აუდიტორია 115 მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, რომ სასწრაფოდ დადგეს ფესტივალის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი

17:55 08-15-2017
154

აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები, მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, რომ სასწრაფოდ დაინტერესდნენ "gemfest"- ის ფესტივალზე მომხდარი ტრაგედიების გამო და დაუყოვნებლივ დადგეს, ფესტივალის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, gemfest-ზე დასაქმებული ადამიანებისთვის დამსაქმებელი ხელფასის გადახდას არ აპირებს. .

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის განმავლობაში დასაქმებულები განიცდიდნენ მუდმივ ჩაგვრას და არაადამიანურ მოპყრობას. ნაცვლად, წინასწარ შეთანხმებული 6 საათისა, დასაქმებულებს აიძულებდნენ ემუშავათ 12 საათის განმავლობაში.
როგორც დასაქმებულები ამბობენ, ფესტივალის ორგანიზატორებს ასევე უნდა მიეწოდებინათ მათთვის პირველადი მოხმარების ნივთები. მაგალითად, წყალი დასაქმებულთათვის უნდა ყოფილიყო უფასო, თუმცა საბოლოოდ, ფესტივალის სხვა მონაწილეების მსგავსად, მათაც უწევდათ წყლის ყიდვა, რომლის ფასი 3 ლარი გახლდათ.

გარდა ამისა, დასაქმებულებისთვის არ იყო უზრუნველყოფილი მინიმალური საცხოვრებელი პირობები, მათ უწევდათ ძილი ქუჩაში, ხმამაღალი მუსიკის ფონზე.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ხელფასები აღარ მიეცათ მათთვის, შედგა შეხვედრა ორგანიზატორებთან. როგორც დასაქმებულები ამბობენ, შეხვედრაზე ფესტივალის ორგანიზატორების მხრიდან იყო ღირსებაშემლახავი დამოკიდებულება მათ მიმართ. მას შემდეგ, რაც დასაქმებულებმა მოითხოვეს ხელფასის დროულად ჩარიცხვა, ორგანიზატორებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რამდენიმე მათგანს კი სიგარეტის ნამწვავი ესროლეს.

აუდიტორია 115 სოლიდარობას უცხადებს ფესტივალზე დასაქმებულ ადამიანებს, რომელთა უმრავლესობა სწავლის ფულის შესაგროვებლად არაადამიანურ, ღირსებაშემლახავ საქმიანობას დათანხმდა მიზერული ანაზღაურების სანაცვლოდ, ახლა კი შესაძლოა ისინი ამ მიზერული ანაზღაურების გარეშე დარჩნენ.

აუდიტორია 115 მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, რომ სასწრაფოდ დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით და დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ხელფასების დროულად გაცება.

ასევე, მიგვაჩნია, რომ ამ და მანამდე ფესტივალზე მომხდარი ტრაგედიების გამო, უნდა დადგეს ფესტივალის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ფესტივალი დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც თავისთავად თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამოვლინებაა და ამავდროულად, ჩვენ ვხედავთ უპასუხისმგებლო სახელმწიფოს, რომელიც თავისსავე შექმნილ ფესტივალზე ვერ უზრუნველყოფს დასაქმებულთათვის ღირსეული პირობების შექმნასა და ხელფასების გაცემას.

ჩვენ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც არა მარტო სახელმწიფო დაწესებულებებში, არამედ კერძო სფეროშიც დაიცავს დასაქმებულის უფლებებს და უზრუნველყობს მის მინიმალურ კეთილდღეობას". - აცხადებენ აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალზე დასაქმებული ახალგაზრები, კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი მტკიცებით, ადმინისტრაციამ 500 ლარიანი ხელშეკრულებები გაუფორმა, თუმცა დღეს მხოლოდ 100-100 ლარი გადაუხადა.
 

ავტორი: რუსა ღვანიძე