ნინო ჭელიძე თხოვდება – „სულ სარკეში ვიყურები, ბიცოლამისს ხომ არ ვგავარ-მეთქი“

11:42 08-16-2017
5094

ჟურნალისტი, ბლოგერი, „მის დეკოლტე“ – ნინო ჭელიძე შეყვარებულია. მისი რჩეული, ლევან მჟავანაძე ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერია კერძო ფირმაში. „ჩემზე უმცროს ბიჭს ვხვდები და სულ იმაზე ვფიქრობ, ბიცოლამისს ხომ არ ვგავარ-მეთქი“, – მითხრა ერთხელ პირად საუბარში ნინომ. მალევე ლევანმა მათი ურთიერთობა სოციალურ ქსელში გაასაჯაროვა და ჩვენც არ დავაყოვნეთ, ნინოს ინტერვიუ ვთხოვეთ. 
მიუხედავად იმისა, რომ ნინო ინტერვიუს ბოლომდე არ ტყდებოდა, რომ ხუმრობდა, ჩვენ მაინც გთხოვთ, ნუ გადაუვლით თქვენებურად, ჩემი რესპონდენტი აშკარად ღადაობის ხასიათზეა.
– ნინო, გაცნობის ისტორიით დავიწყოთ...
– ერთმანეთი გავიცანით ზოომაღაზიაში, ძაღლისთვის საჭმელს ვყიდულობდი. შევნიშნე, ახალგაზრდა ბიჭი დაჟინებით მიყურებდა, მერე მომიახლოვდა და მითხრა, რომ ნაცნობი ყასაბი ყავდა ვერაზე და ძაღლისთვის იქ შემარჩევინებდა კარგ ხორცს. არ ვიცი, როგორ მომნუსხა, უცნობ ბიჭს  დავნებდი და გავყევი ყასაბთან. შემდეგ „ფეისბუკში“ მიპოვა და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ძალიან მალე მივხვდი, რომ სიგიჟემდე ვიყავი შეყვარებული, მაგრამ არ ვეუბნებოდი. პირველი მე ხომ არ ვეტყოდი, კაცია და იმას უნდა ეთქვა. 
– მერე, მიაღწიე შედეგს, პირველი ის გამოტყდა?
– კი. სიყვარული ამიხსნა თავის დაბადების დღეზე, ცოტა უცნაური ამბავი კი გამოვიდა. დილიდან სალონები შემოვიარე  და დამაგვიანდა. რესტორანში იმ დროს მივედი, როცა ძმაკაცებთან ერთად  ქეიფი დაწყებული ჰქონდა. ძალიან მაგარი კაბა მეცვა, ამოღებული დეკოლტე და იმ დროს შევედი, როცა განსხვავებულით სადღეგრძელოს ამბობდა. ასეთ ფორმაში რომ დამინახა, არ ვიცი, რატომ გაბრაზდა და ყანწი მესროლა. ძალიან არ ველოდებოდი, საერთოდ ცუდი ხასიათი არ აქვს. ტირილი დავიწყე. ჯერ დაცვა შემოვარდა და რა ჩვენი საქმეა, თავად შერიგდებიანო და გავიდა, მერე ძმაკაცებმა უთხრეს, შენი ქალი კია, მაგრამ სახლში როგორც გინდა, ისე მოექეცი, ჩვენი თანდასწრებით რა წესიაო. ძალიან მეწყინა და ვტიროდი.  სხვათა შორის, ფეხში მომხვდა ნასროლი ყანწის წვერი და რამდენიმე დღე ვკოჭლობდი. ჰოდა, რომ დაინახა, ვტიროდი, მაშინ მოვიდა, ჩამეხუტა, დამაწყნარა და მითხრა, რომ ძალიან ვუყვარვარ. კი ვიყავი ნაწყენი, მაგრამ ამ სიტყვების შემდეგ დავივიწყე ეგ წყენა. საერთოდ, როგორი საყვარელი ტიპია იცით, 28 რიცხვში გავიცანით ერთმანეთი და ყოველ  28 რიცხვში 28  ცალ ყვავილს მჩუქნის ხოლმე.
– ნინო, ლევანმა იცის შენი მთავარი რეგალიის შესახებ, „მის დეკოლტე“ რომ ხარ?
–  „მის დეკოლტე“ რომ ვიყავი, თავიდანვე იცოდა, ცოტა უთანხმოება გვქონდა ამის გამო. უკრაინულ შოუში ვმონაწილეობდი „1+1“ არხზე, საფინალო ქასტინგში ვიყავი უკვე და არ გამიშვა უკრაინაში. თავიდან ძალიან ვიკამათეთ, მაგრამ მერე, რომ დავფიქრდი, მესმის მისი. იცით, კაცია და ახლა რომელ კაცს მოეწონება, მის ქალს რომ ყველა ძუძუებში უყურებს. ახლა ცოტა მოკრძალებულად მაცვია, დეკოლტეთი აღარ დავდივარ, არ სიამოვნებს. სიყვარული ხომ ურთიერთგაგება და რაღაცის დათმობაა. ფემინისტები კი ამბობენ, რომ ქალისთვის კარიერა და თვითრეალიზაციაა მნიშვნელოვანი, მაგრამ მგონია, რომ ქალისთვის პირადი ცხოვრება და ოჯახური ბედნიერებაა ყველაზე მთავარი.
– ეჭვიანიც ყოფილა... შენ? 
– მეც ცოტას ვეჭვიანობ ჩემს ბიჭზე. ლევანი ძალიან სიმპათიურია, მწვანე თვალებით, ასაკით ცოტა პატარაა ჩემზე, მაგრამ ეგ არაუშავს, ტექნიკური უზრუნველყოფის მენეჯერად მუშაობს. ვიცი, რომ ძალიან ბევრ გოგოს მოსწონს და რაღაც შემთხვევებიც ყოფილა. ერთხელ მეგობრის ქორწილში ვიღაც გოგო აეკიდა, თან ჩვენ ნაჩხუბრები ვიყავით და ამანაც გული გადააყოლა. შეიძლება გამკიცხოთ, მაგრამ ესეც მესმის, ხან გაივლის, ხან გამოივლის, კაცია და სჭირდება. მთავარია, მისი გული მე მეკუთვნის და ერთმანეთს პატივს ვცემთ.  
– გავიგე, ორიგინალურ ჯვრისწერას გეგმავთ...
– კი, ოჯახის შესაქმნელად ჯვრისწერა აუცილებელია. ჰოდა, ველოდებით, როდის ჩამოიტანს „გირჩი“ ეკლესიას და გვინდა, ორიგინალურები ვიყოთ, გასაბერ ეკლესიაში დავიწერთ ჯვარს.

ნინო მჭედლიშვილი

„პრაიმტაიმი“

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი