რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ყირიმში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის აგენტი დააკავეს

14:11 08-15-2017
171

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ყირიმში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის აგენტი დააკავეს, რომელიც დივერსიას გეგმავდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ხარკოვის ოლქის მცხოვრები, ვინმე გენადი ლიმეშკო, რომელიც ადრე ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში გადიოდა სამხედრო სამსახურს.

როგორც უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, დაკავებული ყირიმში, ელექტროგადამცემი ხაზის მწყობრიდან გამოყვანას, ტყეში ხანძრის გაჩენასა და კომუნალური მეურნეობის ერთ-ერთი ობიექტის დაწვას გეგმავდა. 

ანექსირებულ ყირიმში, გენადი ლიმეშკო ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების მცდელობისას დააკავეს. როგორც რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ, დაკავებისას, მას ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოუჩინეს. 

სასამართლომ დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

წყარო: .interpressnews.ge

ავტორი: რუსა ღვანიძე