ამჟამად ყველაზე საყურადღებო კერა წაღვერის თავზეა, სადაც, ცეცხლის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს მძიმე ტექნიკა, სახანძრო და სატვირთო მანქანები და ცოცხალი ძალა - „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ცეცხლი არ გადავიდეს ტყის გადარჩენილ მასივზე, ყველაზე მიუდგომელ ადგილებში, თორემ დიდი პრობლემები შეგვექმნება“ - აღნიშნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლირებადია იმ კუთხით, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
"სამაშველო ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ. დილით ჩატარდება შემაჯამებელი თათბირი სადაც დაისახება სამოქმედო გეგმა, რომელსაც ასევე გაგაცნობთ ოპერატიულად", - განაცხადა ალავიძემ და მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, მეხანძრეს და მაშველს, განსაკუთრებით ხულოს მეხანძრეთა ბრიგადის წევრებს, რომლებიც ყველაზე რთულ მონაკვეთზე მუშაობენ.
რაც შეეხება დივერსიას, მინისტრს მიაჩნია, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ჯერ შესაბამისმა სამსახურმა უნდა გამოიძიოს საქმე.