ილია მეორე: - "მარიამობის მარხვაში გეძლევათ ლოცვა–კურთხევა, წაიკითხოთ ღვთისმშობლის ლოცვები"

21:04 08-14-2017
4360

სრულიად საქართველოს პატრიქრქმა, ილია მეორემ 13 აგვისტოს წირვაზე, მრევლს, ღვთისმშობლის მარხვის დაწყება მიულოცა და კურთხევა მისცა:

"გილოცავთ, ჩვენი ტკბილი დედის - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, მარხვის დაწყებას.

ღვთისმშობელი შეგვეწიოს და დაგვიფაროს ყოველგვარი განსაცდელისაგან.

წმინდა ქალწული არის ჩვენი ყველაზე დიდი მეოხი უფლის წინაშე, ამიტომ თითოელი ჩვენთაგანი უნდა ვეცადოთ, მცირედით მაინც შევძლოთ სულიერად დავიცვათ ეს მარხვა.

გულსატკენია, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში, ამ მარხვას ძირითადად გართობაში ვატარებთ.

იმდენად დიდი სიყვარული იყო ღვთისმშობლის მიმართ, რომ ქართველები განსაკუთრებული მოწიწებითა და კრძალვით იღვწოდნენ მარიამობის მარხვაში.

ვეცადოთ ამ დღეებში ხშირად ვილოცოთ ღვთისმშობლის წინაშე, გამოვითხოვოთ წყალობა და სინანული ჩვენი ტკბილი დედისაგან.

,,ყოველადწმინდაო ღვთისმშობელო შეგვეწიენ და გაგვაძლიერე რწმენაში"

"მარიამობის მარხვაში გეძლევათ ლოცვა–კურთხევა, როგორც კი დაგრჩებათ თავისუფალი დრო, წაიკითხოთ ღვთისმშობლის ლოცვები – 
"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა"...
"მოწყალებისა კარი განგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო"...
ეს იქნება დღე, ღამე თუ მგზავრობისას... ყოველთვის წაიკითხეთ. ამ ორ ლოცვას ბევრი ადამიანი გადაურჩენია"
13.08.2017 წელი

შევასრულოთ პატრიარქის კურთხევა. გთავაზობთ ამ მოკლე ლოცვებს:

"ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ".

ავტორი: რუსა ღვანიძე