ავტორი: დავით აფციაური
სავარაუდოდ, უკვე ხვალ პრეზიდენტი საარჩევნო თარიღს გამოაცხადებს და თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, 22 ოქტომბერს ჩაინიშნება. არჩევნებამდე 34 დღით ადრე კი პოლიტიკურმა პარტიებმა სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად საარჩევნო ნომერი უნდა მიიღონ. ამ პროცედურისთვის პარტიებთან ერთად ცესკოც ემზადება, რადგანაც განაწილებას კენჭისყრით სწორედ ის ატარებს.
თუმცა, წელს პირველად ადგილობრივ არჩევნებზე საარჩევნო ნომრის თემა დიდ დაპირისპირებასა და ხმაურს გამოიწვევს. საქმე ის გახლავთ, რომ ნაციონალების გაყოფის შემდეგ ამოქმედდა საარჩევნო კოდექსის 52-ე მუხლი, რომლის აუცილებლობაც აქამდე ასე მწვავედ არ დამდგარა.
„ნაციონალური მოძრაობამ“ 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ბლოკით – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, სადაც შედიოდნენ, ერთი მხრივ, თავად ნაციონალები და მეორე მხრივ, „ევროპული საქართველო“. ახლა ამ არჩევნებში ისინი ცალ-ცალკე მონაწილეობენ. საპარლამენტო არჩევნებზე მათი საარჩევნო ნომერი უკვე 2003 წლიდან „ხუთია“.
ეს ნომერი თავის დროზე გივი თარგამაძემ ამოიღო. ახლა ის „ევროპული საქართველოს“ წევრია და შესაძლოა, ახლაც მისთვის ენდოთ ეს მისია, თუმცა წელს უკვე თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც იგივე წესი განისაზღვრა, რაც საპარლამენტო არჩევნებისთვის არის დადგენილი: პარლამენტში პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ პარტიებს უფლება აქვთ, შესაბამისად, პირველი, მეორე და მესამე საარჩევნო ნომერი აირჩიონ.
მაგალითისთვის: 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ პირველი ადგილი აიღო, ის საარჩევნო სიაში მაშინ 41 ნომერი იყო. საარჩევნო კოდექსი მას უფლებას აძლევს, დაიტოვოს 41 ან მოითხოვოს პირველი ნომერი.
წინა არჩევნებში ამ ნომრით პაატა ბურჭულაძის ბლოკი გამოდიოდა, თუმცა, მან ბარიერი ვერ გადალახა. აქვე გეტყვით, რომ მანამდე ნომერი პირველი ირაკლი ალასანიას ბლოკს ეკუთვნოდა და პირველობისთვის ისინი 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში იბრძოდნენ – წააგეს.
„ქართული ოცნება“ კანონით მინიჭებული პრივილეგიით არ ისარგებლებს – ნომრის შეცვლას ისინი არ აპირებენ, არა იმიტომ რომ ამ ნომრის ქვეშ ალასანიამ არჩევნები წააგო, ბურჭულაძემ კი – არჩევნები და პოლიტიკა ერთად, არამედ იმიტომ, რომ ელექტორატი უკვე მიჩვეულია ამ ნომერს და „პიარშიკების“ განმარტებით, ამ მხრივ, რაიმე სახის ცვლილება, მით უფრო, არჩევნებამდე 34 დღით ადრე, ამომრჩეველს დააბნევს – ბევრმა შეიძლება ვერც დაიმახსოვროს მმართველი პარტიის ახალი ნომერი.
ცვლილებები არც ნაციონალებთან დაკავშირებით იქნებოდა, თუმცა პარლამენტში კოალიცია გაიყო და ახლა არჩევანი ჯერ ნაციონალებმა უნდა გააკეთონ – სწორედ ის არის ძირითადი პარტია, შემდეგ მისმა განაყოფმა ევროპულმა საქართველომ.
ვარაუდობენ, რომ ნაციონალები, რომლებიც საარჩევნო მარათონზე 2003 წლიდან მონაწილეობენ, ნომრის შეცვლას არ მოინდომებენ. როგორც პარტიაში გვითხრეს, მათ ხუთი ნომერი ექნებათ ბუკლეტებზეც და მაისურებზეც. რაც შეეხება ევროპულ საქართველოს, როგორც ხათუნა გოგორიშვილმა განმარტა, პარტიას უფლება აქვს, მეორე ნომერი მოითხოვოს.
მეორე ნომრით წინა არჩევნებში „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა” გამოდიოდა. ტყუილად არ იკითხოთ, ვინ არის ეს პარტია, „გუგლმაც“ კი არაფერი იცის მასზე. თუმცა, ახლა ისინი ამ ნომრის შენარჩუნებას, როგორც თავად აცხადებენ, ყველანაირად შეეცდებიან.
ეს ხმაური უფრო ვაჭრობის მცდელობას ჰგავს, ერთუჯრედიანი პარტიები ფულს სწორედ ასე შოულობენ პოლიტიკაში – ვაჭრობენ: თუ არ გინდათ ხმაური ავტეხოთ, მაშინ გადაიხადეთ. კონკრეტულად ამ შემთხვევაში საქმე როგორ არის, ძნელი სათქმელია, თუმცა „ევროპული საქართველო“ ამ თემაზე არ ივაჭრებს.
სავარაუდოდ, არც „პატრიოტთა ალიანსი“ გააკეთებს არჩევანს და საარჩევნო რიცხვს არ შეცვლის. ამომრჩეველი მას უკვე 8 ნომრით იცნობს და წინ გადმოწევასა და მესამე პოზიციის დაკავებას საარჩევნო ბიულეტენში არ მოინდომებს.
მესამე ნომრით ადრე ნინო ბურჯანაძე გამოდიოდა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ამ თემაზე ინერვიულოს, ახლა მისი თავის ტკივილი საარჩევნო ნომერი ნამდვილად არ არის. მთავარია, საარჩევნო ბარიერია – გადალახავს თუ არა ბურჯანაძე 3%-იან ბარიერს მესამე ნომრით? შანსი ძალიან მცირე აქვს.
ასეა თუ ისე, მთელ ამ ისტორიაში საინტერესო მაინც ის არის, რატომ შევიდა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მაინცდამაინც ახლა, მანამდე ეს წესი მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების დროს მოქმედებდა.