თბილისის მერობის ახალი კანდიდატები

10:36 08-21-2017
280

როგორც ჩანს, პოლიტიკური პროცესების მიღმა ნინო ბურჯანაძეც დარჩება. ოპოზიციასთან მოლაპარაკება სრული კრახით დასრულდა. და ახლა ის ამ ადგილობრივ არჩევნებში იმ ფიგურას გაურიგდება, ვისაც 2016 წელს გაერთიანებაზე უარი უთხრა. 


დღეს ის კახა კუკავას თბილისის მერის კანდიდატად წარადგენს. ასეთია წინასწარი ინფორმაცია. 
ამ კვირაში, წესით, სხვა წვრილმა პარტიებმა გიორგი ვაშაძის კანდიდატურაც უნდა წამოაყენონ. ამ მიზნით ერთკაციანმა პარტიებმა საგანგებო შეხვედრაც ჩაატარეს, სადაც ვაშაძე უკვე ლიდერის პოზიციაში იკვეთებოდა. არ არის გამორიცხული, ყველასგან მიტოვებული პოლიტიკური ფლანგი ხავსივით სწორედ ვაშაძეს ჩამოეკიდოს. ამ უკანასკნელს კი ისეთი პოლიტიკური ამბიციები აქვს, რომ მისთვის, როგორც ჩანს, ზურგის ქარის სიძლიერეს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. წინა არჩევნებში ის პაატა ბურჭულაძის გვერდით იდგა. ახლა ასეთი ლოკომოტივი ვეღარ იშოვა.


საინტერესოა, რომ მსხვილმა პარტიებმა ბლოკებზე და პატარა პარტიებთან გარიგებებზე, როგორც იქნა, უარი თქვეს. 


წინა კვირას კი თარხან მოურავმა თბილისის მერის პოსტისთვის საბრძოლველად ირმა ინაშვილის კანდიდატურა წამოაყენა. საპარლამენტო ოპოზიციიდან ყველაზე ბოლო კანდიდატურა სწორედ მათ დაასახელეს.  


ირმა ინაშვილს საარჩევნო რინგზე ოპოზიციიდან დახვდებიან ზაალ უდუმაშვილი და ალეკო ელისაშვილი. თუმცა, თავად აღნიშნა, რომ მისი კონკურენტი ხელისუფლება და მმართველი პარტია და არა რომელიმე ოპოზიციონერი. 


ინაშვილს საარჩევნო მარათონზე ბრძოლის დიდი გამოცდილება არ აქვს, თუმცა ის კარგად არის გარკვეული მარათონის თავისებურებებში. საგარეჯოში ის მაჟორიტარობისთვის იბრძოდა, თუმცა წააგო და მაშინ საპროტესტო აქციებსაც მართავდა პროტესტის ნიშნად, ირწმუნებოდა, რომ ჰქონდა ყველა საჭირო დოკუმენტი იმის დასადასტურებლად, როგორ გააყალბეს თინა ხიდაშელმა და ხელისუფლებამ არჩევნები. 
საინტერესოა, როგორ შეცვლის და შეცვლის თუ არა მისი რინგზე ასვლა რაიმეს რეიტინგებსა და შედეგებში. 


არჩილ გამზარდიას აზრით, ის ხმებს წაართმევს, ერთი მხრივ, „ქართულ ოცნებას“ და მეორე მხრივ, ალეკო ელისაშვილს. თუმცა, ძირითადად, ეს იქნება ბრძოლა მეორე-მესამე ადგილებისთვის. 


– ინაშვილმა შეიძლება მეორე- მესამე ადგილებზე გარკვეული დისონანსი შეიტანოს. რაც შეეხება პირველს, ამ მხრივ, ალბათ, ვერა. არა მგონია, რომ ინაშვილი მეორე ადგილზე გავიდეს. ინაშვილს მაინც თავისი ელექტორატი ჰყავს, ან შეიძლება ის ნაწილობრივ „ქართული ოცნების“ მომხრე ან ნაწილობრივ „ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგე იყოს.

ასე რომ, ვფიქრობ, შეიძლება ის „ქართულ ოცნებას“ ჩაუჯდეს ხმებში და ასე წაართმევს ელექტორატს ელისაშვილსაც. რაც არ უნდა მცირე ხმები წაართვას ინაშვილმა ელისაშვილს, ეს ამ უკანასკნელისთვის მაინც მნიშვნელოვანია. მაინც მეორე-მესამე ადგილებისთვის უფრო მიდის ბრძოლა – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებს პოლიტიკური იმიჯის შექმნა სჭირდებათ.

თუ ელისაშვილი იქნება მეორე, ეს მისთვის  სერიოზული პირობა გახდება, შექმნას პოლიტიკური პარტია და 2020 წლის არჩევნებში ბრძოლა გააგრძელოს. თუ უდუმაშვილი გაიმარჯვებს, ეს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატს გაამყარებს და მის პასიურ ელექტორატსაც გაააქტიურებს. გაიმარჯვებს ინაშვილი და – მას შეიძლება მესამე ადგილიც აწყობდეს ახლა, იმიტომ რომ არჩევნების შემდეგ  ის უფრო გაფერმკრთალდა ისეთი ეფექტური აღარ არის – სიცოცხლისუნარიანი გახდება მისი პოლიტიკური ძალა. 


– ინაშვილი ელისაშვილს უფრო მეტ დისკომფორტს უქმნის თუ უდუმაშვილს?
– ალბათ, უფრო ელისაშვილს ნაციონალების სასარგებლოდ, უცნაურად კი ჟღერს. ნაციონალების ამომრჩეველი არ არის ინაშვილის ამომრჩეველი. თუმცა, შეიძლება დავუშვათ, რომ ინაშვილმა საკუთარი ხმები გაააქტიუროს, მერე მოხსნას კანდიდატურა პროტესტის ნიშნად და ეს გააქტიურებული ხმები ნაციონალების წინააღმდეგ წავიდეს „ქართული ოცნების“ ან ელისაშვილის სასარგებლოდ.