„ცენტრ პოინტის“ შეჩერებული მშენებლობები, შესაძლოა, სამშენებლო კომპანია m2-მა დაასრულოს. გურამ რჩეულიშვილმა "პირველ არხს" დაუდასტურა, რომ ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს სწორედ m2-ია.
მისი თქმით, „ცენტრ პოინტმა" რამდენიმე მსხვილ სამშენებლო კომპანიას მიმართა, რომელთაგან დაინტერესება m2-მა გამოთქვა. როგორც რჩეულიშვილი ამბობს, ამჟამად კომპანია მოკვლევას აწარმოებს.
„დაახლოებით 1 თვის წინ m2 დაინტერესდა. "ცენტრ პოინტის" აქტივები კომერციულად ნამდვილად არის საინტერესო. საჭიროა ისეთი კომპანია, რომელსაც გააჩნია მსხვილი ფინანსები. იყო რამდენიმე კომპანია, მათ შორის უკრაინულიც.
ამჟამად გეტყვით, რომ m2-მა გამოთქვა ინტერესი, განაგრძოს მშენებლობები. ახლა სწავლობენ იურიდიულ და ფინანსურ დეტალებს. თუკი შევთანხმდით, ჩვენ ჩვენი მოთხოვნებიც გვაქვს - შესრულდეს ნაკისრი ვალდებულებები და, ბუნებრივია, შედგეს საპროცესო შეთანხმება.
გვაქვს სურვილი, რომ მშენებლობები სწორედ ამ კომპანიამ განაგრძოს“ - განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.