რუსთაველის თეატრის მსახიობი, ევროპის კინოაკადემიის წევრი, პროექტ „შინდისის გმირების“ ავტორი, სცენარისტი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი შინდისის გმირებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმების შემდეგ მხატვრულ ფილმს შეეჭიდა. ფილმში „რა მოხდა შინდისში“ მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი და დავით ბახტაძე განასახიერებენ. სხვა მნიშვნელოვან დეტალებს ჩემი რესპონდენტი, პროექტის იდეის ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი თავად გიამბობთ.
– იდეა 2008 წლის აგვისტოშივე დაიბადა. ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ძმაკაცი დაიღუპა ამ ომში. მანამდე ქვეყანაში არსებულ ტრაგედიას ვერ ვგრძნობდი. შვებულებით ვნებივრობდი, მოწყვეტილი ვიყავი ცივილიზაციას, ტელეფონიც კი გათიშული მქონდა. ჩემი მეგობარი მიშიკო დვალიშვილი ჩამოასვენეს სოფელში და მწირი ინფორმაცია მოაყოლეს, რომ სადღაც შინდისში გმირულად დაეცა. გამთენიისას დავკრძალეთ, მძიმე მდგომარეობაში იყო ცხედარი. მაშინ შემაწუხა სინდისმა. ჩემი ტოლები, ჩემზე მაგარი ბიჭები იბრძოდნენ იქ და გმირულად ეცემოდნენ. მიშიკოს ცხედრის მრცხვენოდა. შემძრა ამ სურათმა. მაშინ მომივიდა იდეა, მიშიკოს ცხედართან დავიფიცე, რომ ამ გმირებზე ფილმს გადავიღებდი და მათ სახელს ყველას გავაგებინებდი.
– მაშინ რამდენი წლის იყავით?
– 21-ის. რუსთაველის თეატრში ერთი წლის სტაჟი მქონდა, არცერთ ფილმზე არ მქონდა ნამუშევარი... ჩამოვედი თუ არა თბილისში, რეზო ჩხეიძეს მოვუყევი ჩემი ჩანაფიქრის შესახებ, რობერტ სტურუას, გიგა ლორთქიფანიძეს გავანდე, რას ვაპირებდი. თანადგომა გამომიცხადეს. დამიწერეს წერილები და დამარიგეს, ჩვენი სახელით მიდი ბიზნესმენებთანო. ყველა ბიზნესმენის კართან მიყურყუტია 3-4 საათი...
– „ცისფერი მთები“ გამახსენდა...
– ზუსტად ეგ თემა იყო. სურვილს გამოთქვამდნენ დახმარების, მაგრამ ვხედავდი, რომ დიდი შიშითაც იყვნენ შეპყრობილნი. არ უნდოდათ, მაშინდელი ხელისუფლებისთვის ეწყენინებინათ. იყვნენ ისეთებიც, ვინც პირდაპირ მეუბნებოდა, მე ეს თემა არ მაინტერესებსო. ძალიან ცნობილი ბიზნესმენები, გვარსა და სახელს არ დავასახელებ. ამ წვალებაში მაინც მოვახერხე და პირველად შინდისში ჩავედი 26 აგვისტოს. მარტო წავედი. ერთ კილომეტრში სუნი მეცა, ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. დაფლეთილი ფორმები, სისხლი, რომელიც ჯერ გამშრალიც არ იყო... მძიმე სანახავი იყო ეს ყველაფერი. იმ ადგილზე ტაძრის აშენების სურვილი გამიჩნდა. ჩამოვედი თუ არა თბილისში, ტაძარი ჩავამატე პროექტს. ისევ დავიწყე თანხების მოძიება. მოვიძიე მიზერული თანხა, ავიღე კრედიტი 9 ათასი ლარი, ჩემი სახელფასო დოკუმენტით, შევკრიბე 8-კაციანი საექსპედიციო ჯგუფი და წავედი ისევ... ერთი ამბავი მინდა გიამბოთ ამასთან დაკავშირებით. დუტა სხირტლაძემ იცოდა ყველაფერი და ძალიან მგულშემატკივრობდა, რამდენჯერაც შემხვდებოდა, სულ მეკითხებოდა, იმ ფილმზე რას შვრებიო. როცა უკვე ჩავალაგეთ ბარგი და დილით ადრე უნდა გავსულიყავით, მეგობარს შევხვდი ღამით პეროვსკაიაზე. ქუჩაში შემხვდა დუტა, მოიკითხა კვლავ ჩემი ფილმის ამბავი. ვუთხარი, ხვალ დილით გავდივართ-მეთქი. რით დაგეხმაროო, ჩაიყო ჯიბეში ხელი და დაკუჭული ფული ამოიღო, გამოგადგებაო. 400 ლარი იყო, მაგრამ იმ მომენტისთვის ეს ჩემთვის 4 მილიონს უდრიდა...
– დოკუმენტური ფილმი სწორედ იმ ექსპედიციის დროს გადაიღეთ?
– კი. ძალიან რთული იყო გარდაცვლილი ჯარისკაცების ოჯახის წევრების მოსმენა, ალაპარაკება. ჯერ ერთი თვეც არ იყო გასული იმ ავადსახსენებელი დღიდან. იყო მომენტები, როცა ოპერატორი კამერას დებდა, გვერდით გადიოდა და ხმამაღლა ტიროდა. ჯგუფის თითოეულმა წევრმა აბსოლუტურად უანგაროდ ვიმუშავეთ. სამი თვე გაგრძელდა გადაღებები, ყველა გარდაცვლილის ოჯახში ვიცხოვრეთ. გადამღები ჯგუფის წევრები მეუბნებოდნენ, რომ ვიღაც დაგვყვებოდა. მაშინ ყურადღება არ მივაქციე. ექსპედიციიდან რომ ჩამოვედით, დილიდან დაიწყო სატელეფონო ზარები, გარდაცვლილების მშობლები და ნათესავები მირეკავდნენ. პოლიციელები მოდიან და გვეკითხებიან, რას იღებდით, ხომ მშვიდობა გაქვთო. მერე იყო პირდაპირი მუქარის ზარები...
– რატომ, რა პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა ამ ფილმს?
– უკვე პოლიტიკაა, როცა ჩასვრილ საქმეს ეხები.
– რა იყო შენი მთავარი მიზანი?
– გმირები გამეცნო ყველა ქართველისთვის, მე არ მაინტერესებდა პოლიტიკა, არ ვიძიებდი, ვინ და როდის დაიწყო. ეს ჩემი საქმე არ არის, ამას ისტორია იტყვის. ამის მიუხედავად, მემუქრებოდნენ. ფილმიც კი დამიბლოკეს. მათი მიზანი იყო, ხალხს ეს ომი მიევიწყებინა. მითხრეს, რომ ფილმს ვერ ჩავუშვებდი, თუ კონკრეტულ პირებს არ ვაჩვენებდი. შედგა ეს ჩვენება თავდაცვის სამინისტროში. მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. შეიტანეს დირექტივები. დირექტივებით ფილმის ჩვენებაზე უარი ვთქვი. გადავამრავლე ფირი და ბევრ ადგილას დავმალე, ვიცოდი, განძს ვინახავდი. ამის შემდეგ გადავერთე შინდისის ტაძრის მშენებლობაზე. მიზერული თანხით გავჭერი საძირკველი. ჯარების მთავარმა მამაომ დამირეკა და მითხრა, შვილო, ეს ტაძარი გააჩერე, მეტს ვერაფერს გეტყვიო. გავაჩერე. წიგნის გამოცემა მინდოდა შინდისის გმირებზე და არცერთმა სტამბამ არ მიიღო დასაბეჭდად... მოკლედ, ხელ-ფეხი შემიკრეს... მერე დაიწყო საპროტესტო მოძრაობები და ჩავერთე. პოლიტიკურად აქტიური ახალგაზრდა გახლდით. ვფიქრობდი, რომ ეს ერთადერთი გზა იყო ჩემი და ჩემი გუნდის ნაშრომის დღის სინათლეზე გამოსატანად. ვწერდი სტატიებს ჟურნალ-გაზეთებში, არ ვჩერდებოდი, ვლაპარაკობდი ყველაფერს.
– ხომ არ დაგაკავეს კიდეც?
– არა, თუმცა თავში ბევრჯერ მომხვდა. 2012 წელს გამოვიდა პირველად ჩემი ფილმი 2 ნაწილად ეკრანზე. იყო კინოეკრანებზეც. წიგნიც გამოვეცით – „მე შინდისელი ბიჭი ვარ“.
– შინდისის ეკლესიის ბედი როგორ გადაწყდა?
– ბატონი კახი კალაძემ წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაჰპირდა მოსახლეობას, გავიმარჯვებ თუ არა, ამ ტაძრის მშენებლობას აუცილებლად დავამთავრებო და პირობა შეასრულა. საკუთარი სახსრებით ააშენა მონასტერი. აქამდე არ მითქვამს, პირველად ვამბობ. 2 წლის წინათ ოფიციალურად გავხსენით ტაძარი.
– მხატვრულ ფილმზე როდის დაიწყეთ მუშაობა?
– როცა უკვე გაჩნდა ამბიცია, ბიჭები, ეს გმირები მსოფლიოს გავაცნოთ... ირაკლი სოლომონაშვილს დავუკავშირდი, ერთობლივად დავწერეთ სცენარი. ირაკლი ძალიან ძლიერი სცენარისტია, თან თავად იბრძოდა აფხაზეთის ომში.
– მომიყევით ფილმის შინაარსზე...
– ეს არის ფილმი – „რა მოხდა შინდისში“. მოქმედება ერთ დღეს ხდება. იქნება ბრძოლის 15-წუთიანი სცენა. ძალიან ბევრი რეჟისორი გამოვიცვალე ქასტინგის შედეგად. ქასტინგი მქონდა გონებაში, ჩემთვის. ერთი წლის წინათ ბულგარეთში ვიყავი ფესტივალზე. ქართველი რეჟისორი, დიტო ცინცაძე გავიცანი და სწორედ მას ვთხოვე ფილმის რეჟისურა.
– ჩვენ ვიცოდით, რომ ამ ფილმის რეჟისორი გელა ბაბლუანი უნდა ყოფილიყო...
– მასთან მოლაპარაკებები ვერ შედგა, ბევრი მიზეზის გამო. რაღაცებზე ვერ შევთანხმდით.
– მთავარი გმირები მერაბ ნინიძე და ია სუხიტაშვილი არიან?
– თავიდან იყვნენ, მაგრამ ქასტინგებმა ბევრი რამ დაგვანახა. ეს გმირებიც შეიცვალნენ. ახმეტას (ბადრი ხუციშვილის) როლს, რომელმაც ხუთი დაჭრილი გადაარჩინა ამ ბრძოლაში, გოგა პიპინაშვილი შეასრულებს. მეორე მთავარ გმირს ამერიკაში მოღვაწე ქართველი მსახიობი დავით ბახტაძე განასახიერებს. მებრძოლებზე დიდი აქცენტი გვქონდა. სამთვიანი ქასტინგი ჩავატარეთ 4 ეტაპად. არაპროფესიონალები შევარჩიეთ. ახლა, ორი კვირაა უკვე თელავის სამხედრო ბაზაზე არიან და წვრთნას გადიან, ოფიციალურ ჯარში არიან.
– მაღალბიუჯეტიან ფილმს შეეჭიდეთ, ფინანსები როგორ მოიძიეთ?
– თავდაცვის სამინისტრო დაგვეხმარა სამხედრო ტექნიკით, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. რაც შეეხება ფინანსებს, სხვადასხვა ბიზნესკომპანიები დაგვეხმარნენ. სამწუხაროდ, კულტურის სამინისტრო არ შემოგვიერთდა.
– უცხოელი მსახიობებიც იქნებიან დაკავებული თქვენს ფილმში?
– კი, ერთი ძალიან ცნობილი გერმანელი მსახიობი გვეყოლება, ილიად ცოფი, რომელიც რუს გენერალს ითამაშებს.
– როდის იწყება გადაღებები?
– 25 აგვისტოს დავიწყებთ გადაღებებს. სამი ლოკაცია გვაქვს – გორში, მცხეთის რაიონში და რუსთავში. 38 დღეში ვიღებთ ფილმს. მსოფლიო პრემიერაზე გვაქვს პრეტენზია.
– წარმატებებს გისურვებთ.
– დიდი მადლობა.
ნინო მჭედლიშვილი
„პრაიმტაიმი“