მოძრაობისა“ უფრო საინტერესოდ ჩანდა, ვიდრე ზაალ უდუმაშვილი. ის შეუმდგარი პერსონაჟია“. 
რაც შეეხება ელენე ხოშტარიას, მას ჯერ დამკვიდრების პრობლემა აქვს, ამიტომაც მუდმივად ხალხში დადის და უბრალო ადამიანებს ეცნობა. 


დღეს რინგზე ირმა ინაშვილიც ავა. ექსპერტები უკვე მასაც დააკვირდებიან. „პრაიმტაიმთან“ საუბარში, ინაშვილმა განაცხადა, რომ, თუკი პარტია მის კანდიდატურაზე საბოლოოდ ჩამოყალიბდება, მისი კონკურენტი იქნება არა უდუმაშვილი ან ელისაშვილი, არამედ ხელისუფლება. საინტერესოა, ვის გაუყოფს ის ხმებს, ვის შეუქმნის დისკომფორტს მარათონზე და დადგება თუ არა მისი ბრძოლის დღის წესრიგში კანდიდატურის მოხსნა. ახლა უკვე რინგზე ხოშტარია მარტო აღარ იქნება – ინაშვილი მეორე ქალი მერობის კანდიდატია.