მარგველაშვილი პოლიტიკური პროცესების მიღმა რჩება

10:28 08-21-2017
256

ავტორი:ქეტი ხატიაშვილი

 

 

ერთადერთი, რაც ოპოზიციას კონსტიტუციაში აინტერესებს, ეს საარჩევნო სისტემაა. უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, აინტერესებთ, თამაშის წესები საკანონმდებლო ორგანოსთან მიიყვანთ თუ არა. დანარჩენი ხმაურიანი საკითხები პარასკევის შეხვედრაზე პოლიტიკურ პარტიებს არც გაუჟღერებიათ.


ექსპერტ ლევან ალაფიშვილს აინტერესებს, რატომ არ აწუხებს ოპოზიციას ისეთი პრობლემური საკითხები, როგორიც არის მიწა, ქორწინების შესახებ ჩანაწერი, გადასახადები, შეთავსებითი მოქალაქეობა.
ალაფიშვილის შეფასებით, ამ პროცესში ჩანს, რომ „წინა პლანზე კონკრეტული პარტიების საკუთარი ინტერესები დგას და ისინი საკუთარი მომავლისთვის უფრო ზრუნავენ, ვიდრე სახელმწიფოს განვითარებაზე“. 
პოზიციასა და ოპოზიციას შორის პირველი შეხვედრა კი კლასიკური ფორმულით დასრულდა – მოილაპარაკეს, რომ მომავალში მოილაპარაკებენ. მომავალი დაკონკრეტდა – უკვე ამ კვირაში. 
ექსპერტებს უჭირთ იმის თქმა, რა შეიძლება, ერთი მხრივ, ოპოზიციამ და მეორე მხრივ, კონსტიტუციამ ამ პროცესისგან მიიღოს. დოკუმენტი უკვე ორი მოსმენით არის მიღებული, სექტემბერში ის მესამე მოსმენით უნდა მიიღონ, მანამდე კი ვენეციის კომისია პარტიებისგან კონსენსუსს ელის. 


კონსენსუსი თან არის, თან არ არის. დემოკრატიული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ახვლედიანის განმარტებით, ოპოზიცია შეთანხმებულია, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და 2020 წლის არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.


თუმცა, რა ხდება ამის შემდეგ? მართალია, სხვა ოპოზიციური პარტიებიც ადასტურებენ, რომ პროპორციულზე გადასვლა არის მთავარი და ნომერ პირველი ამოცანა, თუმცა, მმართველი პარტიისთვის ეს მაინც არაფერს ნიშნავს, რადგანაც საპარლამენტო ოპოზიცია მხოლოდ ამ ცვლილებით არ აპირებს, მხარი დაუჭიროს კონსტიტუციას. 


„ქართულმა ოცნებამ“ რომ თქვას, გადავდივართ პროპორციულ სისტემაზეო და კონსტიტუციაში ეს ცვლილება შეიტანოს, მას ხმას არც ნაციონალები მისცემენ, არც „ევროპული საქართველო“ და არც პატრიოტები.
პარლამენტის თავმჯდომარემ კი ოპოზიციას მოუწოდა, იმ საკითხებზე შეჯერდნენ, რომელიც კონსტიტუციაში შევა და ის მათ მხარდაჭერას მოიპოვებს.


გიორგი ახვლედიანი აღიარებს, რომ მეორე რიგის საკითხები იმდენად განსხვავებულია, რომ „ოპოზიციას მასზე შეთანხმება ძალიან გაუჭირდება. ყველას თავისი ინტერესები აქვს. სუსტ პარტიებს მაინც უფრო ბარიერის თემა აინტერესებთ და ამის სანაცვლოდ მზად არიან, სხვა დათმობებზე წავიდნენ, ძლიერი პარტიები კი გადაუნაწილებელი მანდატების სამართლიანად გადანაწილებას ითხოვენ“.
გარდა ამისა, დღის წესრიგში დგას პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის საკითხი, ბლოკები, ბარიერი, ბონუსი. 


გიორგი ახვლედიანი ირწმუნება, რომ ოპოზიცია დაჯდება, მოილაპარაკებს და შეჯერდება. 


სწორედ ამას ითხოვს მმართველი პარტიაც და ამიტომაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციას მოუწოდა, შეთანხმებული საკითხების ნუსხა წარმოადგინოს:
„ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს ვთხოვეთ, უახლოეს დღეებში, წერილობით მოგვაწოდონ იმ საკითხების ჩამონათვალი, რომლის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ისინი მხარს არ დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და, შესაბამისად, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც, ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერა ექნება“. 


ოპოზიციას ასეთი ნუსხა ჯერ არ აქვს. თუმცა, მოლაპარაკებას მაინც არ ჩქარობენ. ახლა ისინი ცდილობენ, ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზე ისროლონ. გიორგი ახვლედიანის განმარტებით, ოპოზიცია მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებს სხვა საკითხებზე შეთანხმებას, რაც გაირკვევა, ხელისუფლება დათმობს თუ არა მაჟორიტარებს.


მმართველმა პარტიამ კი კარგი გამოცდილება მიიღო – ის ჯერ კიდევ კონსტიტუციის პროექტის განხილვის დროს იყო მზად, მაჟორიტარული სისტემა პროპორციულით შეეცვალა, თუმცა ოპოზიცია არ აღმოჩნდა მზად, მისთვის ხმა მიეცა. ისინი სხვა საკითხებსაც აყენებდნენ. 


ჰოდა, ახლა „ქართულ ოცნებას“ სურს, ამ სხვა საკითხებზე შეჯერდეს ოპოზიცია. შეუძლებელს ითხოვს და თვითონაც კარგად იცის, რომ ამ ჭრელი და ამბიციური პოლიტსპექტრისგან ასეთ ჩამონათვალს ვერ მიიღებს, თუმცა მაინც ითხოვს, რათა აჩვენოს, რომ მათ შეთანხმება არ შეუძლიათ. 


მთელ ამ პროცესში საინტერესო იყო ის, რომ პოლიტიკური პარტიების შეხვედრა პარლამენტში შედგა და ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ, რომ შეთანხმდებიან. 


პრეზიდენტი მარგველაშვილი მიხვდა, რომ ის პოლიტიკური პროცესების მიღმა დარჩა. ამიტომაც განცხადება გააკეთა და პროცესში ჩართვა მოითხოვა:
„პირველი შეხვედრაა პოლიტიკურ პარტიებთან, რაც მისასალმებელია. თუმცა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება იყოს ამ პროცესის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი. მნიშვნელოვანია, ყველა სერიოზულ საზოგადოებრივ ჯგუფთან, ისევე როგორც კონსტიტუციურ ორგანოსთან კონსულტაცია და მცდელობა, რომ მიღწეულ იქნას კონსენსუსი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ.


საინტერესოა, მარგველაშვილს მართლაც შეეძლო ამ პროცესში მთავარი როლი ეთამაშა, თუმცა მან რადიკალიზმი აირჩია და პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა. ახლა კი კალენდარზე 90-იანი წლები აღარ არის – რადიკალიზმი და ბოიკოტი აღარ ამართლებს. 


მარგველაშვილმა წააგო. მომავალ წელს ის უკვე აუტსაიდერობიდან შეეცდება, საპრეზიდენტო რინგზე ავიდეს, თუმცა ამისთვის მას პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაც დასჭირდება. 
შესაძლოა, შემთხვევითი არ იყო, რომ ჯერ კიდევ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის დროს ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე,  აცხადებდა, ცდილობდა ოპოზიციის „გადაბირებას“. თითქოს იყო კულუარული შეხვედრები და მარგველაშვილი ცდილობდა, ოპოზიცია კომისიის მუშაობიდან გამოეყვანა და პარალელური პროცესი შეექმნა, თუმცა უშედეგოდ.


ახლაც პრეზიდენტის მოწოდება მოწოდებად დარჩა. როგორც არჩილ თალაკვაძემ განმარტა: ეს არის მოლაპარაკებები და დიალოგი პოლიტიკურ პარტიებს შორის.