ინტენსიურად ვმუშაობთ ნატო-ს წარმომადგენლებთან ნატო-საქართველო-რუსეთის ფორმატზე - ინაშვილი

14:55 08-16-2017
78

"პატრიოტთა ალიანსის" თბილისის მერობის კანდიდატის ირმა ინაშვილის განცხადებით, პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ დაანონსებულ აქციებზე რამდენიმე მოთხოვნა გაჯღერდება.

მოთხოვნებთან დაკავშირებით, ინაშვილმა "ტვპირველის" "ვახო სანაიას ამბებში" პირდაპირი ჩართვისას ისაუბრა.

"საპროტესტო აქციებს რამდენიმე მოთხოვნა ექნება - ეს უკავშირდება არა მარტო პოლიტიკურ საკითხებს, არამედ სოციალურებსაც, უკავშირდება იმას, რომ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან, ოსებთან, რუსულ მხარესთან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ნაწილში, ეს უკავშირდება მოთხოვნას, რომ ხელისუფლებამ გაიაზროს, რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ რა ფორმატზე - ნატო-საქართველო-რუსეთი, სრულიად ახალ ფორმატზე. ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ნატო-ს წარმომადგენლებთან ამ ფორმატის არსთან დაკავშირებით. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, მხარი დაუჭიროს ამ ფორმატს, რომ უსაფრთხოების მექანიზმები შემუშავდეს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის იცით რას ნიშნავს, რომ ჩვენ ნატო-სკენაც წავალთ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასაც ვუზრუნველყოფთ, ჩვენ საზღვრებსაც დავიცავთ და შევძლებთ დავარწმუნოტ რუსეთი, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების მხრიდან არ მოხდება მასზე თავდასხმა", - აღნიშნა ინაშვილმა.

მერობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებს. 

"გვინდა ხელისუფლება არ მოექცეს სააკაშვილ-ბოკერიების ფორმულების წნეხის ქვეშ, რომლებიც ამბობენ, რომ არ გვინდა დიალოგი, რომ ეს მტრობაა, აგენტობაა, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ მოწინააღმდეგე მხარესთან დიალოგის გარეშე ვერცერთი პრობლემა ვერ გადაწყდება. დიალოგს არ აქვს ალტერნატივა", - აღნიშნა იბაშვილმა.

ავტორი: ლილუ მიროტაძე