პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ბორჯომში შექმნილი ვითარების გამო გაუქმდა

12:41 08-24-2017
117

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის, პრემიერმინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი მიღება დღეს პრეზიდენტის სასახლეში აღარ გაიმართება.
 
როგორც "პრაიმტაიმს" პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, საზეიმო მიღებაზე დასასწრები მოსაწვევები უკვე დარიგებული იყო და ღონისძიებაზე 2 000-მდე სტუმარი იყო მოწვეული.

"კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება პრეზიდენტის სასახლეში ამ წელში საერთოდ აღარ გაიმართება, თუმცა არ გაუქმებულა სხვა ღონისძიებები", - განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ძალაში რჩება კონსტიტუციის დღისადმი დაგეგმილი ღონისძიებები რეგიონებში: საფეხბურთო ტურნირი შიდა ქართლში, ძიუდოს ტურნირი პანკისის ხეობაში და ჭადრაკის ტურნირი თელავში, ასევე კონსტიტუციის ქუჩაზე ახალგაზრდების ინიციატივით დაგეგმილი ღონისძიებაც თბილისში, რომელიც საღამოს 18:00 საათიდან ჩატარდება.

1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფოს უზენაესი კანონი - კონსტიტუცია - მიიღო, რასთან დაკავშირებითაც, პრეზიდენტის სასახლეში ყოველწლიურ ტრადიციად იქცა კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი მიღება.

 

 

ავტორი: ლილუ მიროტაძე