„კუჭის მონა ვარ“ - თაკო ნაცვლიშვილი Victoria’s Secret-ის 15 ახალ მოდელს შორის მოხვდა

12:04 08-21-2017
6517

თაკო ნაცვლიშვილი ჯერჯერობით ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელია, რომელიც საზღვარგარეთ შესანიშნავ კარიერას იწყობს და ისეთი ცნობილი მოდის სახლების ჩვენებებზე გამოდის და ფოტოსესიებში ისეთი ბრენდები იღებენ, როგორიცაა „ემპირიო არმანი“, „დოლჩე და გაბანა“, „ზუჰაირ მურადი“ და სხვა მსოფლიო სახელები.

უკვე ცნობილი ქართველი მოდელი ცნობილი მშობლების – ნინო ცქიტიშვილისა და ვატო ნაცვლიშვილის ქალიშვილი გახლავთ.

სააგენტო „ნექსთის“ მოდელით ცოტა ხნის წინ „ვიქტორია სეკრეტიც“ დაინტერესდა. თაკოს სააგენტომ ქართველი მოდელის მონაცემები, პორტფოლიო გადააგზავნა და თაკო ქასტინგზე დაიბარეს.

„ძალიან ცოტა დრო მქონდა მოსამზადებლად. ერთი თვით ადრე გამაფრთხილეს ასეთი მნიშვნელოვანი ქასტინგის შესახებ. ზოგადად, მოდელებმა სამი თვით ადრე იციან და ემზადებიან ამისთვის. ქასტინგზე ძალიან ბევრი გოგო იყო, უკვე გადარჩეულები 250 გოგოდან. ბევრი ცნობილი მოდელი დარჩა ქასტინგის მიღმა“, – აღნიშნა თაკომ ერთ-ერთ ინტერვიუში. ქართველი მოდელი ასაკის გამო შარშან ქასტინგზე ვერ მოხვდა, მაგრამ ფოტოსესიებისთვის მოიწონეს. წელს თავიდან ცდის ბედს.  

მალე მთელი მსოფლიო ისევ ეკრანს მიუსხდება, რათა Victoria's Secret-ის ყოველწლიური გრანდიოზული შოუ იხილოს. ახალი ჩვენებისთვის მომზადება უკვე დაიწყო. ნიუ-იორკში ქასტინგებმა სტარტი აიღო: ბრენდის ოფისს მსოფლიოს ის ყველაზე ლამაზი გოგონები სტუმრობენ, რომლებსაც პოდიუმზე ალესანდრა ამბროსიოსთან, ადრიანა ლიმასთან და დებ ჰადიდებთან სურთ გამოსვლა. სანამ მოდელებს სექსუალური თეთრეულითა და ფრთებით ვიხილავთ, მანამდე ფოტოგრაფების ობიექტივში ქუჩის სტილით და მაკიაჟის გარეშე ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ ამჯერად „ვიქტორია სეკრეტის“ ჟიურის წინაშე ქართველი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილიც წარდგა. უცხოური მოდის ინსტაგრამ გვერდებზე თაკოს ფოტოს დიდი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. თუ ვის შეარჩევს ბრენდი შოუსთვის, 20 აგვისტოს გახდება ცნობილი.

თუ გავითვალისწინებთ „ვიქტორია სეკრეტის“ მოდელების პარამეტრებსა და ფორმებს, თაკოს ბევრი ვარჯიში მოუწევს. ამისთვის მოდელი, როგორც თავად ამბობს, ენერგიას არ იშურებს.

„ახლა 181 სმ და 55 კილოგრამი ვარ. გურმანი გახლავართ, ვგიჟდები ჭამაზე. სულ ჭამაზე მეფიქრება. რომ ვიძინებ, ერთი სული მაქვს, გავიღვიძო, რომ ვჭამო. კუჭის მონა ვარ. დიეტებს დედა მირჩევს. ყველაზე ეფექტური დიეტა მაინც ყავის, თაფლისა და კონიაკის კომბინაციაა. სამი დღის განმავლობაში სამ კილოგრამს იკლებ. ამ დღეების განმავლობაში მხოლოდ ჩაი შეგიძლია მიიღო“, – აღნიშნა თაკომ ეკა ხოფერიას ტოქშოუში. 

„15 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ჰონკონგში წავედი. ერთი კვირით წამომყვა დედა და  შემდეგ 4 თვით დავრჩი მარტო. ამას მოჰყვა პარიზის ვიზიტი. გამოვედი პარიზის მოდის კვირეულზე“, – ყვება თაკო ერთ-ერთ გადაცემაში.

ქართველი მოდელის კარიერაში, მიუხედავად ასაკისა, უკვე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ჩვენება და ფოტოსესია ირიცხება. მათ შორისაა: ვერსაჩეს ჩვენება, სადაც პატარა მოდელმა თვით დონატელა ვერსაჩე გაიცნო. მანამდე იყო ჟივანშის ჩვენება. არმანის ჩვენებაზე უკვე შვიდჯერ მიიღო მონაწილეობა. 

 

თაკომ თავისი საიტიც აამოქმედა, სადაც დაინტერესებულ მკითხველს სილამაზის რჩევებსაც უზიარებს. ერთ-ერთი ასეთი რჩევა ახლახან გააზიარა, თაკო წერს: „გაგიმხელთ ჩემს პატარა საიდუმლოს, როგორ დაწვათ ცხიმი და ზედმეტი კალორია.

ბევრი ადამიანი მეკითხება, როგორ ვინარჩუნებ ფორმას. პირველი მიზეზი გენეტიკაა, დედაჩემიც მუდმივად ფორმაშია, მეორე – ფიზიკური დატვირთვა, ყოველდღიურად 5 კილომეტრს გავდივარ ფეხით, გარდა ამისა, ვსვამ 3-4 ლიტრს წყალს.

მაგრამ დღეს დიეტებსა და ფიზიკურ დატვირთვაზე კი არ ვილაპარაკებ, გაგიმხელთ ჩემს პატარა საიდუმლოს იმის შესახებ, როგორ უნდა დაწვათ ცხიმი და კალორიები. თუკი შევამჩნიე, რომ 1-2 კილო მაქვს მომატებული, ამ რეცეპტს ვიყენებ, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ თვეში ერთი კვირა, რადგან შესაძლოა, კუჭზე პრობლემები შეგიქმნათ, მაგალითად, გამოიწვიოს გასტრიტი.

ჩემი რეცეპტისთვის კი დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

1. ნახევარი ლიმონი

2. მწვანე ჩაი, უმჯობესია არა პაკეტის

3. ერთი გრეიფრუტი

კარგი იქნება, თუკი ამ რეცეპტს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ გამოიყენებთ, მანამდე თქვენი ბოლო ჭამიდან ორი საათი მაინც იყოს გასული. საღამოს ერთი გრეიფრუტი მიიღეთ, ნახევარი საათის შემდეგ დალიეთ მწვანე ჩაი, რომელშიც წინასწარ ნახევარ ლიმონს ჩაწურავთ. ეს სინთეზი ცხიმის დაწვას ადვილად უმკლავდება“, – აღნიშნავს მოდელი.

თაკო ნაცვლიშვილის ოცნებაა, „ვოგის“ გარეკანზე მოხვდეს.

ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ქართველ მოდელს და ვიმედოვნებთ, რომ მის შესახებ არაერთ წარმატებაზე გიამბობთ კიდევ.

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი